ჰენრიხ მხითარიანი - პირველი სომეხი პრემიერლიგაში

AutoSharing Option
* "მანჩესტერ იუნაიტედმა" ზაფხულში მესამე ტრანსფერი განახორციელა.
* 27 წლის მხითარიანის სანაცვლოდ "მანჩესტერმა" "დორტმუნდს" 26 მილიონი გირვანქა გადაუხადა.
* ბედის ირონიით, მხითარიანის დებიუტი სწორედ "დორტმუნდის" წინააღმდეგ შედგება, რომელსაც "მანჩესტერი" ჩინურ ტურნეზე შეხვდება საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ეგიდით.
* ჰენრიხ მხითარიანი გახდება პირველი სომეხი ფეხბურთელი, ვინც ინგლისის პრემიერლიგაში ითამაშებს და 109-ე ქვეყნის წარმომადგენელი, ვისაც ამ ლიგაში უთამაშია.

ისე მოხდა, როგორც წინა დღით ჟოზე მოურინიომ თქვა - "მანჩესტერ იუნაიტედმა" რიგით მესამე ახალწვეული წარადგინა. ერიკ ბაილისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემდეგ კლუბმა ჰენრიხ მხითარიანი წარადგინა.

დღეიდან დორტმუნდის "ბორუსიას" 27 წლის სომეხი ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია და ის ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით ითამაშებს.

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, მხითარიანმა 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც ის შესაძლოა, კიდევ ერთი სეზონით გაგრძელდეს.

სომხეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო გოლეადორი (59 მატჩში 19 გოლი გაიტანა) "დორტმუნდში" 2013 წლიდან თამაშობდა. მანამდე მხითარიანი დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი იყო. გერმანულ კლუბში მან 140 მატჩში 41 გოლი გაიტანა. როგორც ხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ მხითარიანის უშუალო მოვალეობა უფრო ფორვარდების პასებით მომარაგებაა, შემტევი ნახევარმცველი კომბინაციის დაგვირგვინებაშიც დიდებულია, რაც მას თავისი ამპლუის ფეხბურთელების დიდი უმრავლესობისგან გამოარჩევს. ეს მოსწონს მასში მოურინიოსაც.

მხითარიანი ორშაბათიდან "აონის" საწვრთნელ კომპლექსში იმყოფებოდა. გუშინ მან წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება, დადებითი პასუხი მიიღო და კონტრაქტსაც ხელი მოაწერა. "დორტმუნდი" სომეხი ფეხბურთელის სანაცვლოდ 26 მილიონ გირვანქას მიიღებს.

"ძალიან ვამაყობ იმით, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი გავხდი. ეს ტრანსფერი იყო ჩემი ოცნება, რომელიც დღეს რეალობად იქცა. მიხარია, რომ ასეთი ისტორიის კლუბში თამაშის შანსი მომეცა. იმედია, რომ "მანჩესტერის" წევრი დიდი ხნით ვიქნები. მადლობა კლუბის ხელმძღვანელობასა და ჟოზე მოურინიოს, რომ მენდნენ, ჩემში სათანადო პოტენციალი დაინახეს.

ასეთ დიდებულ კლუბში ჩემი თამაში მამაჩემს ძალიან გაუხარდებოდა, მან ხომ ყველაფერი გაიღო ცხოვრებაში ჩემთვის. მამა იყო ის ადამიანი, ვინც ბავშვობაში ჩემი მთავარი მოტივატორი იყო", - განაცხადა ოფიციალურ პრეზენტაციაზე "მანჩესტერის" ახალწვეულმა.

პრეზენტაციაზე ერთი სახალისო მომენტიც იყო, როცა მხითარიანი ბრიტანულ მედიას უხსნიდა, როგორ იკითხება ზუსტად მისი გვარი. ის ჯერ სომხურად გაეცნო პუბლიკას და მერე მისი გვარის ინგლისურად წარმოთქმის ვერსიაც გაუზიარა.

"ჰენრიხი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელიც ძალიან პროდუქტიული იყო თავის ყოფილ კლუბებსა და ეროვნულ ნაკრებში. ის გუნდური ტიპის ფეხბურთელია, რომელსაც გამოარჩევს მოედნის დიდებული ხედვა და საგოლე ალღო. მოხარული ვარ, რომ მხითარიანმა "მანჩესტერ იუნაიტედი" აირჩია. დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალიან ადვილად შეერწყმება ახალ კლუბს, რადგან მისი თამაშის სტილი ყველაზე მეტად ინგლისურ პრემიერლიგას ერგება", - ეს სიტყვები კი მხითარიანის ახალ თავკაცს, ჟოზე მოურინიოს ეკუთვნის.

მხითარიანი ერევანშია დაბადებული, მაგრამ, როგორც ბევრი სომხური წარმოშობის "სელებრითი", ისიც საფრანგეთშია გაზრდილი. 2013 წელს მას ჰქონდა შანსი პრემიერლიგაში გადასვლის, "ლივერპულის" თავკაც ბრენდან როჯერსს სურდა მისი შეძენა, მაგრამ მაშინ "დორტმუნდის" თავკაცმა იურგენ კლოპმა აჯობა (რომელიც ახლა სწორედ "ლივერპულის" მწვრთნელია) - 23 მილიონ გირვანქად შეიძინა და განაცხადა, რომ ის "დორტმუნდს" დიდებულად მოერგებოდა.

ასეც მოხდა, სომეხი "დორტმუნდის" ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. მისი გვარის გამოთქმა "დორტმუნდის" ფანებსაც უჭირდათ. ასე რომ, ჰენრიხი უბრალოდ "მიკი"-დ მონათლეს. გერმანიაში მას სომეხ ზიდანს უწოდებდნენ. მხითარიანი "დორტმუნდის" ფანებსაც არ ივიწყებს და ის მათ გამოსამშვიდობებელი წერილით დაემშვიდობა.

"მადლობა ყველას, თქვენ ყოველთვის დარჩებით ჩემს გულში. სიყვარულით, თქვენი მიკი", - წერს სომეხი ფეხბურთელი. "დიახ, ცოტა უცნაურია, რომ პირველი თამაში ჩემი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მექნება, ალბათ, გარკვეულ ემოციაშიც ვიქნები, მაგრამ არა უშავს, ფეხბურთში ასეთები ხდება", - ამბობს ჰენრიხ მხითარიანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
მითარიანს აქვს ნათქვამი: როცა სახლს მთავაზობდნენო შახტარშიო ბაზაზე დარჩენა ვამჯობინეო რომ მარო ფეხბურტზე მომეხდინა კონცეტრაციაო ხოდა ნახეთ რეებს მიაღწია და შახტარში იმავე პერიოდში მყოფი ქართველბი გუნდიდან გუნდში გადადიან ყოველ წელს განათხოვრების წესით
goga
14:39 07-07-2016
0
ხო, მხიტარიშვილი,ოღონდ ოთარ კორღალიძეა მამამისი,რა არ გაავს???
qutaisi
14:01 07-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული