ამ სეზონში "ლესტერმა" ბევრი გამოსაჩენი საქმე ჩაიდინა. თუნდაც ის რად ღირს, რომ სწორედ ამ გუნდმა დააკარგვინა სამუშაო "ჩელსის" ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს.
ხალხს ძალიან მოსწონს, როცა მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს საფეხბურთო ლიგას არა "ფულის ტომარა", არამედ ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი გუნდი იგებს. ყველას სიმპატია "ლესტერის" მხარესაა. ნებისმიერი სამსაჯო გადაწყვეტილება, რომელიც ამ გუნდის მიმართაა მიღებული, დისკუსიის საგანი ხდება.
სხვათა შორის, ამ მსაჯს საინტერესო ბიოგრაფია აქვს. ის დაიბადა სანდერლენდში, გაიზარდა ამერიკაში და დაამთავრა ლიდსის უნივერსიტეტის ფიზკულტურის ფაკულტეტი. ის პრემიერლიგაში ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალია.
"ვესტ ჰემთან" მატჩის პირველ ტაიმში მოსის მიმართ პრეტენზიები თითქმის არ ყოფილა. ეგაა, მსაჯმა რამდენჯერმე არ დააფიქსირა ხელით თამაში ორივე მხრიდან, თუმცა ეს პრემიერლიგაში ჩვეულებრივი მომენტია. ამ საკითხისადმი მიდგომა იმდენად განსხვავებულია, რომ უფლებას ვერ ვიტოვებთ, მსაჯის შეცდომაზე ვისაუბროთ.
საკვანძო მომენტი მაშინ დადგა, როცა მეორე ტაიმი 15 წუთის დაწყებული იყო. ვარდიმ მაღალ სისწრაფეზე გაიგდო ბურთი და "ვესტ ჰემის" საჯარიმოში ოგბონასთან ბრძოლაში დაეცა. ინგლისის ნაკრების ფორვარდი აშკარად ეძებდა კონტაქტს, მიზეზს პენალტის დანიშვნისათვის, მაგრამ მეორე მხრივ, ეს აკრძალული სულაც არ არის.
ოგბონა ვარდის თავისი გრძელი ფეხებით მიწვდა და ამავე დროს, უკნიდან უბიძგა. რა იყო ეს, თერთმეტმეტრიანი თუ "წმინდა წყლის სიმულაცია", როგორც ალან შირერმა უწოდა მომხდარს?
მოსმა შირერის მხარე დაიჭირა. გაკვირვებულმა ვარდიმ დაინახა, როგორ ააფრიალა მსაჯმა მის წინ ჯერ ყვითელი, მერე კი წითელი ბარათი. ამან ინგლისის ნაკრების ფორვარდი წყობიდან გამოიყვანა და მან მსაჯს არაერთი მკვახე სიტყვა აკადრა.
ამ ის შემდეგ "ლესტერმა" "ჩაყვინთა". პრემიერლიგის ლიდერმა ორი გოლი გაუშვა. ეს დასასრული არ ყოფილა. მოსი ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა, ამჯერად შეხვედრის 90-ე წუთზე.
ამ დროს მატჩის მთავარმა გმირმა ოგბონამ საჯარიმო მოედანში ულაპარაკოდ წააქცია შეტევაში ჩართული მცველი რობერტ ჰუტი. არანაირი რეაქცია. ოთხი წუთის შემდეგ კი მოსმა მაინც დაუდი თერთმეტმეტრიანი "ლესტერს".
ოთხ წუთში მან წესების დარღვევად შეაფასა ქეროლის თამაში. არადა, თუ ეს ჯარიმა იყო, მას წინა ეპიზოდშიც უნდა დაედო თერთმეტმეტრიანი. მეტი რომ არ ვთქვათ, ერთ-ერთმა საუკეთესო ინგლისელმა მსაჯმა არათანმიმდევრულობა გამოავლინა.
დასრულდა მატჩი და მთელი ინგლისი საფეხბურთო ისტერიამ მოიცვა. ისინი მოსის გადაწყვეტილებას განიხილავდნენ. მაგალითად, ინგლისელ მსაჯთა ყოფილმა შეფმა, კიტ ჰეკეტმა მოსი მძაფრად გააკრიტიკა. მან თქვა, რომ არბიტრი ერთი აბსურდიდან მეორემდე ისე მიდიოდა, რომ გზად შეჩერებაც კი არ უფიქრია.
სამაგიეროდ, მოსის მხარე დაიჭირეს გრემ პოლმა და ჰოვარდ ვებმა. მსაჯთან მოკამათე ვარდის ერთმატჩიან დისკვალიფიკაციას, დიდი ალბათობით, არ აკმარებენ. ინგლისური ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ, გარი ლინეკერმა კი ჩინოვნიკთა გადაწყვეტილებას ვარდის დისკვალიფიკაციის შესახებ "სასაცილო" უწოდა.
- პრემიერლიგა. XXXIV ტური: გაწითლებული ვარდი [VIDEO]
ამ შემთხვევაში იყო მომენტები, როცა მსაჯი "ლესტერის" საწინააღმდეგოდ შეცდა, მაგრამ იყო სხვა შემთხვევებიც. რამდენიმე ეპიზოდი აუცილებლად უნდა გავიხსენოთ.
"ლესტერმა" 2:0 მოუგო "სანდერლენდს. იმ შეხვედრაში პატრიკ ვან ანჰოლტმა საჯარიმოში ჩააწოდა. რობერტ ჰუტმა ხელით ითამაშა. პენალტი არ დაინიშნა.
"საუთჰემპტონთან" შეხვედრაში "მელიებმა" მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს. მაშინ მანემ კარში დაარტყა, გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ბურთი ხელზე მოხვდა სიმპსონს. არბიტრის სასტვენი დუმდა.
მაშინ რონალდ კუმანმა დაუფარავად განაცხადა, რომ "ლესტერის" კარგი თამაშის მიუხედავად, მატჩის ბედი არბიტრ ოლივერის ძალიან ცუდმა მსაჯობამ გადაწყვიტა. ამ შეხვედრაში იყო კიდევ ერთი საეჭვო ეპიზოდი, როცა ჰუტს მოხვდა ბურთი ხელზე. ისევ დუმილი.
ასევე საკამათო ეპიზოდები იყო რამდენიმე შეხვედრაში. თუნდაც - "ვესტ ბრომვიჩთან" და "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრებში. ყველა ამ მატჩში მსაჯმა "ლესტერის" სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება.
მოკლედ, თუ "ლესტერი" ინგლისის ჩემპიონი ვერ გახდება, გუნდს შეუძლია ამაში მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავი დაადანაშაულოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"