პრემიერლიგა. XXXIV ტური: გაწითლებული ვარდი [VIDEO]

AutoSharing Option
* "მანჩესტერთან" მარცხის მერე "ასტონ ვილა" პრემიერლიგიდან გავარდა.

* ჯეიმი ვარდის უცენზურო სიტყვებისთვის შესაძლოა, ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია მისცენ.

* "ბილდის" ცნობით, ჟოზე მოურინიომ უკვე გააფორმა კონტრაქტი "მანჩესტერთან".

გადარჩენისთვის ბრძოლა მაქსიმალურად დაიძაბა. ტაინ-უირის წარმომადგენლებმა, "სანდერლენდმა" და "ნიუკასლმა" თავიანთი ბოლო შანსი გამოიყენეს და დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვეს, ერთნაირი ანგარიშით - 3:0.

"სანდერლენდმა" გასვლაზე "ნორვიჩი" დაამარცხა. ეს ექვსქულიანი მატჩი იყო და იდეაში, მასპინძლებს ქულაც დააკმაყოფილებდათ, მაგრამ "იადონებმა" ვერაფერი გაახერხეს. "შავი კატების" რიგებში კი თავი ფაბიო ბორინიმაც გამოიჩინა, ჯერმინ დეფომაც და ახლად მომჯობინებულმა დანკან უოტმორმაც. არადა,
სულ "სანდერლენდის" თავდამსხმელების პასიურობასა და გოლების ნაკლებობაზე გვიწევს ხოლმე წერა.

"ნიუკასლი" შინ ფორმაში მყოფ, მაგრამ უმოტივაციო "სუონსის" მასპინძლობდა და უელსელებს ეს უმოტივაციობა დაეტყოთ, რის გამოც ჯორდებმა ადვილად იმარჯვეს. თუმცა მათ ამაში პირველი ტაიმის მიწურულს გატანილიც დაეხმარათ. ამის მერე "კაჭკაჭებს" თავიანთი შანსი ხელიდან აღარ გაუშვიათ, "თეთრ გედებს" კი ბრძოლით თავი აღარ მოუკლავთ.

უკვე რა ხანია დავეჩვიეთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩებში მთავარი კაცი ნორჩი მარკუს რაშფორდია. ის და დავიდ დე ხეა რომ არ იყვნენ, "წითელი ეშმაკები" ახლა, სულ ცოტა, შვიდეულს მიღმა იქნებოდნენ. სწორედ რაშფორდის მორიგი კინკილა გოლით მოუგო ლუი ვან გაალმა ბოლოადგილოსან "ასტონ ვილას", რომლის გავარდნაც გაოფიციალურდა და ნახევარი ბირმინგემისთვის ეს ძალიან სევდიანი დღე გახლდათ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ორი გაფუჭებული პენალტი
"ვესტ ბრომვიჩისა" და "უოტფორდის" მატჩი სატურნირო კუთხით არაფერს აღარ წყვეტდა, მაგრამ მაინც საინტერესო და დრამატული გამოვიდა. კიკე სანჩეს ფლორესის გუნდმა ტაიმი ბენ უოტსონის გოლით მოიგო, მეორე ნახევარში კი "ალბიონის" ვარსკვლავმა საიდო ბერაჰინომ ერთბაშად ორი პენალტი გააფუჭა, მას ორივეჯერ ეურელიო გომესმა აუღო. იგი ისედაც არ არის კარგ ფორმაში და ხასიათზე, ამ უიღბლობამ კი შესაძლოა, უფრო გატეხოს ფსიქოლოგიურად.

"ევერტონისთვის" "საუთჰემპტონთან" საშინაო მატჩი აღარაფერს წყვეტდა, მაგრამ "კანფეტები" ამ სეზონში ისედაც ძალიან ცუდად თამაშობენ "გუდისონ პარკზე" და ფანების უკმაყოფილებაც დიდია. ამიტომაც მერსისაიდელებმა მოსაგებად ითამაშეს და რამირო ფუნეს მორის გოლით იგებდნენ კიდეც, მაგრამ სადიო მანემ "საუთჰემპტონს" ქულა მოუტანა. მეტი "წმინდანებმა" ვეღარ გააკეთეს.

კუნი ბომბარდირობისთვის
ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრაში "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსიმ" სერიოზული წინააღმდეგობა ვერ გაუწია "სიტის". ლონდონელებისთვის მატჩს სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა არ ჰქონდა და ეს მაინც იგრძნობოდა. მას მერე, რაც მათ პირველი გოლი გაუშვეს, თამაშში დაბრუნება ვეღარც შეძლეს.

"ქალაქელების" მხრიდან კი საუკეთესოები სერხიო აგუერო და კევინ დე ბრუინი იყვნენ. ბელგიელი ყოფილ კლუბს უპირისპირდებოდა და მშვენივრად უძღვებოდა მანჩესტერელთა თამაშს. არგენტინელმა კი ჰეთ თრიკი შეასრულა და უკვე 21 გოლი აქვს გატანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ კუნი ბომბარდირობისთვის ბრძოლას აგრძელებს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ავი ძაღლი და მელიები
არანაკლებ საინტერესო და სატურნიროდ უფრო მნიშვნელოვანიც კი იყო "ლესტერისა" და "ვესტ ჰემის" პაექრობა. "ჩაქუჩები" ავი ძაღლივით გამოვიდნენ და "მელიებს" ქულები დააკარგვინეს, ვერც თავად იმარჯვეს და ზედიზედ მეოთხე ფრე ითამაშეს, ისევ იგებდნენ და ისევ ბოლოს გაუშვეს. არადა, თავიდან "ლესტერი" ჯეიმი ვარდიმ დააწინაურა და დიდი ხანი ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ მსაჯი ჯონათან მოსი ყველაფერს არ აურ-დაურევდა.

მან ვარდის პირველი ყვითელიც ძალიან საკამათო სიტუაციაში უჩვენა, მეორე კი სიმულაციისთვის ამოუღო და გასაძევებლად გაწირა. ვარდიმ ვარდნა შეიძლება გააფორმა, მაგრამ მეტოქე მას აშკარად შეეხო და ამას სიმულაცია არ ერქვა. შემდეგ მოსმა "ლესტერის" კარში ასევე ძალიან საკამათო პენალტი დანიშნა. "ჩაქუჩებმა" თერთმეტმეტრიანიც გაიტანეს და მალევე ერთი ბურთიც ზემოდან დაამატეს, მაგრამ მატჩის მიწურულს მოსმა უკვე "ვესტ ჰემის" კარში მოიგონა პენალტი და 2:2.

აი, ასეთი უცნაური თამაში იყო "კინგ პაუერზე". "ლესტერი" ვარდის გაძევებას აუცილებლად გაასაჩივრებს. იქამდე კი "ტოტენჰემს" სხვაობის შემცირების შანსი აქვს, თუ დღეს "სტოკთან" იმარჯვებს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ვენგერის კრიზისი
ვთქვათ ისიც, რომ უმოტივაციო "ბორნმუთმა" ძალიან გაახალგაზრდავებული და გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე "ლივერპულთან" წააგო. იურგენ კლოპმა უელსელი მეკარე დანიელ უორდიც გამოსცადა, რომელმაც კარგი მატჩი ჩაატარა. ასევე, დანიელ სტარიჯი და ოლუვასეი ოჯო უნდა გამოვარჩიოთ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"არსენალმა" კი მესამე ადგილი დაკარგა. "მეთოფეები" ძალიან მძიმე თამაშით აპირებდნენ ფრთაშესხმული "არწივების" დამარცხებას და "კრისტალ პალასმა" მეტოქეს ეს არ დაანება, მარტო ბევრი არასახიფათო დარტყმა და 72%-იანი ბურთის ფლობა საკმარისი არ არის. "პალასის" ლიდერმა იანიკ ბოლაზიმ ძალიან შორიდან გაუტანა პეტრ ჩეხს და ალექსის სანჩესის გოლი გაქვითა. არსენ ვენგერი ფრთხილად უნდა იყოს, ემანდ ოთხეული საკითხავი არ გაუხდეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XXXIV ტური
16 აპრილი
ნორვიჩი-სანდერლენდი 0:3
გოლები: 0:1 ბორინი (41-პენ.), 0:2 დეფო (53), 0:3 უოტმორი (90+1)
ნორვიჩი (4-4-2-1): რადი - უიზდომი, ბენეტი, ბასონგი, ოლსონი - ჯერვისი (59. ჰულაჰანი), ო’ნილი, ჰოუსონი, ბრეიდი (46. რედმონდი) - ნეისმიტი (74. ჯერომი) - მბოკანი
სანდერლენდი (4-1-4-1): მანონე - იედლინი, კონე, ქაბული, ვან ანოლტი - კირხჰოფი (85. ო’ში) - ხაზრი (46. უოტმორი), მ’ვილა (67. ლარსონი), კატერმოლი, ბორინი - დეფო
გაფრთხილება: უიზდომი, მარტინ ოლსონი - ხაზრი, კატერმოლი
კუთხური: 14-0 ჯარიმა: 7-11 თამაშგარე: 3-5 კარში დარტყმა: 18(5)-8(3) ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 27 117

ვესტ ბრომვიჩი-უოტფორდი 0:1
გოლი: 0:1 უოტსონი (27)
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი - დოუსონი, მაკკოლი, ევანსი, ჩესტერი (68. მაკმანამანი) - სესენიონი, ფლეტჩერი, იაკობი (75. გარდნერი), მაკლინი - რონდონი (68. ანიჩებე), ბერაჰინო
უოტფორდი (4-4-2): გომესი - ნიომი, პრიოდლი, ბრიტოსი, აკე - გედიურა (66. სურაესი), კაპუ, უოტსონი, ხურადო (90+1. ბეჰრამი) - იგალო, დინი
შენიშვნა: ბერაჰინომ ვერ გაიტანა პენალტები (67, 87)
გაფრთხილება: - ბრიტოსი, გომესი, დინი
კუთხური: 9-3 ჯარიმა: 11-17 თამაშგარე: 1-0 კარში დარტყმა: 16(4)-11(4) ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 25 515

ნიუკასლი-სუონსი 3:0
გოლები: 1:0 ლასკელსი (40), 2:0 სისოკო (82), 3:0 თაუნსენდი (89)
ნიუკასლი (4-2-3-1): დერლოუ - ანიტა, მბემბა, ლასკელსი, დამეტი - კოლბეკი, ტიოტე (66. შელვი) - ვეინალდუმი (73. პერესი), სისოკო, თაუნსენდი - სისე (80. მიტროვიჩი)
სუონსი (4-4-1-1): ფაბიანსკი - რანხელი, ფერნანდესი, უილიამსი, ტეილორი - კორკი, ფერი (57. ბეროუ) - ა. აიუ (71. გომისი), სიგურდსონი, მონტერო - პალოსკი (84. რუტლეჯი)
გაფრთხილება: მბემბა, ანიტა - ფერი
კუთხური: 3-7 ჯარიმა: 13-9 თამაშგარე: 4-0 კარში დარტყმა: 12(7)-11(1) ბურთის ფლობა: 34%-66%
მაყურებელი: 48 949

მანჩესტერი-ასტონ ვილა 1:0
გოლი: 1:0 რაშფორდი (32)
მანჩესტერი (4-1-4-1): დე ხეა - ვალენსია, სმოლინგი, ბლინდი, როხო - შნეიდერლენი - მატა (90. ფოსუ-მენსა), ფელაინი, რუნი (67. ლინგარდი), დეპაი - რაშფორდი (76. მარსიალი)
ასტონ ვილა (4-2-3-1): გუზანი - ჰატონი, ლესკოტი, კლარკი, სისოხო - ბაკუნა, ვესტვუდი - რიჩარდსონი (82. ჟესტედი), სინკლერი, გეიე - ჯ. აიუ
გაფრთხილება: - რიჩარდსონი
კუთხური: 14-3 ჯარიმა: 9-10 თამაშგარე: 4-0 კარში დარტყმა: 13(4)-7(1) ბურთის ფლობა: 66%-34%
მაყურებელი: 75 411

ევერტონი-საუთჰემპტონი 1:1
გოლები: 0:1 მაკარტი (45+1), 1:1 ჰოლებასი (45+3)
ევერტონი (4-3-3): რობლესი - კოულმენი (54. კონოლი), სტოუნსი, ფუნეს მორი, ოვიედო - გიბსონი (83. დეივისი), ბეშიჩი, ოსმანი - დეულოფეუ (64. ბარკლი), მირალასი, კონე
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფორსტერი - მარტინა, ფონტე (38. იოშიდა), ვან დეიკი, ბერტრანი - ვანიამა (72. ვანიამა), კლასი - ტადიჩი, ლონგი, მანე - პელე (64. დევისი)
გაფრთხილება: გიბსონი - როდრიგესი
კუთხური: 3-10 ჯარიმა: 8-14 თამაშგარე: 0-3 კარში დარტყმა: 7(2)-18(4) ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 36 761

ჩელსი-სიტი 0:3
გოლები: 0:1 აგუერო (33), 0:2 აგუერო (54), 0:3 აგუერო (80-პენ.)
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა - ასპილიკუეტა, კეჰილი, ივანოვიჩი, ბაბა - ფაბრეგასი, მიკელი (80. ბეგოვიჩი) - პედრო (70. კენედი), ვილიანი (70. ტრაორე), ლოფტუს-ჩიკი - დიეგო კოსტა
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - საბალეტა (67. სანია), ოტამენდი, მანგალა, კოლაროვი - ფერნანდინიო, იაია ტურე - ნავასი, ნასრი (75. დელფი), დე ბრუინი - აგუერო (85. იჰეანაჩო)
გაფრთხილება: ასპილიკუეტა, მიკელი - საბალეტა, ოტამენდი, ნასრი
გაძევება: კურტუა (78)
კუთხური: 11-3 ჯარიმა: 12-15 თამაშგარე: 5-1 კარში დარტყმა: 11(4)-11(8) ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 41 212

17 აპრილი
ლესტერი-ვესტ ჰემი 2:2
გოლები: 1:0 ვარდი (18), 1:1 კეროლი (84-პენ,), 1:2 კრისუელი (86), 2:2 ულოა (90+5)
საუთჰემპტონი (4-4-2): შმეიხელი - სიმპსონი, მორგანი, ჰუთი, ფუხსი - ოლბრაიტონი (54. შლუპი), მაჰრეზი (78. ამარტეი), დრინკვოტერი, კანტე - ვარდი, ოკაზაკი (59. ულოა)
ნიუკასლი (4-3-3): ადრიანი - ანტონიო, რიდი, ოგბონა, კრისუელი - კუაიტე, ობიანგი (46. კეროლი), ნოუბლი (63. ლანსინი) - მოზესი (72. ვალენსია), პაიე, ემენიკე
გაფრთხილება: ვარდი, ვარდი, მორგანი - რიდი, ნოუბლი, პაიე
გაძევება: ვარდი (56)
კუთხური: 0-5 ჯარიმა: 14-14 თამაშგარე: 2-0 კარში დარტყმა: 6(2)-19(4) ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 32 104

ბორნმუთი-ლივერპული 1:2
გოლები: 0:1 ფირმინო (41), 0:2 სტარიჯი (45+2), 1:2 კინგი (90+3)
ბორნმუთი (4-4-2): ბორუცი - ფრენსისი, ელფიკი, კუკი, დენიელსი - რიტჩი, გოსლინგი, სურმენი, სტანისლასი - გრადელი, კინგი
ლივერპული (4-4-1-1): უორდი - რენდელი, ტურე, ლუკასი, სმიტი - ოჯო, სტიუარტი, ალენი, აიბი - ფირმინო - სტარიჯი
გაფრთხილება: -
კუთხური: 5-4 ჯარიმა: 9-9 თამაშგარე: 2-3 კარში დარტყმა: 17(4)-19(6) ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 11 386

არსენალი-კრ. პალასი 1:1
გოლები: 1:0 სანჩესი (45+1), 1:1 ბოლაზი (81)
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, გაბრიელი, კოშელნი, მონრეალი - კოკლენი, ელნენი (84. უოლკოტი) - სანჩესი, აივობი (75. რემზი), იოზილი - უელბეკი (75. ჟირუ)
კრ. პალასი (4-2-3-1): ენესი - უორდი, დანი, დელანი, სუარე - კაბაი, იედინაკი (46. საკო) - ლედლი, პანჩონი (75. ზაჰა), ბოლაზი - ვიქჰემი (64. ადებაიორი)
გაფრთხილება: - ლედლი, დანი
კუთხური: 10-5 ჯარიმა: 7-13 თამაშგარე: 2-2 კარში დარტყმა: 21(6)-7(2) ბურთის ფლობა: 72%-28%
მაყურებელი: 59 961

18 აპრილი
სტოკი-ტოტენჰემი 23:00

ბომბარდირები: 22 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი), ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 21 - სერხიო აგუერო (სიტი); 18 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 16 - რიად მაჰრეზი (ლესტერი); 14 - ოდიონ იგალო (უოტფორდი); 13 - ჯერმინ დეფო (სანდერლენდი); 12 - ოლივიე ჟირუ (არსენალი); 11 - დიეგო კოსტა (ჩელსი), გილფი სიგურდსონი (სუონსი); 10 - მარკო არნაუტოვიჩი (სტოკი), გრაციანო პელე (საუთჰემპტონი), ალექსის სანჩესი (არსენალი).

გადადებული მატჩები
19 აპრილი:
ნიუკასლი-სიტი

20 აპრილი:
ვესტ ჰემი-უოტფორდი, ლივერპული-ევერტონი, მანჩესტერი-კრ. პალასი

21 აპრილი:
არსენალი-ვესტ ბრომვიჩი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
"ტოტენჰემს" ისეთი კალენდარი აქვს, რომ შეიძლება ყველა დარჩენილი თამაში მოიგოს. "ლესტერს" ძალიან გაუჭირდება ვარდის გარეშე, თუმცა წესით 2 თამაში მაინც უნდა მოიგოს. წაგების უფლებაც აქვს...
tngh
17:23 18-04-2016
0
პაიეს ვესტ ჰემში გადმოსვლიდან ამ გუნდს ვგულშემატკივრობ და სულ იმას ველოდი, რომ ვინმე ძლიერს დაამარცხებდა და ასეც მოხდა.
Carrol Payet
17:18 18-04-2016
0

სიახლეები პოპულარული