პეპი, ჟოზე, კლოპო, არსენი, კონტე... გიჟური პრემიერლიგა გველის

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგას შესაძლოა, კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი არ ჰყავს, მაგრამ მწვრთნელების კუთხით, ინგლისის ჩემპიონატში სუპერვარსკვლავების მოზღვავებაა.

გარდა ამისა, ინგლისის ჩემპიონატს ჰყავს "ლესტერი", კლაუდიო რანიერი და უცვლელი, გამორჩეული სტილი, რომლის გამოც ბევრისთვის ეს ტურნირი ისევ ყველაზე ყურებადია.

პეპი VS ჟოზე
მომავალ სეზონში ხოსეპ გვარდიოლასა და ჟოზე მოურინიოს დაპირისპირება აღდგება და ეს უკვე პრემიერლიგაში მოხდება და არა ლა ლიგაში. პირველი "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია, მეორე კი - "მანჩესტერის".

"ნისლიან ალბიონზე" რჩება გიჟმაჟი იურგენ კლოპი, რომელიც "ლივერპულის" აღორძინებას აპირებს. გერმანელს შესანიშნავი მოთელვა გამოუვიდა,
სანამ ინგლისურ მწვანე ხალიჩაზე ჟოზე და პეპი მივიდოდნენ. აქვეა მარადმწვანე არსენ ვენგერი. ფრანგი კვლავაც "მეთოფეების" სათავეში იქნება, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა.

"ტოტენჰემში" ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ტაქტიკოსი მაურისიო პოჩეტინო მუშაობს. რასაკვირველია, "ჩელსიში" ანტონიო კონტეს დანიშვნა ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. მშვენივრად მუშაობს ექსცენტრიკული სლავენ ბილიჩი. ახალ ან ძველ-ახალ კარგ სპეციალისტს ეძებს "ევერტონი". თავისას ცდილობენ რონალ კუმანი "წმინდანებით" და მარკ ჰიუზი "სტოკით". არ გვავიწყდება ტონი პულისი, ედი ჰაუ და ასე შემდეგ.

შენკლის დარად
ჯერ ძალიან ადრეა და შორია, მაგრამ კლოპის მისვლას "ლივერპულში" უკვე ადარებენ ბილ შენკლისა და კენი ლაგლიშის პერიოდს - იმავე შემართებით შეუძლია გუნდის გამოცოცხლება და "ლივერპულისთვის" ახალი სულის შთაბერვაო.

"ჩვენ ვხედავთ და ვგრძნობთ სითბოს, გენიალურობასა და პატიოსნებას იურგენისგან. ყველა ეს თვისება "ლივერპულის" შესაბამისია. გუნდის ყველა წარმატებულ მწვრთნელს ასეთი თვისებები ჰქონდა და კლოპს ბილ შენკლისავით შეუძლია ფანების სიყვარულის მოპოვება" - განაცხადა მერსისაიდელთა ერთ-ერთმა დირექტორმა იან ეირიმ.

ყველა, ვინც ნახა, როგორ უძღვებოდა ტრადიციულად ემოციური "კლოპო" "ვილიარეალთან" საპასუხო მატჩისას თავის ბიჭებს, ადვილად მიხვდება, რატომ არის დიდი მოლოდინი იმისა, რომ გერმანელისა და "ლივერპულის" თანამშრომლობისგან რაღაც კარგი გამოდნება. ფანებს კი იგი ისე იყოლიებს, თითქოს, გლასტონბერის ფესტივალზე გამომსვლელი როკ-ვარსკვლავი გახლდეთ.

"არსენალში" თავიანთი კულტი აქვთ, გმირი და ანტიგმირი არსენ ვენგერი. მას კლუბის წინაშე დიდი დამსახურება აქვს, მაგრამ ფრანგს ბოლო წლებში სისტემატურად ტიტულების მოგება აღარ გამოსდის. ამის გამო მიმდინარე სეზონშიც ფანების ნაწილი მის გაშვებას ითხოვდა.

არც ის დაგვავიწყდეს, რომ სანამ "მანჩესტერ იუნაიტედის" თამადობით, მით უმეტეს, სხვა გუნდები, პერიოდულად რჩებიან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მიღმა, მუსიე არსენს ზედიზედ 20 წელია, კლუბი ლიგის ჯგუფში გაჰყავს.

იტალიური დესანტი
მერე იტალიელები მოდიან. ფრანჩესკო გვიდოლინი ერთ-ერთი საუკეთესო ტაქტიკოსია, მაგრამ ჩვენ, პირველ რიგში, მაინც ზღაპრულად გაჩემპიონებული რანიერი და იტალიის ნაკრებიდან მომავალი კონტე უნდა გამოვარჩიოთ.

რანიერიმ უკვე მოახერხა ყველას გაოცება თავისი პიცერიაში მსვლელობით, ფეხბურთელებისთვის ადგილობრივი ბენდის, "კასაბიანის" სიმღერების ჩართვით, ოპერით, "დილი დინგ, დილი დონგით" და ყველა მხრივ სახალისო პრესკონფერენციებითა და განცხადებებით.

"კონტისიმე" კი ცალკე ისტორიაა. "იუვენტუსის" ყოფილი მწვრთნელი და კაპიტანი ახლა პრემიერლიგის კარს შეაღებს. ავტორიტეტული სტილით ცნობილი აპენინელი "ლურჯებს" ევროპის ჩემპიონატის მერე მიაშურებს, მას მერე, რაც "სკუადრა აძურას" დატოვებს და "ჩელსიში" ყველაფერს თავდაყირა დააყენებს და თავიდან დაიწყებს.

რა გველის ახალი სეზონიდან
ახლა კი ცოტა ხნით ეს ყველაფერი დავივიწყოთ, თვალები დავხუჭოთ და წარმოვიდგინოთ, რას დაატრიალებს ჟოზე მოურინიო პრესკონფერენციებზე. "განსაკუთრებულისა" და ვენგერის დუელი ძველი ისტორიაა, ფრანგს მოუ ბავშვივით იყოლიებს ხოლმე. ჟოზესა და პეპის დაპირისპირებებზე რაღა ვთქვათ, როგორც ხოსეპმა ერთხელ თქვა, მოურინიო არის El Puto Jefe. ახლა ამას მარილისთვის დაუოკებელი კონტეც მოვაყაროთ და წარმოიდგინეთ, რა ემოციები დატრიალდება პრემიერლიგაში. ერთი სიტყვით, დიდი Mind Games-ის სეზონი ახლოვდება.

ფსიქოლოგიური, სიტყვიერი და ტაქტიკური დუელები. გვარდიოლა ინგლისში თავისი სტილის დამკვიდრებას აპირებს, რაც ადვილი არ იქნება. კონტე საკუთარ ტაქტიკურ ნოვაციებს შემოგვთავაზებს, კლოპი - ახალ სიგიჟეებს, მოურინიოც...

რა უთქვამთ მათ ერთმანეთზე
"სულელი და უპატივცემულო. ეს უფრო "ჩელსისთვისაა" სამარცხვინო და პრობლემა, ვიდრე ჩემთვის" - აღნიშნა არსენ ვენგერმა მოურინიოზე, მას მერე, რაც ამ უკანასკნელმა ფრანგს წარუმატებლობების, "ფეილების" ოსტატი უწოდა.

"ის ზედმეტად ბებერია იმისთვის, რომ საკუთარი მენტალიტეტი შეცვალოს" - განაცხადა მოურინიომ კლაუდიო რანიერიზე, რომელზეც ერთხელ ისიც თქვა, რა ჩემი ბრალია, თუ ყველა ლუზერს ეძახის, მეც ვიმეორებო.

"ის ძალიან ძლიერი პიროვნებაა. როდესაც იგი პრემიერლიგაში გამოჩნდება, რევოლუციას ველოდები. ის ყველაფერს შეცვლის" - განაცხადა ანტონიო კონტეზე რანიერიმ.

"შთამბეჭდავი - ეს შესაბამისი სიტყვაა, რითაც შემიძლია "ტოტენჰემი" და მისი მთავარი მწვრთნელი დავახასიათო. ეს კარგი გუნდია პოტენციალის გამოსავლენად" - თქვა კონტემ "დეზებზე" და მათ მთავარ მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინოზე.

"ჩვენს სტილს ტყუილად ადარებთ, განსხვვებულები ვართ. მე არ ვამბობ, რომ რომელიმე რომელიმეს სჯობია, უბრალოდ, განსხვავებას ვუსვამ ხაზს" - პოჩეტინოს არ უნდა, რომ იურგენ კლოპ II-ედ შერაცხონ.

"ეს ნამდვილი გამოწვევაა. არ მგონია, რომ იგი ისევე კომფორტულ სიტუაციაში აღმოჩნდეს, როგორც ეს ესპანეთსა და გერმანიაში იყო" - "კლოპო" მიიჩნევს, რომ "სიტიში" გვარდიოლას გაცილებით გაუჭირდება, ვიდრე "ბარსელონასა" და "ბაიერნში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ყველა მოჩალიჩე მწვრთნელია
0
კარგი სტატიაა. იტალიურ დესანტს ვალტერ მაცარის დავამატებდი. ვოტფორდის მომავალ მწვრთნელს და საკმაოდ წარმატებულს თავის დროზე ნაპოლიში. რაც შეეხება მწვრთნელთა ჩამონათვალს ალან პერდიუს აუცილებლად დავამატებდი. კლოპზე არანაკლებ შეშლილი და ჯოზეზე ბევრად აგრესიული თითქმის ყველა მწვერთნელთანაა კონფლიქტში შესული. ჯორდების დერბი დაგვაკლდება მარა არაუშავს. ბენიტესიც დაამშვენებდა წელს პრემიერ ლიგას, მოუსთან ეგეც კონტრაშია მარა სამაგიეროდ დიდი სემი დაცხებს მაგათ
coco
20:31 01-06-2016
0

სიახლეები პოპულარული