ჟოზე-ზლატანის დუეტი "იუნაიტედს" დიდ სცენაზე დააბრუნებს

AutoSharing Option
ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედიდან" დაახლოებით 8 ფეხბურთელის გაშვებას აპირებს. ამ სიის სათავეში თითქოსდა, ბასტიან შვაინშტაიგერია. თუმცა არანაკლებ საინტერესოა სხვების ბედი და ვინაობაც.

ერთ-ერთი, ვინც პორტუგალიელის გეგმებში არ შედის, როგორც ჩანს, მცველი პადი მაკნეირია. 21 წლის უკანახაზელს, სავარაუდოდ, დიდი ხანი არ დასჭირდება ახალი გუნდის საპოვნელად და სათამაშო პრაქტიკაც მეტი ექნება.

აგერ, ბრენდან როჯერსის "სელტიკმა" და პრემიერლიგაში დაბრუნებულმა შონ დაიჩის "ბარნლიმ" უკვე გამოთქვეს მისი დამატების სურვილი.

თავად "განსაკუთრებულს" ძალიან უნდოდა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" "ბაზელისა" და შვეიცარიის ნაკრების ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი ბრილ ემბოლო
მოეყვანა.

შესაძლოა, ახალგაზრდა ტალანტი უმალვე ძირითადი შემადგენლობის ან ზოგადად, ძირითადი გუნდის წევრად არ ქცეულიყო, მაგრამ სამომავლო გათვლით, კარგი ტრანსფერი იქნებოდა. ამაზე სიამაყით ისაუბრა გელზენკირხენის "შალკეს" სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ჰაიდლმა.

სიამაყით იმიტომ, რომ ემბოლო, როგორც იცით, საბოლოოდ სწორედ მან ჩაიგდო ხელში და გერმანული კლუბის ახალწვეული იდეაში მეორე მანჩესტერულ გუნდში, "სიტიში" მიმავალი ლეროი სანეს ერთგვარი ალტერნატივა იქნება.

ემბოლო ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, მაგრამ ისეთ ადრეულ ასაკში დაიწყო მაღალ დონეზე თამაში, რომ უკვე საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელია და დიდ სცენაზე გამოსასვლელად მომწიფებულია. შესაძლოა, "მანჩესტერმა" მისი შეძენა ისევ სცადოს... ზამთარში ან მომავალ ზაფხულს.

მოურინიო სასურველ მოთამაშეებს ასე ადვილად არ ივიწყებს ხოლმე.

ერნან კრესპოს თუ ვენდობით, ზლატან იბრაჰიმოვიჩი სრულებით საკმარისი იქნება იმისთვის, რომ "მანჩესტერი" ისევ წარმატებული გახდეს. არგენტინის ნაკრების ექსფეხბურთელს, რომელსაც სათამაშო კარიერისას მოურინიოსთან ერთად "ჩელსისა" და "ინტერში" უმუშავია, მიაჩნია, რომ ჟოზე-ზლატანის ტანდემი "წითელ ეშმაკებს" დიდ სცენაზე დააბრუნებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული