ახალი "მიდლსბრო" სამხრეთამერიკულ-ესპანური არომატით

AutoSharing Option
ინგლისურ პრემიერლიგას "მიდლსბრო" დაუბრუნდა, ტრადიციული გუნდი, რომელიც ყოველთვის თვალსასეირო, შემტევ ფეხბურთს თამაშობს. თავის დროზე ამ გუნდში არაერთ ცნობილ ფეხბურთელს უთამაშია, მათ შორის, იტალიელ შემტევ ფაბრიციო რავანელის და ბრაზილიელ ნახევარმცველს, ჯადო-პასების შემსრულებელ ჟუნინიოს.

ახალი "მიდლსბრო" ძალიან საინტერესო გუნდად მოჩანს. ერთი ცხადია: სამხრეთამერიკულ-ლათინურ თარგზე მოჭრილი კლუბი შეეცდება, რაღაც განსაკუთრებული შემოგვთავაზოს.

მწვრთნელი
აიტორ კარანკა
42 წლის ბასკი სპეციალისტი, რომელმაც აქტიური ფეხბურთელობის ჟამს "რეალსა" და "ბილბაოში" გააგორა ბურთი, 2013 წლიდან წვრთნის "მიდლსბროს". შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ კარანკას ხელმძღვანელობით მოახერხა გუნდმა ინგლისის უძლიერეს ლიგაში დაბრუნება.
კარანკასათვის ეს დიდი გამოწვევაა. "მიდლსბრომდე" ის ესპანეთის 16-წლამდელთა ნაკრებს წვრთნიდა და "რეალში" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო.

ახლები
ალვარო ნეგრედო
30 წლის ფორვარდი "მიდლსბროს" მთავარი შენაძენია. ის ინგლისურ კლუბში "ვალენსიიდან" არის განათხოვრებული. ნეგრედოს უკვე აქვს პრემიერლიგაში ასპარეზობის გამოცდილება. ის "მანჩესტერ სიტის" ღირსებას იცავდა. ბოლო დროს ალვარომ, რომელმაც ესპანეთის ნაკრებში 21 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა, ვერაფრით იპოვა საკუთარი თამაში. ასე იყო მის ბოლო კლუბში, "ვალენსიაში". კარგი იქნება, თუ ის ამას "მიდლსბროში" გააკეთებს.

ვიქტორ ვალდესი
34 წლის მეკარემ თავად აირია კარიერა. შეიძლება ის არ იყო ტოპ-გოლკიპერი, მაგრამ მშვიდად იდგა დიდებული "ბარსელონას" კარში. და აი, ზუსტად ამ დროს, ყველასათვის მოულოდნელად, ვალდესმა კატალონიური სუპერკლუბის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ის მივიდა "მანჩესტერ იუნაიტედში", სადაც საერთოდ არ ჰქონდა სათამაშო პრაქტიკა. მერე გაანათხოვრეს ლიეჟის "სტანდარდში". ვალდესს საქმეები არც ბელგიაში აეწყო. მორიგი გაჩერება ინგლისშია. წესით, ვალდესი "მიდლსბროს" ძირითადი მეკარე უნდა იყოს.

ბრედ გუზანი
31 წლის ამერიკელი გოლკიპერი, ვინც საიმედოა როგორც კარის ხაზზე, ისე გამოსვლებზე, ვალდესის კონკურენტი უნდა იყოს. შეიძლება პირიქითაც მოხდეს. გუზანი დაშორდა "ასტონ ვილას". ბოლოს კლუბთან ერთად პრემიერლიგაში საშინელი სეზონი ჰქონდა, მაგრამ ეს მეკარის ბრალი ნამდვილად არაა.

ანტონიო ბარაგანი
29 წლის მცველი, რომელსაც ესპანეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მისი სახელი "ვალენსიას" უკავშირდება. ის ხან ძირითადში იყო, ხან - არა. ახლა კი ატმოსფეროს შეცვლა და "ნისლიან ალბიონზე" გადაბარგება გადაწყვიტა.

ვიქტორ ფიშერი
ძალიან ნიჭიერი 22 წლის დანიელი ნახევარმცველი, ვინც მთავარი კაცი უნდა იყოს "მიდლსბროს" შუა ხაზში. ფიშერს შეუძლია გოლების გატანა და კარგი პასების გაკეთება. მან გუნდის თამაშში სინატიფე უნდა შეიტანოს.

ძველები
გრანტ ლიდბიტერი
30 წლის კაპიტანი. 2012 წლიდან "მიდლსბროში" თამაშობს და გუნდთან ერთად თითქმის ყველაფერი ნახა. თუ ინგლისის მთავარ ნაკრებს არ ჩავთვლით, გამოცდილ ნახევარმცველს ყველა ასაკობრივ გუნდში უთამაშია.

ჯორდან როდეზი
შოტლანდიელი მეგოლე, რომელმაც ჯერ კიდევ "ბლექბერნში" თამაშისას დაადასტურა თავისი ბომბარდირული თვისებები. აუცილებლად ექნება პრეტენზია, რომ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ითამაშოს.

კრისტიან სტუანი
გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ურუგვაის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი. ინგლისურ გარემოს ალღო ძალიან კარგად აუღო. მომავალ სეზონში მასზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

გასტონ რამირესი
ნიჭიერი ურუგვაელი, რომელიც ბოლომდე ვერაფრით იხსნება. არადა, მას უკვე დაუგროვდა იტალიის და ინგლისის უძლიერეს დივიზიონებში ასპარეზობის საკმარისი გამოცდილება. იქნებ სწორედ "მიდლსბროა" ის გუნდი, სადაც ბოლომდე გამოავლენს თავს? ურუგვაის ნაკრების წევრი.

ემილიო ნსუე
ესპანეთში დაბადებულ-გაზრდილი ფორვარდი, ვინც ეკვატორიული გვინეის ნაკრებში თამაშობს. საკმარისი გამოცდილება მიიღო ესპანურ პრიმერაში. შეტევის ერთბაშად რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია მოქმედება. ცოტა გააქვს, მაგრამ ბევრს მუშაობს შეტევაში.

დევიდ ნაჯენტი
ბოლო წლებში "ლესტერის" სახე იყო და ეს გუნდი მაინცდამაინც დიდი აღმავლობის წინ დატოვა. 31 წლის ფორვარდმა ერთი მატჩი ინგლისის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშიც კი ჩაატარა. კარგად იცის გოლების გატანა. სასარგებლო შემტევია.

P.S. ბოლო ამხანაგურ მატჩში "მიდლსბრომ" 3:1 დაამარცხა "ასტონ ვილა". გოლები ნეგრედომ, ფიშერმა და როდესმა გაიტანეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული