პრემიერლიგა. XXXII ტურის წინ: "ენფილდზე" "დორტმუნდზე" ფიქრობენ და "ტოტენჰემს" ეთამაშებიან

AutoSharing Option
"ლივერპული"-"ტოტენჰემი" ტურის ცენტრალური მატჩია. სატურნირო მნიშვნელობით ეს შეხვედრა "დეზებისთვის" გაცილებით მნიშვნელოვანია და მაურისიო პოჩეტინოს ნერვებზე თამაში სწორედ აქედან იწყება, მის გუნდს ძალიან რთული კალენდარი აქვს.

"ენფილდის" ბინადრებს კი მთელი ყურადღება ახლა ევროპალიგაზე და "დორტმუნდთან" მომავალ დაპირისპირებაზე ექნებათ გადატანილი, მაგრამ იურგენ კლოპი ყოფილ კლუბთან პრინციპულ და მნიშვნელოვან შეხვედრამდე "ტოტენჰემთანაც" შეეცდება კარგი თამაშის ჩვენებას და ბიჭების ხასიათზე მოყვანას.

თუ "ტოტენჰემი" ქულებს დაკარგავს, ხოლო "ლესტერი" მოიგებს... სანახევროდ შეგვეძლება, "მელიები" ჩემპიონებად შევრაცხოთ და კლაუდიო რანიერის ტრიუმფი მივულოცოთ. თუმცა ამისთვის თავად ლესტერშირელებმაც უნდა იმარჯვონ. არადა,
მათ "საუთჰემპტონის" სახით სერიოზული მეტოქე ჰყავთ. რონალდ კუმანის გუნდი ისევ ფორმაში შევიდა.

სხვათა შორის, "წმინდანები" ჩემპიონთა ლიგის ზონას ოდენ 4 ქულით ჩამორჩებიან. მოკლედ, "კინგ პოუერზე" საინტერესო ბრძოლა იქნება. ვნახოთ, რას იზამს ჯეიმი ვარდი, რომელიც ბომბარდირთა დავაში ჰარი კეინს ჩამორჩა, მაგრამ სანაკრებო პაუზის დროს ინგლისელთა ორივე შეხვედრაში გამოიჩინა თავი და შესანიშნავ გუნება-განწყობაზეა.

სანაკრებო მატჩში გოლი ნგოლო კანტემაც გაიტანა. რიად მაჰრეზი, დენი დრინკვოტერი (რომელსაც როი ჰოჯსონმა დებიუტი აჩუქა) და სხვებიც არ გვავიწყდება.

ჩემპიონობაზე "არსენალიც" ფიქრობს
გულის სიღმეში ჩემპიონობის იმედი ჯერ, ალბათ, არც "არსენალის" ფანებს დაუკარგავთ. "მეთოფეები" საკუთარ მოედანზე "უოტფორდს" უნდა გაუმკლავდნენ ანუ კლუბს, რომელთანაც ასოციაციის თასზე დამარცხდნენ. ერთიცაა, კიკე სანჩეს ფლორესის ბიჭები მეორე წრეში არც ისე დამაჯერებლად გამოიყურებიან და ეს არსენ ვენგერს ამოცანას, წესით, უნდა უადვილდებოდეს.

"სიტი", რომელსაც კევინ დე ბრუინი, სამირ ნასრი და ფაბიან დელფი დაუბრუნდნენ, "ბორნმუთს" სტუმრობს. სამაგიეროდ, სხვა ფეხბურთელები რჩებან ლაზარეთში და მანუელ პელეგრინის გუნდი ბოლო დროს ისე მძიმედ გამოიყურებოდა, რომ "ალუბლების" წინააღმეგაც უნდა გაუჭირდეს.

არასტაბილური, "ევერტონი" შეეცდება "ოლდ ტრაფორდზე" მაინც გამოავლინოს პოტენციალი და "მანჩესტერ იუნაიტედს" გაუფუჭოს საქმე. "წითელმა ეშმაკებმა" დერბის მოგებით დიდი ფსიქოლოგიური მუხტი მიიღეს და ცხრილშიც შედარებით გამოისწორეს მდგომარეობა, მაგრამ თუ გუნდმა კიდევ ერთი-ორი შეხვედრა ჩააგდო, ახალ შანსს ვეღარ მიიღებს.

ლონდონური დერბი
ჩემპიონთა ლიგის საგზურის კიდევ ერთი მაძიებელი "ვესტ ჰემი" "კრისტალ პალასს" მასპინძლობს, რომელსაც 13 ტურია, არ მოუგია. "არწივები" ჯერ ისევ მშვიდად არიან, რადგან გასავარდნ ზონას საკმარისად უსწრებენ, მაგრამ თუ ასე გააგრძელეს, სიტუაცია აუცილებლად დაიძაბება.

"ჩაქუჩებმა" კი "ტალღა დაიჭირეს" და სლავენ ბილიჩის შემართული გუნდი "ბოლეინ გრაუნდზე" მორიგ 3 ქულას დაუმიზნებს.

გუს ჰიდინკი თავის სარეკორდო და წაუგებელ მსვლელობას გააგრძელებს "ჩელსისთან" ერთად, რადგან "ლურჯების" მეტოქე დაშლილი და დეგრადირებული "ასტონ ვილაა". ბირმინგემელებს რემი გარდიც გაექცათ, ფრანგმა ჩასაძირად განწირული ხომალდიდან გაქუსლა.

6-ქულიანი მატჩია "ნორვიჩსა" და "ნიუკასლს" შორის. "იადონებმა" წინა ტურში "ვესტ ბრომვიჩთან" აიღეს უძვირფასესი საგარეო 3 ქულა და "კაჭკაჭებს" სამით გაასწრეს. თუ "ნიუკასლმა" ეს თამაში წააგო, ცალი ფეხი ჩემპიონშიპში ექნება.

რაფაელ ბენიტესის მდგომარეობა მას მერე კიდევ უფრო დამძიმდა, რაც ირლანდიელმა მეკარემ რობ ელიოტმა ტრავმა მიიღო და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.

შაბათი. 2 აპრილი
ასტონ ვილა-ჩელსი 15:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გრილიში, კოზაკი, ამავი - აზარი, ფალკაო, დიეგო კოსტა, ზუმა
ბოლო 6 მატჩი
+0 =0 -6 +3 =3 -0
ურთიერთშეხვედრები
სულ 137 თამაში: +51 =32 -54 (202-210)

ვესტ ჰემი-კრ. პალასი 18:00
დისკვალიფიკა: არავინ
ტრავმა: - აპია, ვიქჰემი, მაკარტური
ბოლო 6 მატჩი
+3 =2 -1 +0 =2 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 თამაში: +9 =5 -5 (32-20)

ბორნმუთი-სიტი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სტანისლასი, მინგსი - ოტამენდი, კომპანი, ნასრი
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +1 =1 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 თამაში: +0 =0 -1 (1-5)

ნორვიჩი-ნიუკასლი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბენეტი, უისდომი, ტეტი - ტიოტე, დამეტი, კოლოჩინი, მბაბუ, აიდარა, კრული, ელიოტი
ბოლო 6 მატჩი
+1 =2 -3 +1 =1 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +8 =9 -14 (37-55)

სტოკი-სუონსი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პიტერსი, ჯონსონი, უილსონი - ა. აიუ
ბოლო 6 მატჩი
+4 =1 -1 +3 =0 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +5 =3 -5 (18-19)

არსენალი-უოტფორდი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფლამინი, კასორლა, რემზი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ჯენკინსონი - ეკსტრანდი, ჯილმარტინი
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +1 =1 -4
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +8 =1 -8 (27-27)

სანდერლენდი-ვესტ ბრომვიჩი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ებუე, უოტმორი - მაკმანამანი, მორისონი, ბრანტი
ბოლო 6 მატჩი
+1 =4 -1 +3 =1 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 123 თამაში: +47 =30 -46 (222-193)

ლივერპული-ტოტენჰემი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ალბერტო მორენო, როსიტერი, ლუკასი, გომესი, ინგსი - დეივისი, ნ’ჟიე, ბენთალები
ბოლო 6 მატჩი
+1 =0 -5 +1 =3 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 145 თამაში: +68 =36 -41 (234-164)

კვირა. 3 აპრილი
ლესტერი-საუთჰემპტონი 16:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კინგი - გარდოში
ბოლო 6 მატჩი
+4 =1 -1 +3 =1 -2
ურთიერთშეხვედრები
სულ 41 თამაში: +12 =14 -15 (60-66)

მანჩესტერი-ევერტონი 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რუნი, ერერა, კინი, ლავი, ჯონსი, შოუ - ოვიედო, ბრაუნინგი, გიბსონი, ბერი, ჰიბერტი
ბოლო 6 მატჩი
+3 =1 -2 +3 =0 -3
ურთიერთშეხვედრები
სულ 189 თამაში: +82 =41 -66 (278-267)

ბომბარდირები: 21 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 19 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 18 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 16 - სერხიო აგუერო (სიტი), რიად მაჰრეზი (ლესტერი); 14 - ოდიონ იგალო (უოტფორდი); 12 - ოლივიე ჟირუ (არსენალი), ჯერმინ დეფო (სანდერლენდი); 11 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 10 - მარკო არნაუტოვიჩი (სტოკი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული