აურზაური არაფრის გამო: "ოლდ ტრაფორდის" "ბომბი" სავარჯიშო მექანიზმი აღმოჩნდა

AutoSharing Option
* "მანჩესტერისა" და "ბორნმუთის" შეხვედრა დღეს, ჩვენი დროით 23:00 საათზე გაიმართება.
* "მანჩესტერმა" ამ ინციდენტის გამო 3 მილიონი გირვანქით იზარალა.
* ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად "მანჩესტერმა" 19-ბურთიანი სხვაობით უნდა მოიგოს, რაც არარეალურია.

ევროპის ტოპ-ლიგებში სეზონი დასრულებულია, გარდა ერთი თამაშისა, რომელიც ტერორიზმის საფრთხის გამო ვერ გაიმართა. რას ვიზამთ, თანამედროვე მსოფლიოში ტერორიზმი ნომერ პირველი საფრთხეა, რომელმაც უკვე უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მატჩი დღეს გაიმართება და ამით პრემიერლიგაც დასრულდება. ლუი ვან გაალის გუნდს მე-4 ადგილზე გადასვლის და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების თეორიულზე
თეორიული შანსი აქვს. წარმოიდგინეთ, "იუნაიტედს" მხოლოდ 19-ბურთიანი სხვაობით მოგება ჰყოფნის!

ასე რომ, ამ მატჩს არანაირი სატურნირო მნიშვნელობა არ აქვს. რა თქმა უნდა, კლუბი ყველა გულშემატკივარს უფასოდ შეუშვებს, ვინც კვირის ბილეთს წარადგენს.

და მაინც, რა მოხდა "ოლდ ტრაფორდზე"? აღმოჩნდა რომ ყველაფერი ეს - ხალხის გახიზვნა, თამაშის გადადება, პოლიციის და სპეცსამსახურების მობილიზება, საყოველთაო პანიკა - ერთი სულელური დაუდევრობის ბრალია!

კვირას, "ბორნმუთთან" მატჩის დაწყებამდე 20 წუთით ადრე ერთ-ერთ ტუალეტში აღმოაჩინეს ასაფეთქებელი მოწყობილობა, რასაც მოჰყვა კიდეც მთელი ეს დავიდარაბა.

აღმოჩნდა, რომ წინა კვირაში, ანტიტერორისტული სწავლებისას, ეს ნივთი კინოლოგებმა შემთხვევით დატოვეს "ოლდ ტრაფორდის" ტუალეტში, თუმცა კი საბუთებში მითითებულია, რომ მათ ყველაფერი უკან წაიღეს.

ძაღლებმა ეს ნივთი იმიტომ ვერ აღმოაჩინეს თავის დროზე, რომ ის იყო კინოლოგების სავარჯიშო მულიაჟი და არა ცხოველების, არ შეიცავდა არანაირ ასაფეთქებელ ნივთიერებას. დიახ, მთელი ეს აყალმაყალი გამოიწვია სრულიად უვნებელმა სავარჯიშო ნივთმა, რომლის საკონტროლო აფეთქება მას მერე მოაწყვეს, რაც "ოლდ ტრაფორდი" ხალხისგან დაიცალა.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ფანები და პოლიცია ექსტრემალურ სიტუაციაში ძალიან კარგად იქცეოდნენ, არ არღვევდნენ მითითებულ ნორმებს. ევაკუაციაც ყოველგვარი პანიკის გარეშე განხორციელდა.

ერთი ეგაა, "მანჩესტერ იუნაიტედი" ფინანსურად დაზარალდა. მთელი ეს ამბავი, პლუს, თამაშის ხელახლა გამართვა კლუბს დაახლოებით 3 მილიონი გირვანქით აზარალებს და "მანჩესტერ იუნაიტედი", ალბათ, სარჩელსაც შეიტანს და ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს.

"იმან, რაც კვირას "ოლდ ტრაფორდზე" მოხდა, ყველა ფეხბურთელი შოკში ჩააგდო. უნდა ვთქვათ, რომ უშიშროების სამსახურები ძალიან კარგად მუშაობდნენ. მათ ხალხის ევაკუაცია ოპერატიულად განახორციელეს. მათ შეძლეს და ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში, სტადიონზე არ ყოფილა პანიკა.

არენას ვტოვებდით და შიში თითქმის არ გვქონდა, რადგან ვხედავდით, რომ ჩვენი სიცოცხლე საიმედო ხელში იყო. სამწუხაროა, რომ ფანებმა ვერ შეძლეს თამაშის ნახვა და ცოტა შეშინდნენ. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი პრობლემები უკვე სპორტშიც შემოიჭრა. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ სპორტი აერთიანებს ადამიანებს და ეს ასეც უნდა იყოს", - დაწერა თავის ბლოგში "იუნაიტედის" ესპანელმა ლეგიონერმა ხუან მატამ.

სტუმარი გუნდის, "ბორნმუთის" ხელმძღვანელობამ უკვე განაცხადა, რომ ყველა ფანს, ვინც მანჩესტერში ესწრებოდა არშემდგარ თამაშს, გზის თანხას მთლიანად დაუფარავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სრულიად ვეთანხმები მკითხველის ამ კომენტარს, ნებისმიერ თამაშს ისე ამთავრებენ როგორც ტოტალიზატორს და სპორტულ მაფიას აწყობს
გიორგი
17:57 17-05-2016
0
სიმართლეს მაინც ვერავინ გაიგებს. პირდაპირ დაწერეთ რომ ტონობით ფული იდო "მანჩესტერის" მოგებაზე და უბრალოდ გაანულეს შედეგი მეტი იქ არაფერი მომხდარა და ამ მიამიტურ სისულელეს ვინ დაიჯერებს. თურმე ტუალეტებს არ ამოწმებენ "ოლდ ტრაფორდზე" ეს მულიაჟია მაგრამ ის მართლა უნდა გაუკეთო ამ სისულელის მომგონებს ერთ ადგილას, რომ მსოფლიო ს....,არ ეგონოთ. და საერთოდ ინგლისის პრემიერლიგისგან არაფერი არ უნდა გაგიკვირდეთ რადგანაც ის "უილიამ ჰილის" ვირტუალურ საფეხბურთო ლიგად გადაიქცა. სამარცხვინოა ყველა ეს ფარსი რასაც წელს ინგლისელი აფერისტები მოიმოქმედებენ.
........
14:05 17-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული