"ლესტერ სიტი" - ინგლისის ჩემპიონის სატრანსფერო სამიზნეები

AutoSharing Option
"ლესტერის" ზღაპარი რეალობად იქცა. გუნდმა ინგლისის ჩემპიონატი მოიგო. ეს სეზონი მალე დასრულდება და წინ ახალი სეზონია, ახალი გამოწვევა.

კლაუდიო რანიერი არ ღალატობს საკუთარ თავს. ის ამბობს, რომ მომავალ წელს გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, ორ ფრონტზე ბრძოლა კი გაჭირდება. აქედან გამომდინარე, იტალიელი მწვრთნელის აზრით, "მელიების" მიზანი პრემიერლიგაში საუკეთესო ათ გუნდში მოხვედრა იქნება.

"ლესტერის" სატრანსფერო გეგმებზე კლაუდიო რანიერიმ ჯერ მხოლოდ გაკვრით ისაუბრა. "ჩვენ არ გვჭირდება ვარსკვლავები. ჩვენ გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებენ. ზაფხულში აუცილებლად გავძლიერდებით", - განაცხადა ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა.

ინგლისელმა ჟურნალისტებმა კი "მელიების" სატრანსფერო სამიზნეების შესახებ მოამზადეს საინტერესო მასალა.

თავდასხმა
სიმონე ძაძა (იუვენტუსი) და აჰმედ მუსა (ცსკა)
ორივე განსხვავებული სტილის ფორვარდია. აჰმედ მუსა ძალიან სწრაფია და თამაშის დროს ბევრს გადაადგილდება. ის იდეალურად უნდა მოერგოს "ლესტერის" სწრაფ და თითქმის იდეალურ კონტრშეტევებს.

რაც შეეხება სიმონე ძაძას, ის კლასიკური ცენტრფორვარდია. სიმონეს "იუვენტუსის" შემადგენლობაში ეპიზოდურად ეძლევა თავის გამოჩენის შანსი და მისთვის უმჯობესია კლუბის შეცვლა.

შემტევი ნახევარმცველი
ანდრი იარმოლენკო (კიევის "დინამო"), თორგენ აზარი (გლადბახი)
მინდვრის ცენტრში "ლესტერს" თითქმის ყველაფერი წესრიგში აქვს, მაგრამ გუნდს აუცილებლად დასჭირდება გაძლიერება ფლანგებზე. ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ანდრი იარმოლენკოა. ის კიევის "დინამოს" გამოკვეთილი ლიდერია. იარმოლენკო უკვე მზადაა, სოლიდურ ევროპულ კლუბში ითამაშოს.

რაც შეეხება თორგენ აზარს, ედენის უმცროსი ძმა თამაშს დღითიდღე აუმჯობესებს. მას შეუძლია გარჯა, როგორც მარცხენა ნახევარმცველის, ისე თავდამსხმელის პოზიციაზე.

ცენტრალური ნახევარმცველი
ვილიამ კარვალიო (სპორტინგი)
კიდევ ერთი დიდი ტალანტი პორტუგალიის ჩემპიონატიდან. "სპორტინგს" კარგი სეზონი აქვს და ამაში კარვალიოს წვლილი ძალიან დიდია. "ლესტერს" კარვალიო დაახლოებით 25 მილიონი გირვანქა დაუჯდება.

ტრანსფერის ალბათობას ისიც ზრდის, რომ "ლესტერი" შეიძლება დატოვოს ნგოლო კანტემ. საფრანგეთის ნაკრების საყრდენი ნახევარმცველის შეძენა რამდენიმე გუნდს სურს. კანტეს შენარჩუნება მართლაც რთული საქმე იქნება.

ფლანგის მცველი
ჯეტრო ვილემსი (ეინდჰოვენი)
"ლესტერის" გმირთა შორის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელია კრისტიან ფუხსი. არადა, ავსტრიელმა მცველმა მთელი სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. დენი სიმპსონი უკვე 30 წლისაა. საუკეთესო შენაძენი ამ პოზიციაზე "ეინდჰოვენის" მცველი, ჯეტრო ვილემსი იქნება.

ის ჰოლანდიის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. ასევე ახსენებენ იუტო ნაგატომოს (ინტერი) და ლუკა დინს (პარი სენ-ჟერმენი).

ცენტრალური მცველი
ვირჯილ ვან დიკი (საუთჰემპტონი)
რა გასაკვირია, რომ კლაუდიო რანიერის ძალიან უნდა ვირჯილ ვან დიკის გადაბირება. ჰოლანდიელი ცენტრალური მცველი "საუთჰემპტონში" შესანიშნავ სეზონს ატარებს. ერთი შეხედვით, "ლესტერს" დაცვის ცენტრში არ აქვს განსაკუთრებული პრობლემები, თუმცა გაძლიერება არც ერთ გუნდს არასოდეს აწყენს.

რონალდინიო
"ლესტერს" ზაფხულზე ძალიან უნდოდა რონალდინიოს გადაბირება, მაგრამ ეს ტრანსფერი მაშინ არ შედგა. უკლუბოდ დარჩენილმა ბრაზილიელმა ვარსკვლავმა პროვინციული ინგლისური გუნდის სამსახურზე უარი თქვა.

არავინ იცის, რა იქნება ზაფხულში. რანიერიმ კი თქვა, რომ მას არ სჭირდება ვარსკვლავები, მაგრამ რონალდინიო მაინც განსაკუთრებული შემთხვევაა. მას შეუძლია, ევროპული მასშტაბით კლუბის სავიზიტო ბარათად იქცეს.

ამასთან ერთად, სულაც არ არის გამორიცხული, რომ ბოლო დროის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელს მოენატრა დიდი ფეხბურთი. "ლესტერში" მას ისე მიიღებენ, როგორც ნამდვილ გმირს.

სამაგიეროდ, კლაუდიო რანიერი ვერაფრით გადაიბირებს "რომას" ვეტერანსა და სიმბოლოს, ფრანჩესკო ტოტის. "იმპერატორს" ზამთარში უთანხმოება ჰქონდა "რომას" სამწვრთნელო შტაბთან და გუნდიდან მისი წასვლა, თითქოს, გადაწყვეტილ ამბად მოჩანდა, თუმცა სიტუაცია შეიცვალა.

...რა თქმა უნდა, "ლესტერს" ეყოლება ახალწვეულები, მაგრამ ახლა მთავარია, გუნდმა ლიდერები შეინარჩუნოს. ჯეიმი ვარდის, რიად მაჰრეზს და ნგოლო კანტეს მსურველები არ აკლიათ. "ლესტერში" მიიჩნევენ, რომ ამ ფეხბურთელების შენარჩუნება სავსებით შესაძლებელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
"რენის" 18წლის თავდამსხმელ ოსმან დემბელესაც "ეჩალიჩება" ლესტერი... ისე ფრანგებს მართლა მაგარი საფეხბურთო სკოლები აქვთ... ევროპაში კლუბი არარის რომ საფრანგეთში გაზრდილი ფეხბურთელი არ თამაშობდეს:მაჰრეზი,კანტე,მარსიალი, აზარი,კომანი,ობამეიანგი,პოგბა და ა.შ!აგერ გუშინ ბენ არფა ბარსელონაში გაფრინდა მოსალაპარაკლებლად...
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული