"მანჩესტერის" ცხელი ზაფხული: ვინ დატოვებს გუნდს და ვინ მოვა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედში" მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ბევრი რამ რომ შეიცვლება, ფაქტია. ამბობენ და წერენ, რომ გუნდში ჟოზე მოურინიოს მისვლა გადაწყვეტილია. ჩვენს წერილში გვერდი ავუაროთ სამწვრთნელო საკითხს და იმ მოთამაშეებზე ვთქვათ, რომლებსაც "იუნაიტედი" უმიზნებს. სია საკმაოდ შთამბეჭდავია.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი
გადაწყვეტილი ამბავია - 34 წლის შვედი სუპერფორვარდი სეზონის დასრულების შემდეგ "პარი სენ-ჟერმენს" დატოვებს. მისი გადაბირება არაერთ გუნდს სურს, თუმცა ინგლისური გრანდის სასარგებლოდ მისი ფინანსური შესაძლებლობები მეტყველებს.

წერენ, რომ "ოლდ ტრაფორდზე" მისვლის შემთხვევაში, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ზღაპრულ ხელფასს მიიღებს. "მანჩესტერის" მთავარი კონკურენტი "იბრას" ყოფილი
კლუბი "მილანია".

რაფა სილვა
"იუნაიტედს" ძალიან უნდა პორტუგალიის ნაკრებისა და "ბრაგას" 22 წლის უნივერსალი ნახევარმცველის, რაფა სილვას გადაბირება. მიმდინარე სეზონი "ბრაგასათვის" ძალიან კარგია. გუნდი ევროთასებზე მშვენივრად გამოვიდა და არც პორტუგალიის ჩემპიონატში შეურცხვენია თავი.

ამაში სილვას წვლილი ძალიან დიდია. მას უკვე რეგულარულად იწვევენ პორტუგალიის ნაკრებში. სილვას გადაბირებით ინგლისური ფეხბურთის მეორე გრანდი, "ლივერპულიცაა" დაინტერესებული.

გონსალო იგუაინი
28 წლის არგენტინელი გონსალო იგუაინი "იუნაიტედის" მთავარი სატრანსფერო სამიზნეა ზლატანთან ერთად. ძალიან საეჭვოა, რომ გონსალო "ნაპოლიში" დარჩეს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ფეხბურთელის ანაზღაურება იტალიურ კლუბში კიდევ უფრო გაიზრდება.

იგუაინი ნეაპოლში ტიტულების მოგების იმედით ჩავიდა. არგენტინელის დიდებული გარჯის მიუხედავად, იტალიური კლუბი ამას მაინც ვერ ახერხებს.

ნიშან ბურკარტი
ფეხბურთელმაც და მისმა ოჯახმაც დაადასტურეს, რომ "მანჩესტერში" ტრანსფერი გადაწყვეტილია. ბურკარტი 16 წლისაა და შვეიცარიული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლება. პერსპექტივაზე განხორციელებული ტრანსფერი - ასე შეგვიძლია შევაფასოთ ეს გარიგება.

ლუკას ბილია
"მანჩესტერის" მორიგი სამიზნე არგენტინის ნაკრებისა და რომის "ლაციოს" საყრდენი ნახევარმცველი ლუკას ბილიაა. 30 წლის ფეხბურთელი იტალიის ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესოა თავის ამპლუაში. "ლაციო" ბილიას გაშვების წინააღმდეგი არ არის, ოღონდ ფეხბურთელის სანაცვლოდ სულ მცირე, 20 მილიონი გირვანქის მიღებას იმედოვნებს.

ტრანსფერის ალბათობას ისიც ზრდის, რომ დიდი შანსია, "იუნაიტედი" მაიკლ კერიკმა დატოვოს. ინგლისური პრესის ინფორმაციით, მისი გადაბირება ლონდონის "არსენალს" სურს.

კენი ტეტე
"მანჩესტერს" ძალიან უნდა ჰოლანდიის ნაკრების ახალგაზრდა მცველის, 20 წლის კენი ტეტეს გადაბირება. ტეტეს შეუძლია, კონკურენცია გაზარდოს "იუნაიტედის" დაცვის მარჯვენა ფლანგზე. ეს ტრანსფერი დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, დარჩება თუ არა ლუი ვან გაალი "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

გარეთ ბეილი
"მანჩესტერი" გააფთრებით იბრძვის გარეთ ბეილისათვის, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. ჩვენ ერთად ვნახავთ, რა გამოვა ამ ბრძოლიდან. "რეალში" ხელშეუხებელი არავინაა, თუმცა "სამეფო კლუბი" უელსელს იოლად რომ არ შეელევა, ეს ფაქტია.

რომელუ ლუკაკუ
ყველამ მშვენივრად იცის, რომ ბელგიის ნაკრების 22 წლის ცენტრფორვარდი ამ სეზონის დასრულების შემდეგ "ევერტონში" აღარ გაჩერდება. რომელუ ლუკაკუს არაერთი მსურველი ჰყავს და მათ შორის ერთ-ერთი "იუნაიტედია". მანჩესტერულ კლუბს კონკურენტები საკმაოდ ჰყავს - თუნდაც "ჩელსი" და "პარი სენ-ჟერმენი".

კითხვის ნიშნები
სეზონი მთავრდება, "იუნაიტედის" რამდენიმე ფეხბურთელის ბედი კი კვლავ გადასაწყვეტია. მაგალითად, არავინ იცის, დარჩება თუ არა გუნდში დავიდ დე ხეა. რომ არა დე ხეა, შესაძლოა, "იუნაიტედი" პრემიერლიგის ათეულშიც კი ვერ მოხვედრილიყო. საკითხავია, უნდა კიდევ "რეალს" ესპანელი მეკარე? კეილორ ნავასი ხომ დიდებულად თამაშობს.

ღიაა უეინ რუნის საკითხი. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ "იუნაიტედს" ტვირთად აწევს რუნის დიდი ხელფასი. უეინს მსურველები არ აკლია. რუნის გაყიდვა მაინც დიდი რისკი იქნება. ერთიც ვნახოთ და, ინგლისური ფეხბურთის უპირველესი ფორვარდი კვლავ ათამაშდეს...

ამასობაში ახალ, უკეთეს კონტრაქტს ითხოვს მიმდინარე სეზონში "იუნაიტედის" ერთ-ერთი მთავარი გმირი მარკუს რაშფორდი. ამაში გასაკვირი არაფერია. პრემიერლიგური მასშტაბებით მისი დღევანდელი ანაზღაურება ხომ სასაცილოა.

გუნდიდან კი არაერთი ფეხბურთელი წავა. მათ შორის, საუბრობენ კერიკისა და ბასტიან შვაინშტაიგერის წასვლაზე. გერმანიის ნაკრების ლიდერი ვერა და ვერ მოერგო "ოლდ ტრაფორდს". მას ხელს მოჭარბებული ტრავმებიც უშლის.

ვნახოთ, რომელი ვარაუდი გამართლდება და რომელი არა. ფაქტია, "მანჩესტერს" წინ ცხელი ზაფხული ელის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ან მანჩესტერს რად უნდოდა ეს ფეხბურთელი, ან თვითონ რატო წამოვიდაა...
gioo
00:38 22-04-2016
0
მეტის ღირსი ხარ ბასტიან! კროოს უფრო ვგულშემატკივრობ რეალში, ვიდრე შენ მანჩესტერში. იჯექი ეხლა ნისლიან ალბიონზე და იშუშე ტრავმები
Bayern's Girl
15:51 21-04-2016
0

სიახლეები პოპულარული