ილქაი გიუნდოგანი - პეპის პირველი შენაძენი

AutoSharing Option
ილქაი გიუნდოგანი უკვე ოფიციალურად გახდა "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი. "ქალაქელებმა" იგი "დორტმუნდიდან" დაიმატეს. ტრანსფერის ფინანსური დეტალები ჯერჯერობით, არ ხმაურდება, მაგრამ კულუარული ინფორმაციით, ბორუსიელებმა მასში 21 მილიონი გირვანქა მიიღეს.

25 წლის ნახევარმცველი ევროპის ჩემპიონატსა და ახალი სეზონის საწყის ეტაპს ტრავმის გამო გამოტოვებს. გიუნდოგანი ხოსეპ გვარდიოლას პირველი შენაძენი გახდა "სიტის" მთავარი მწვრთნელის რანგში. მართალია, პეპი ოფიციალურად 30 ივნისის მერე დაინიშნება, მაგრამ დიდი ხანია, ვიცით, რომ მას ილქაის დამატება სურდა.

"მას მერე, რაც გავიგე, რომ "სიტი" დაინტერესებული იყო, დიდი ხანი არ მიფიქრია. გადაწყვეტილება დროულად
მივიღე გულითა და გონებით. პეპ გვარდიოლას მსგავს სპეციალისტთან მუშაობის შანსი ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია. ერთი სული მაქვს, ახალ გუნდში თამაშს და ახალ მწვრთნელთან თანამშრომლობას როდის დავიწყებ.

მიხარია, რომ "სიტისა" და პეპის პირველი შენაძენი გავხდი. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გუნდს წარმატებების მიღწევაში დავეხმარო, როგორც ინგლისის მასშტაბით, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე. წინ ბევრი რამ არის, კარიერის საუკეთესო წლები წინ მაქვს და იმედი მაქვს, წარმატებებს მანჩესტერელებთან ერთად მივაღწევ" - განაცხადა გერმანელმა, რომელიც "დორტმუნდში" 2011 წელს "ნიურნბერგიდან" გადაბარგდა.

"სიტის" დირექტორი ჩიკი ბეგირისტაინი ამ ტრანსფერით ძალიან კმაყოფილია. ჩიკი "ბარსელონას" ძველი კადრია და ის დიდი ხანი მუშაობდა გვარდიოლას მოწვევაზეც.

"ის ჭკვიანი და მრავალმხრივი ნახევარმცველია, რომელსაც სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში.

მისი ტექნიკური მონაცემები გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ილქაისგან ბევრს ველოდოთ. უახლოეს წლებში გიუნდოგანი "სიტისთვის" მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება" - თქვა ბეგირისტაინმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული