"მანჩესტერ იუნაიტედი": ვან გაალი ბეწვის ხიდზე

AutoSharing Option
ინგლისში სეზონი ყველა გუნდისათვის დასრულდა, "მანჩესტერ იუნაიტედს" და "ბორნმუთს" კი ის დასასრულებელი აქვთ. "იუნაიტედისათვის" ეს შეხვედრა აღარაფერს წყვეტს.

უკვე ცნობილია, რომ მომავალ სეზონში გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს. ეს კი უდიდეს ფინანსურ ზარალს ნიშნავს. მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა ლუი ვან გაალმა თავდაუზოგავად ხარჯა და ხარჯა კლუბის ხელმძღვანელობის მიერ ნაწყალობები მილიონები.

ცოტა ხნის წინ ჰოლანდიელმა მწვრთნელმა გამოაცხადა, რომ ის მომავალ სეზონშიც გაწვრთნის "იუნაიტედს", თუმცა გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. ვან გაალი მიიჩნევს, რომ მას ინგლისური კლუბის ვეტერანები ებრძვიან.

ვან გაალი მიიჩნევს, რომ
მის წინააღმდეგ პოლ სქოულზის გაუთავებელმა შეტევებმა ინგლისური კლუბის გულშემატკივარი აუმხედრა. თუ ვან გაალს "ოლდ ტრაფორდიდან" გაუშვებენ, მისთვის მთავარი დამნაშავე ჟღალი პოლი იქნება.

სქოულზმა, ვინც სერ ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით თერთმეტჯერ მოიგო ინგლისური პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგის თასიც აღმართა, ვან გაალზე შეტევა ჯერ კიდევ ოქტომბერში დაიწყო. მაშინ მან თქვა, რომ ჰოლანდიელის ხელმძღვანელობით, "იუნაიტედი" ისე თამაშობს, რომ პირადად მას "თმების დაგლეჯის გარდა, სხვა აღარაფერი დარჩენია".

სქოულზის ასეთმა განცხადებამ გულშემატკივარს აქამდე საძულველი ვან გაალი კიდევ უფრო შეაძულა. ჰოლანდიელს "ოლდ ტრაფორდის" ტრიბუნები გამუდმებით უსტვენდნენ. იანვარში კი, როცა "იუნაიტედმა" შინ 0:1 წააგო "საუთჰემპტონთან", პირველად გამოჩნდა ინგლისურ პრესაში ცნობა იმის თაობაზე, რომ ვან გაალს ზაფხულში ჟოზე მოურინიო შეცვლიდა.

"მედია ძალიან მიტევს და ჩემი სამუშაოთი არც ყველა გულშემატკივარია კმაყოფილი, მაგრამ მე აქ ვარ. ჩვენ თავდაუზოგავად ვმუშაობთ და ჩვენ ვართ "მანჩესტერი". დიდი გუნდი ვართ, რომელსაც შეუძლია დიდი მიზნების მიღწევა", - ამბობს ვან გაალი.

ჰოლანდიელის თქმით, მისი ხედვა შედეგს აუცილებლად გამოიღებს და ეს მომავალ სეზონში მოხდება. "როცა გრანდი ტიტულს ვერ იგებს, ყველა უკმაყოფილოა. როცა ტიტული ჩნდება, მაშინვე იცვლება დამოკიდებულება და ეს მე ძალიან კარგად მესმის", - აღნიშნა ვან გაალმა.

ჰოლანდიელს მორიგი ტრანსფერის განხორციელება ჰქონდა ჩაფიქრებული, თუმცა კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. მას "ბენფიკას" ახალგაზრდა, ნიჭიერი საყრდენი ნახევარმცველის, რენატო სანჩესის გადაბირება სურდა, მაგრამ ჰოლანდიელ მწვრთნელს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა.

რენატო სანჩესი ახლა "ბაიერნის" ფეხბურთელია. "რეკორდმაისტერმა" სანჩესი თვალწინ აართვა "იუნაიტედს" და ვან გაალის ინგლისურ კარიერას ერთი იმედგაცრუებაც მიუმატა. ჰოლანდიელს რენატო ძალიან უნდოდა.

ვან გაალმა ერთი კოზირი ხელში მაინც დაიჭირა. მან მოვლენებს გაასწრო და გამოაცხადა, რომ მომავალ სეზონში გუნდის ღირსებას კვლავ დაიცავს ესპანელი მეკარე დავიდ დე ხეა. რომ არა დე ხეა, ვინც აგერ, მერამდენედ გახდა "იუნაიტედის" საუკეთესო ფეხბურთელი, "მანჩესტერს" მართლაც რომ კოშმარული სეზონი ექნებოდა.

გეხსომებათ, დე ხეა სურდა მადრიდის "რეალს", მაგრამ ეს ტრანსფერი სულ ბოლო წამს ჩავარდა. ახლა "რეალს" დე ხეა ნაკლებად სჭირდება, რადგან კეილორ ნავასი, უბრალოდ, დიდებულია.

გუნდის ჰოლანდიელი მცველ-ნახევარმცველი აცხადებს, რომ "მანჩესტერის" ასპარეზობას მიმდინარე სეზონში კვალი გაუთავებელმა ტრავმებმა დაამჩნია.

"ჩვენ ძალიან იშვიათად ჩაგვიტარებია შეხვედრა, რომელშიც ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელი არ დაგვკლებოდეს. ის კი არა, ხანდახან საქმე კომედიამდეც კი მიდიოდა - ერთბაშად 13-14 მოთამაშე გვაკლდა", - შენიშნა ბლინდმა.

"მანჩესტერში" ჰოლანდიელი მწვრთნელის მომავალი ბეწვზე ჰკიდია. თუ ვან გაალი წავა, ალბათ, ჟოზე მოურინიო მივა, ვინც ახლა უმუშევარია. ის "ჩელსიდან" დათხოვნის შემდეგ ისვენებს.

ახსენებენ ვან გაალის ასისტენტს, რაიან გიგზს, მაგრამ უელსელის დანიშვნას სპეციალისტები განსაკუთრებულ რისკად მიიჩნევენ, რადგან მას არ აქვს სამწვრთნელო გამოცდილება.

"იუნაიტედის" სატრანსფერო სიის სათავეში კი "დორტმუნდის" გაბონელი ვარსკვლავი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი დგას. გაბონელს დიდებული სეზონი ჰქონდა გერმანულ კლუბში. მისი გოლები პირდაპირ მისწრება იქნება "იუნაიტედისათვის", რომელსაც იშვიათად გააქვს.

მოკლედ, ვან გაალის საქმე ძალიან რთულადაა. ვნახოთ, ჩაუწყდება თუ არა მას ფეხქვეშ ბეწვის ხიდი...

ყველაფერი უახლოეს მომავალში გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული