ინგლისური ტრანსფერები: წყალში გადაყრილი ფული თუ...

AutoSharing Option
პრემიერლიგის უძვირესი ტრანსფერები - რომელმა გაამართლა და რომელმა არა...
პრემიერლიგაში სეზონის დაწყების წინ ტრანსფერებში ძალიან დიდი ფული დაიხარჯა. ამ ტრანსფერებიდან ზოგმა გაამართლა, ზოგმა - ვერა. დღეს სეზონის დაწყების წინ მომხდარი დიდი გარიგებები გამოგვაქვს მკითხველის სამსჯავროზე.

კევინ დე ბრუინი
ვოლფსბურგი - სიტი, 54 მილიონი გირვანქა
ანხელ დი მარიას ტრანსფერის შემდეგ, ვის სანაცვლოდაც "მანჩესტერმა" 60 მილიონი ევრო გადაიხადა, დე ბრუინის ტრანსფერი მეორე იყო სიძვირის მიხედვით პრემიერლიგის ისტორიაში.

დე ბრუინმა კარგად ითამაშა ინგლისის ჩემპიონატშიც და ჩემპიონთა ლიგაშიც. პრემიერლიგაში 7 გოლი გაიტანა და 9
საგოლე გადაცემა შეასრულა. მარტის თვეში მას ტრავმის გამო არ უთამაშია.

რაჰიმ სტერლინგი
ლივერპული - სიტი, 49 მილიონი გირვანქა
ამ ტრანსფერის შესახებ ბევრი ფანი თავიდანვე ირონიით საუბრობდა. ისინი მიიჩნევდნენ, რომ "სიტიმ" ნიჭიერი თინეიჯერის სანაცვლოდ ძალიან ბევრი დახარჯა. სტერლინგს ცუდი სეზონი ჰქონდა. მისი საუკეთესო მატჩი შედგა "ეტიჰადზე", სადაც მან ჰეთ-თრიქით გამოიჩინა თავი "ბორნმუთთან".

ანტონი მარსიალი
მონაკო - მანჩესტერ იუნაიტედი, 36 მილიონი გირვანქა
ახალგაზრდა ფრანგის სატრანსფერო ღირებულებამ, რიგი ფაქტორების თანხვედრის შემთხვევაში, შესაძლოა, 58 მილიონი გირვანქა შეადგინოს. მარსიალისათვის სეზონი შედგა. ის ერთ-ერთი მთავარი კაცი იყო ლუი ვან გაალის გაწვრთნილ გუნდში.

პრემიერლიგაში ფრანგმა 11 გოლი შეაგდო. ამასთან ერთად, 3 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

კრისტიან ბენტეკე
ასტონ ვილა - ლივერპული, 32,5 მილიონი გირვანქა
ბენტეკესთვის სეზონი დიდებულად დაიწყო და ცუდად გაგრძელდა. "ენფილდზე", "ლივერპულის" პირველ შეხვედრაში, მან გამარჯვების გოლი გაუტანა "ბორნმუთს".

მერე ბელგიელმა "მანჩესტერსაც" შეუგდო, თუმცა მოვიდა იურგენ კლოპი და ყველაფერი აირია. გერმანელს სხვა სტილის ფორვარდები უყვარს და ბენტეკემაც სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა.

ნიკოლას ოტამენდი
ვალენსია - სიტი, 32 მილიონი გირვანქა
არგენტინის ნაკრების მცველს ნორმალური სეზონი ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, მან ის მაინც მოახერხა, რომ ვენსან კომპანის უპირველესი მეწყვილე გახდა დაცვის ცენტრში. მან ამ როლისათვის კონკურენცია მოუგო ელიაკიმ მანგალას და მარტინ დემიკელისს.

რობერტო ფირმინო
ჰოფენჰაიმი - ლივერპული, 29 მილიონი გირვანქა
ის იდეალურად ჯდება იურგენ კლოპის ფილოსოფიაში. რაც გერმანელი "ენფილდზე" მივიდა, ბრაზილიელი გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. კლოპი ფირმინოს ჯერ კიდევ ბუნდესლიგიდან იცნობდა, სადაც ის "ჰოფენჰაიმის" ღირსებას იცავდა. 10 გოლი და 7 საგოლე პასი - ასეთია სამხრეთამერიკელის მონაგარი პრემიერლიგაში.

მემფის დეპაი
პსვ - მანჩესტერი, 25 მილიონი გირვანქა
ჰოლანდიელს ისეთი საშინელი სეზონი ჰქონდა, რომ მის სტატისტიკაზე საუბარიც კი არ ღირს. დეპაის არც ლუი ვან გაალი ენდობოდა, ვინც ამ ტრანსფერის მთავარი ინიციატორი გახლდათ. ფაქტია, თუ მემფისს უნდა, რომ "იუნაიტედში" დიდხანს დარჩეს, მან საკუთარ თამაშში უამრავი რამ უნდა შეცვალოს უკეთესობისკენ.

მორგან შნეიდერლენი
საუთჰემპტონი - მანჩესტერ იუნაიტედი, 25 მილიონი გირვანქა
ფრანგ საყრდენს, ერთი შეხედვით, ცუდი სეზონი არ ჰქონია, მაგრამ მეორე მხრივ, ის აჩრდილი თუღა იყო იმ შესანიშნავი საყრდენისა, რომელიც დიდებული თამაშით ახარებდა "საუთჰემპტონის" ფანებს. დიდიე დეშამმა შნეიდერლენი ევროპის ჩემპიონატზე არ წაიყვანა და ამით ბევრი რამაა ნათქვამი.

სონ - ჰეონ მინი
ლევერკუზენი - ტოტენჰემი
კორეელმა გამარჯვების გოლი გაუტანა "კრისტალ პალასს". ეს მოხდა "ვაით ჰართ ლეინზე", 20 სექტემბერს. კორეელს კიდევ ჰქონდა კარგი მატჩები, მაგრამ "ტოტენჰემის" დიდებული სეზონი უფრო სხვა მოთამაშეების დამსახურებაა.

პედრო
ბარსელონა - ჩელსი, 21 მილიონი გირვანქა
კატალონიური კლუბიდან "ჩელსიში" პედრო ვარსკვლავის სტატუსით მივიდა. მას პირველივე შეხვედრა დიდებული გამოუვიდა "ვესტ ბრომვიჩთან". მას შემდეგ ესპანელი "ჩელსის" ლაბირინთებში ჩაიკარგა. როგორც ჩანს, მასზე გავლენა იმანაც მოახდინა, რომ მთლიანად გუნდი თამაშობდა არათანაბრად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული