არსენ ვენგერი და ახალგაზრდები - ვენგერი ალექს აივობის აწინაურებს

AutoSharing Option
* კლუბი 19 წლის ალექს აივობის ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს სთავაზობს.

* მატიო ფლამინი კარიერას ამერიკაში გააგრძელებს.

* კლუბი "რეინჯერსის" იჯარიდან უკან დაიბრუნებს 19 წლის გედიონ ზელალემს.

* "მეთოფეებს" გრანიტ ჯაკა 35 მილიონი გირვანქა დაუჯდებათ.

* ჯეკ უილშირი ლონდონის ღამის ბარში ჩხუბისას გამოიჭირეს.

19 წლის ნიგერიელმა თავდამსხმელმა ალექს აივობიმ ბოლო ორ ტურში გოლის გატანა შეძლო და არსენ ვენგერი მას ნელ-ნელა აწინაურებს.

კარგი თამაში აივობის ჯამაგირზეც აისახება, რადგან ინგლისური პრესა იწერება, რომ კლუბმა ნორჩი ფორვარდისთვის უკვე გაამზადა ახალი კონტრაქტი და აივობის ხელფასი
კვირაში 30 ათასი გირვანქა იქნება, ხოლო "არსენალის" საკუთრებაში, ახალი შეთანხმების მიხედვით, ის 2021 წლამდე დარჩება. ამით "მეთოფეები" აივობის პოტენციურ მსურველებსაც დააფრთხობენ.

"ძალიან კმაყოფილი ვარ ალექს აივობის თამაშით და ის მართლაც დიდი ტალანტია. თუმცა უფრო მისი მიდგომა მახარებს, სურს, რომ ისწავლოს, გამოცდილება მიიღოს და გუნდურად იმოქმედოს" - განაცხადა არსენ ვენგერმა.

აქვე ვთქვათ, რომ მატიო ფლამინი, სავარაუდოდ, დატოვებს "არსენალს". ფრანგი საყრდენი ნახევარმცველი ბოლოს და ბოლოს დაიღალა არასაკმარისი სათამაშო დროით. მას სარფიანი შემოთავაზება ჰქონია ერთ-ერთი ამერიკული კლუბისგან.

"ემირატების" ბინადრებზე საუბარი გრანიტ ჯაკათი გავაგრძელოთ, რომელიც ლამისაა "მეთოფეების" მთავარ სამიზნედ იქცეს. "გლადბახის" 23 წლის შუახაზელს დიდი ხანია, სხვებიც უტრიალებენ და ლონდონელებს დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევთ, რომ იგი ხელში ჩაიგდონ.

ეს სიამოვნება არსენ ვენგერს შესაძლოა, 35 მილიონი გირვანქა დაუჯდეს. ცოტა ხნის წინათ ისიც დაიწერა, რომ მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულიაო, მაგრამ ეს ინფორმაცია მოგვიანებით თავად ფეხბურთელმა უარყო.

ამასობაში, მუსიე არსენი აპირებს 19 წლის გედიონ ზელალემი გამოიხმოს, რომელიც იჯარის წესით გლაზგოს "რეინჯერსში" ჰყავს გაშვებული. ახალგაზრდა ფეხბურთელი შოტლანდიურ გრანდს უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაში ეხმარება და "რეინჯერსიდან" ვალმოხდილ ჯარისკაცად დაბრუნდება და ისევ "მეთოფეთა" აბჯარს აისხამს.

მოუსვენარი ჯეკ უილშირი კი კიდევ ერთ შარში გაეხვა. დადასტურდა, რომ იგი ქუჩაში მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა და სანამ "არსენალისა" თუ ინგლისის ნაკრების ფანები ნერვიულობენ და მის სრულად მომჯობინებას ელიან, შარიანი ჯეკი ხელ-ფეხს იქნევდა და მუშტი-კრივში მონაწილეობდა.

ინციდენტი ლონდონის ერთ-ერთ ღამის კლუბთან კვირას, ღამის 2 საათზე მოხდა. მეორე დღეს 24 წლის უილშირი "არსენალის" უფროსობამ დაიბარა და ნოტაცია წაუკითხა. თუმცა ეს პირველად არ ხდება და ვინ იცის, ისწავლის თუ არა ჭირვეული ხასიათის მქონე ფეხბურთელი ჭკუას.

ღამის კლუბებისა და კაფე-ბარების უზომო სიყვარულში უილშირი დიდი ხანია, შემჩნეულია, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ხშირად ის ზღვარს გადადის და ახლა უკვე ჩხუბებშიც დაიწყო მონაწილეობა. ამ ინციდენტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. როგორც იცით, ჯეკმა ფეხი აგვისტოში მოიტეხა, ახლა კი მწყობრში ჩადგომასთან ძალიან ახლოსაა, თუ საკუთარ თავს რამეს არ აუტეხავს.

უილშირი მსუბუქი დატვირთვით უკვე ვარჯიშობს, უახლოეს 3-4 კვირაში თამაშიც უნდა შეძლოს და დანარჩენი უკვე როი ჰოჯსონის თავსატეხია, რომელიც ინგლისის ფანების დიდი ნაწილისა არ იყოს, კარგი თვალით უყურებს ამ ნიჭიერ ფეხბურთელს და სურს, რომ საფრანგეთში თან იახლოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული