როცა გვარდიოლას სამი კვირა მთელ კარიერას უდრის

AutoSharing Option
მსურველები ინგლისის ნაკრებისა და "ევერტონის" მცველს, ჯონ სტოუნსს არ ეშვებიან. ახლა "მანჩესტერ სიტი" გააქტიურდა. მეტიც, ინგლისური პრესა წერს, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიანო. "ქალაქელები" მზად არიან, 22 წლის ცენტრალურ მცველში 50 მილიონი გირვანქა გადაიხადონ. არადა, 2013 წელს "კანფეტებმა" სტოუნსი "ბარნსლიდან" 3 მილიონად იყიდეს.

როგორც იცით, წინა ზაფხულს მისი წაყვანა "ჩელსის" სურდა, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა, "გუდისონ პარკის" ბინადრებმა სტოუნსის შენარჩუნება შეძლეს. ახლა კი "სიტი" გააქტიურდა და მანჩესტერელებმა თუ მართლა მოინდომეს, წინ ალბათ, ვერაფერი დაუდგებათ. ამასობაში, "ევერტონსაც" მოუფიქრებია, რა უნდა ქნას, თუ სტოუნსი
წავა - "კანფეტები" "სანდერლენდიდან" 27 წლის ლამინე კონეს დამატებას აპირებენ 14 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ.

ყურადსაღებია პეპ გვარდიოლას სიტყვებიც: "ჩვეულებრივ, ცენტრალური მცველები ფიზიკურად ძლიერები არიან, აგრესიულები და მეორე სართულზე კარგად თამაშობენ. თუმცა ჩვენ გვჭირდება ისეთი უკანახაზელებიც, რომლებიც ნახევარდაცვასა და თავდასხმას სწრაფი და ჭკვიანური პასებით მოამარაგებენ. სწორედ ამიტომ უნდა იყვნენ უკანახაზელები მრავალმხრივები და უმაღლესი დონის მოთამაშეები. ვფიქრობ, 31 აგვისტოსთვის სრულად დაკომპლექტებული შემადგენლობა გვეყოლება, რომლითაც იმ ფეხბურთის თამაშს შევძლებთ, როგორიც გვინდა".

გვარდიოლას მრავალფუნქციური ფეხბურთელები მართლაც ძალიან უყვარს და სავარაუდოდ, რამდენიმე მოთამაშეს პოზიციასაც შეუცვლის ხოლმე. ერთ-ერთი მათგანი, როგორც ჩანს, ფერნანდინიო იქნება, მეორე - ფაბიან დელფი და ა.შ.

"ფერნანდინიოს 10 ამპლუაში შეუძლია თამაში. იგი სხარტია, სწრაფი, ჭკვიანი, აგრესიული, ძლიერია მეორე სართულზეც, შეუძლია ფლანგზე გადაწევა, გრძელი გადაცემების გაკეთება…" - დასძინა გვარდიოლამ.

რაც შეეხება ნახსენებ დელფს, იგი პეპით აღფრთოვანებულია და თანაც, გვარდიოლასადმი მიძღვნილი კომპლიმენტების ფონზე, ეიმედება, რომ ახალი მწვრთნელი მას მეტ სათამაშო დროს მისცემს. რატომაც არა, "ბარსელონასა" და "ბაიერნის" ყოფილ დამრიგებელს შრომისმოყვარე ფეხბურთელები უყვარს, დელფს კი - შრომა.

"ახალ მწვრთნელთან ერთად ჯერჯერობით, დაახლოებით სამი კვირა გავატარეთ და ეს საოცარია, შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. ამ პერიოდში იმაზე მეტი ვისწავლე, ვიდრე მთელი კარიერის განმავლობაში. ეს ხმამაღალი განცხადებაა, მაგრამ სიმართლეა" - თქვა დელფმა.

26 წლის ნახევარმცველს პრემიერლიგაში უკვე 129 მატჩი აქვს ჩატარებული. იგი წლების განმავლობაში "ასტონ ვილას" ლიდერი და კაპიტანი იყო. რაც შეეხება "სიტის", როგორც იქ, ასევე ნაკრებში ფეხის მოკიდებაში ხელი ტრავმამ შეუშალა.

"იგი ყველაფერს ძალიან მარტივად გვიხსნის, კარგად გვაგებინებს. გვარდიოლას მუშაობის სტილი და ფილოსოფია შესანიშნავია. ჩვენ შევეცდებით, მისი ხედვა მინდორზე გადმოვიტანოთ. მწვრთნელს უამრავი სხვადასხვა სისტემა აქვს და ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად ვისწავლით და ავითვისებთ ამ ყველაფერს. ბედნიერი ვიქნები, თუ ყველაფერი გამომივა. სავარაუდოდ, მეც შევიცვლი ამპლუას. არა მგონია, ცენტრალური მცველი გავხდე, მაგრამ ვფიქრობ, სასიამოვნო სიურპრიზი გელით" - აგრძელებს დელფი.

ბოლოს დელფს აზრი ინგლისის ნაკრების მომავალზეც ჰკითხეს: "ვფიქრობ, ნაკრებს კარგი მომავალი აქვს, რასაც არ უნდა ამბობდეთ პრესაში, ჩემო მეგობრებო. გულდაწყვეტილი ვარ როი ჰოჯსონის წარუმატებლობის გამო, რადგან ნაკრებში სწორედ მან ამიყვანა. ახლა ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომელსაც ასევე ძალიან გამოცდილი და სიანტერესო სპეციალისტი ჩაუდგა სათავეში. ზუსტად ვიცი, რომ ყველა ფეხბურთელი ბოლომდე იხარჯება და გულითა და მთელი შემართებით თამაშობს. ერთად თუ ვიდგებით, წარმატების მიღწევა შეგვიძლია".

ბოლოს კი ისევ გვარდიოლას დავუბრუნდეთ, რომელმაც "სიტის" ფეხბურთელების ჭარბ წონასთან დაკავშირებულ მითქმა-მოთქმაზეც გააკეთა კომენტარი. ჟურნალ-გაზეთებში, განსაკუთრებით კი, გაელ კლიშის სიტყვების მერე გავრცელდა ცნობები, რომ სერხიო აგუეროს თამადობით, მანჩესტერელთა რამდენიმე მოთამაშეს წონის პრობლემა აქვს. იყო ფოტოებიც.

პეპმა კი ისინი დროებით ჩამოაშორა გუნდს და საჭმელ-სასმელთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები დააწესა. დიდი წილი ამ ყველაფრის სიმართლეა, მაგრამ გვარდიოლა ამბობს, რომ სურათის გამუქება საჭირო არ არის - ძალიან გადაჭარბებული ცნობები ვრცელდებაო.

"ჭარბი წონის რეალური პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ ფეხბურთელები თავს მხნედ უნდა გრძნობდნენ და ფორმაში იყვნენ. ცხადია, დიდი მნიშვნელობა აქვს წონაში ცოტათი მომატებასაც. თუ ყველაფერი მწყობრში არ არის, საფრთხეში ხარ - ვეღარ იქნები ისეთი სწრაფი, ისეთი ძლიერი და სასარგებლო. ამიტომაც მინდა, რომ ყველა ბოლომდე მწყობრში იყოს" - აღნიშნა გვარდიოლამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
პეპი ჭანტურია წაგეყვანა ჯიგარ, ეგება ბრექი გამოუკეთო:)
murtalo
11:44 29-07-2016
0
თუმცა, ამ საიტზე ვინც "შემოდის", ყველა ხედავს, რომ ერთი კაცი(?), სხვადასხვა ნიკით ჭანტურიას "სიყვარულით" იხრჩობა და რაც არ უნდა იყოს ამის მიზეზი, აუცილებლად ავნებს, თუ უკვე ძალიან გვიან არაა. ასეთი ბოღმა, ქართველისგან(თუ ქართველია, ან საერთოდაც ადამიანისგან) სხვა ქართველის(ადამიანის) მიმართ, სამარცხვინოა და უეჭველი ფსიქიკურ პრობლემებზე მიუთითებს. პატივცემულო რედაქცია, ვფიქრობ, ამგვარ "კომენტარებს" რაღაც ცენზურა / "გაცხრილვა" სჭირდება. მადლობა.
ექიმი, რომელიც არ იცნობს ჭანტურიას!
12:16 29-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული