გაერთიანებული ერების პრემიერლიგა: ქინქლაძიდან მხითარიანამდე

AutoSharing Option
კეთილი იყოს შენი ფეხი გაერთიანებული ერების პრემიერლიგაში! არა, ასეთი სიტყვები არ უთქვამთ სომეხი ჰენრიხ მხითარიანისთვის, როცა "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტს ხელს აწერდა, მაგრამ თავისუფლად შეეძლოთ ეთქვათ - რაც პრემიერლიგა არსებობს (1992 წლიდან), მხითარიანი 109-ე ქვეყნის შვილია, ვისაც ამ ტურნირში თამაში მოუწევს.

როცა ჰენრიხ მხითარიანი 26 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ ტომას ტუხელის "დორტმუნდიდან" ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა, ის გახდა 109-ე ქვეყნის წარმომადგენელი, ვისაც ინგლისურ პრემიერლიგაში უთამაშია. მხითარიანი გახდა პირველი სომეხი ფეხბურთელი, ვინც ინგლისის ელიტურ ლიგაში ითამაშებს.

ცოტა უფრო ადრე, მას მერე, რაც
აიტორ კარანკას
გაწვრთნილმა "მიდლსბრომ" პრემიერლიგის საგზური მოიპოვა, ცნობილი გახდა, რომ 108-ე ქვეყნის წარმომადგენელი პრემიერლიგაში გახდა ემილიო ნსუე, ვინც ეკვატორული გვინეის წარმომადგენელია.

ფიფას წევრი 211 ქვეყანაა, ანუ უკვე ნახევარზე მეტის წარმომადგენელს უთამაშია პრემიერლიგაში, რომელიც 1992 წელს შეიქმნა. ნსუეს და მხითარიანს ჯერ არ უთამაშიათ პრემიერლიგაში, ბოლო ასეთი ფეხბურთელები კი კოსოვოელი ბერსანტ ცელინა და გამბიელი მადუ ბაროუ არიან. მათი დებიუტები უკვე შედგა პრემიერლიგაში.

მხითარიანი შეეცდება, ისეთივე კვალი დატოვოს "იუნაიტედისა" და ტურნირის ისტორიაში, როგორც ეს "მანჩესტერის" ყოფილმა ფეხბურთელებმა დუაიტ იორკმა (პირველი ტრინადადელი ინგლისში) და ერიკ კანტონამ (პირველი ფრანგი პრემიერლიგაში) შეძლეს.

Sportall.Ge

მაგრამ პირველობა ძნელია და ყოველთვის წარმატებით არ სრულდება. ამის ნათელი მაგალითია "საუთჰემპტონში" ჩარიცხული ალი დია ჟორჟ ვეას "ნათესავი" (პირველი სენეგალელი) და "ქოვენთრი სიტის" ისაიაში, პირველი ბრაზილიელი პრემიერლიგაში, რომელიც მხოლოდ ორი გოლით "დაგვამახსოვრდა".

ამ მხრივ, პირველი ქართველი პრემიერლიგაში სუპერწარმატებული იყო - გიორგი ქინქლაძე 2 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ 1995 წლის ზაფხულში "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი გახდა და ამ კლუბის ლეგენდად იქცა. ქინქლაძე პირველი ქართველი იყო პრემიერლიგაში, სხვები ასეთი წარმატებულები ვეღარ იყვნენ.

ალბათ, არავისთვის არ იქნება მოულოდნელი, რომ ინგლისელების გარდა, პრემიერლიგაში ყველაზე მეტ ირლანდიელს უთამაშია - პრემიერლიგის ისტორიაში სულ 173-მა ირლანდიელმა ითამაშა. შემდეგ მოდიან ფრანგები და ჰოლანდიელები.

ალბათ, საინტერესოა, ვინ იყვნენ თავიანთი ქვეყნის პიონერები პრემიერლიგაში. 109 ქვეყანას ნამდვილად ვერ ჩამოვთვლით, რამდენიმეს, კი ბატონო:

პირველი არგენტინელი პრემიერლიგაში - ორასიო კარბონარი, პირველი ავსტრიელი - ალექს მანინგერი, პირველი ბელორუსი - ალექს ჰლები, პირველი ბელგიელი - ფილიპ ალბერი, პირველი ჩინელი - ლი ტიე, პირველი კოსტარიკელი - პაულო ვანჩოპე, პირველი დანიელი - პეტერ შმეიხელი, პირველი ეგვიპტელი - მიდო, პირველი ესტონელი - მარტ პოომი, პირველი გიბრალტარელი - დენი ჰიგინბოთემი, პირველი ირანელი - ქარიმ ბაღერი, პირველი იტალიელი - ანდრეა სილენცი, პირველი ლატვიელი - მარიანს პაჰარსი, პირველი ლიტველი - ტომას დანილევიჩუსი, პირველი პორტუგალიელი - დანი, პირველი რუმინელი - დან პეტრესკუ, პირველი რუსი - ანდრეი კანჩელსკისი, პირველი სერბი - სავო მილოშევიჩი, პირველი უკრაინელი - ალექს ევტუშოკი, პირველი თურქი - მუზი იზეტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მომწონს ეს ბიჭი და ვგულშემატკივრობ, მაგრამ მეეჭვება, რომ მანიუმ სწორი არჩევანი გააკათა, მე ამ ბიჭის კარგი თამაში ვერც ერთ გრანდთან მე ვერ ვნახე, თითქოს ის ცოტა რაღაც აპლია, რაც ვარსკვლავებს განასხვავებს სხვებისგან, ვნახოთ, იქნებ მოუმატოს, მაგრამ არა მგონია მარსიალზე და რაშფორდზე მაღალი კლასის ფორვარდი იყოს.
bavaria
00:01 19-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული