* გვარდიოლას კინაღამ დებიუტი ჩაუმწარდა...
* პედი მაკნეირი გახდა პირველი დებიუტანტი ბოლო 5 წლის განმავლობაში, ვინც ახალი გუნდის მაისურით პირველივე მატჩში ავტოგოლი გაიტანა. ბოლოს ანალოგიური შეცდომა ქუინზპარკელ დენი გაბიდონს მოუვიდა...
* ევერტონელმა როს ბარკლიმ გაიტანა გოლი თავისი გუნდის ბოლო სამ სასტარტო შეხვედრაში (2013/14, 2015/16, 2016/17)...
* 2002 წლიდან მოყოლებული, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავის ყველა სადებიუტო მატჩში გაიტანა...
ეტყობა, მხედველობამ უმტყუნა...
პრემიერლიგის სტარტი უმალვე სენსაციით აღინიშნა: ჩემპიონი "ლესტერი" ელიტაში დაბრუნებულ, უმწვრთნელო (მაიკ ფელანი ერთი თამაშით დანიშნეს) "ჰალთან" მაშ, მივყვეთ თანმიმდევრობით და თავიდანვე ვთქვათ, რომ "ლესტერმა" ქომაგი გააწბილა არა მარტო მარცხით, არამედ უკბილო თამაშით. სადღა იყო ძველი საჩემპიონო შემართება და ცეცხლი. "ლესტერი" ჩემპიონი იყო მხოლოდ სტატუსით და არა - თამაშით.
კლაუდიო რანიერის ნახევარდაცვაში აღარ ჰყავს კანტე, ხოლო შეტევის ხაზში კი ვარდი და მაჰრეზი წინა სეზონის აჩრდილებადღა მოჩანდნენ. თუმცა აქ შეიძლება "ჰალის" მცველი კერტის დევისიც შევაქოთ, ვინც გასაქანი არ მისცა "ლესტერის" მთავარ დამრტყმელ ძალას...
ის ერთი გოლიც, მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიში რომ გათანაბრდა, ნაჩუქარი პენალტის ხარჯზე გავიდა. არბიტრ დინს ეტყობა მხედველობამ უმტყუნა, რადგან წესის დარღვევა აშკარად საჯარიმოს გარეთ მოხდა...
"მატჩის წინ ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ეს სეზონი წინაზე რთული იქნებოდა და ეს პირველივე მატჩში გამოჩნდა. ორი აზრი არ არის - "ჰალმა" უკეთ ითამაშა. ჩვენც ვცდილობდით, ძალიან გვინდოდა მოგება, მაგრამ უფრო ინდივიდუალურად, ვიდრე - გუნდურად. შეიძლება დღეს ფრე უფრო სამართლიანი შედეგი ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ ტრაგედია არ უნდა შევქმნათ, წინ მთელი სეზონია", - თქვა რანიერიმ ნამატჩევს.
პეპის სიურპრიზი
პეპ გვარდიოლა, ალბათ, უკეთეს დასაწყის ისურვებდა, ვიდრე პედი მაკნეირის თავური ავტოგოლით ნაჩუქარ სამ ქულას. რა თქმა უნდა, ტაბლო მთავარია, მაგრამ "ეტიჰადის" პუბლიკას ნამდვილად არ მოეწონებოდა "მანჩესტერ სიტის" თამაში. თუმცა ნურც იმას ვიფიქრებთ, რომ პეპს ამის გამო კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდება. ასეა თუ ისე, მოგებულებს არ ასამართლებენ. გვარდიოლას აუცილებლად ექნება დრო და საშუალება იმისთვის, რომ "სიტი" ბევრად უკეთესი გახდეს.თან ის ყისმათიანიცაა იმ მხრივ, რომ ზედიზედ მეშვიდე სეზონია, პეპის გუნდები იგებენ სასტარტო მატჩებს - დაწყებული "ბარსელონათი", გაგრძელებული "ბაიერნით" და აგერ, "სიტიც".
"ვიცოდი, რომ პრემიერლიგაში თამაშის მოგება ძალიან ძნელია და ეს დღეს საკუთარ თავზე გამოვცადე. ჩვენ კონცენტრირებულები ვიყავით მთელი თამაშის განმავლობაში და გამარჯვებაც დავიმსახურეთ. გუნდში ახალი ფეხბურთელები არიან, ახალი მწვრთნელია და სეზონის მოგებით დაწყება ყველასთვის კარგია, ეს პოზიტიურ განწყობას შეგვიქმნის", - თქვა გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე, სადაც, ისე როგორ იქნებოდა, ჯო ჰარტზეც არ დასმულიყო კითხვა...
შემადგენლობას გადახედეთ - დიახ, "სიტის" მთავარი მეკარე შაბათს სკამზე იჯდა. პეპმა კარი არგენტინელ ვილი კაბალიეროს ანდო, რითიც ინგლისის ნაკრების კიპერს მიანიშნა, რომ სტატუსს დამტკიცება უნდა. მაინც რატომ გაუხდა ჰარტს საამისოდ საქმე?
"მიმაჩნია, რომ ვილის (კაბალიერო) მშვენიერი წინასასეზონო პერიოდი ჰქონდა, - ამბობს გვარდიოლა. - მომზადების მისმა დონემ და პიროვნულმა თვისებებმა მომცა რწმენა, რომ სწორედ ის არჩევანი უნდა გამეკეთებინა, რაც გავაკეთე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჯოს (ჰარტი) შანსი არ აქვს. მასაც დიდ პატივს ვცემ, ისევე, როგორც მის კარიერას, მაგრამ ახლა ასე გადავწყვიტე".
ეს მხოლოდ კონტურებია...
შაბათს კიდევ ერთი საინტერესო თამაში იყო. "გუდისონ პარკზე" "ევერტონი" და "ტოტენჰემი" დაზავდნენ - 1:1. მასპინძელი უკეთესი იყო და ექსპერტებმაც თქვეს, რომ რონალდ კუმანის გუნდი მოგებას იმსახურებდა. რაც შეეხება "ტოტენჰემს", მაურისიო პოჩეტინო მხოლოდ მეორე ტაიმით დარჩა კმაყოფილი და ისიც კი თქვა, გამარჯვებაც შეგვეძლოო. მაგრამ არგენტინელს დაავიწყდა, რომ მისი შეგირდების პასიურობის გამო "ევერტონს" პირველ ტაიმში ისეთი ფორის შექმნა შეეძლო, მეორე ნახევარში სულ სხვა თამაში იქნებოდა. ასე კი, ყველაფერი ლამელას თავურმა გადაწყვიტა.
"მეორე ტაიმში ჩვენი თამაში ცოტათი ჰგავდა იმას, რაც წინა სეზონში ვაჩვენეთ, მაგრამ ეს მხოლოდ კონტურებია იმისი, რაც დაგვაკმაყოფილებდა. უნდა მოვუმატოთ და მოვუმატებთ კიდეც. სტარტი ყოველთვის რთულია", - ასე შეაფასა თამაში პოჩეტინომ.
გოლის გამტანია საჭირო!..
მოკლედ ვთქვათ შაბათის სხვა მატჩებზეც. პრემიერლიგაში დაბრუნებულმა "მიდლსბრომ" შინ 1:1 ითამაშა "სტოკთან". მასპინძელთა მწვრთნელმა აიტორ კარანკამ თანამემამულე ნეგრედოზე (რომელმაც თავისიანები მე-11 წუთზე დააწინაურა) თქვა - ის ამ სეზონის გასაღებია, როგორ ფორმაშიც იქნება, ისევე ითამაშებს "მიდლსბროცო". ისე კი, ერთი კაცის იმედზე ყოფნა სახარბიელო პერსპექტივა არ უნდა იყოს...
საუთჰემპტონში ორი სამწვრთნელო დებიუტი შედგა - აქეთ კლოდ პიუელი, იქით ვალტერ მაძარი, რომლის "უოტფორდმა" "სენტ მერიდან" ალალი ქულა წაიღო. იტალიელი სპეციალისტი ფრიად კმაყოფილი დარჩა თავისი გუნდის საბრძოლო სულისკვეთებით.
მაძარი თუ ქულით დაკმაყოფილდა, მისი თანამემამულე ფრანჩესკო გვიდოლინი სულაც 3 ქულით ხელდამშვენებული დაბრუნდა შინ. მისმა "სუონსიმ" გასვლაზე "ბარნლის" 1:0 მოუგო. "ბარნლის" მწვრთნელი შონ დიჩი კი გაცოფებული იყო იმის გამო, რომ მის გუნდს აშკარა პენალტი არ მისცა მსაჯმა იმ ეპიზოდში, როცა მაიკლ კინის მაისურაზე მოქაჩეს...
ამავე ანგარიშით წააგო შინ "კრისტალ პალასმა", რომელსაც სერიოზული უპირატესობა ჰქონდა "ვესტ ბრომვიჩთან" მატჩში. ალან პარდიუ, ალბათ, კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში, რომ გუნდს გოლის გამტანი სჭირდება...
თავდაცვა იწყება თავდასხმაში!..
კვირას სცენაზე ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედიც" გამობრძანდა. "განსაკუთრებულმა" თავისი ფავორიტი სქემითა (4-2-3-1) და მრავალნაცადი მეთოდით ათამაშა ახალი სამწყსო - თავდაცვა იწყება თავდასხმაში! "იუნაიტედმა" "ბორნმუთი" თავიდანვე მკაცრ მარწუხებში მოაქცია და 54-ე წუთზე, როცა იბრაჰიმოვიჩის შორეული დარტყმით მასპინძელთა კარის ბადე მესამედაც შეირხა, ყველაფერი თავის ადგილას დადგა.საინტერესოა იბრას რეკორდი - 2002 წლიდან მოყოლებული, ყველა ტურნირსა და ლიგაში მან სადებიუტო მატჩში მოახერხა გოლის გატანა. 14 წლის წინ, როცა "აიაქსში" იყო და ჯერ არ ქუხდა, ჩემპიონთა ლიგის სასტარტო მატჩში "ლიონს" შეუსრულა.
მერეც, დუბლით ვერა, მაგრამ ყოველთვის გოლით იწყებდა იმ ლიგებსა და ქვეყნებში, სადაც კი ფეხი დადგა - სერია A-ში, პრიმერა დივიზიონში, ლიგა 1-სა და აგერ, პრემიერლიგაშიც.
შაბათის არცთუ სანახაობრივი დღის შემდეგ პირველი ტურის ნამდვილ მშვენებად იქცა ლონდონური დრამა, სადაც პრობლემებით დახუნძლული "არსენალი" "ლივერპულს" ბოლომდე ეჭიდავა, მიუხედავად იმისა, რომ 64-ე წუთისთვის სამბურთიანი სხვაობით აგებდა.
აღვნიშნოთ არსენ ვენგერის ორი შეცვლა - ერთი, რომ ოქსლეიდ-ჩემბერლენმა მოედანზე შესვლიდან 5 წუთში გაიტანა, და მეორე - კასორლა, რომელმაც ორი საგოლე პასი გააკეთა. საინტერესოა, რატომ არ იყვნენ ისინი ძირითადში? ალბათ, ამ შეცდომას ვენგერი მომდევნო ტურში გამოასწორებს.
თავისი გმირები ჰყავდა "ლივერპულსაც" - კოუტინიო დუბლით, ხოლო ლალანა ორი საგოლე პასით.
პრემიერლიგა. I ტური
ჰალი-ლესტერი 2:1
გოლები: 1:0 დიომანდი (45+1), 1:1 მაჰრეზი (47-პენ), 2:1 სნოდგრასი (57)
ჰალი (4-3-3): იაკუპოვიჩი - ელმოჰამადი, ლივერმორი, დევისი, რობერტსონი - მეილერი, ჰადლსტოუნი, კლუკასი - დიომანდი, სნოდგრასი, აბელ ერნანდესი.
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - სიმპსონი (83. ულოა), ლუის ერნანდესი, მორგანი, ფუხსი - დრინკუოტერი, კინგი (68. ემეტრი), დ. გრეი (68. ოკაზაკი), მაჰრეზი - მუსა, ვარდი.
გაფრთხილება: დევისი (71), კლუკასი (83) - ფუხსი (29), სიმპსონი (33)
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 8-17; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 14-18 (5-5); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 20 137
ბარნლი-სუონსი 0:1
გოლი: 0:1 ფერი (82)
ბარნლი (4-4-2): ჰეტონი - ლოუტონი, კინი, მი, ს. უარდი - არფილდი (75. გუდმუნდსონი), ჯოუნსი (87. იუტკევიჩი), მერნი, ბოიდი - ა. გრეი, უოკსი.
სუონსი (4-3-3): ფაბიანსკი - ნაფტონი, ამატი, ფერნანდესი, კინგსლი - კორკი, ბრაიტონი (60. სიგურდსონი), ფერი - რუტლიჯი (87. რანხელი), ბეროუ (64. მონტერო), ლორენტე.
გაფრთხილება: ჯოუნსი (42), უარდი (67), ლოუტონი (80) - ამატი (53), ფერნანდესი (90)
კუთხური: 7-4; ჯარიმა: 10-14; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 10-17 (3-9); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 19 126
კრ. პალასი-ვესტ ბრომვიჩი 0:1
გოლი: 0:1 რონდონი (74)
კრ. პალასი (4-2-3-1): ჰენესი - ჯ. უარდი, დანი, დელენი, სუარე (90. კელი) - იედინაკი, პუნჩეონი (77. კაბაი) - თაუნსენდი, ლი (66. ბოლასი), ზაჰა - უიქჰემი.
ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი - დოუსონი, ოლსონი, მაკოული, ევანსი - ფილიპსი, დ. ფლეტჩერი, იაკობი, გარდნერი (71. მაკკლინი) - რონდონი, ბერაჰინო (86. მორისონი).
გაფრთხილება: ზაჰა (84), ბოლასი (87) - დოუსონი (35), ევანსი (84)
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 12-15; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 14-13 (5-3); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 24 490
ევერტონი-ტოტენჰემი 1:1
გოლები: 1:0 ბარკლი (5), 1:1 ლამელა (59)
ევერტონი (3-4-3): სტეკელენბურგი - ჰოლგეიტი, იაგიელკა, მორი - მაკკარტი, გუაიე, ბერი (85. ქლევერლი), ბეინსი - მირალასი (76. ლენონი), ბარკლი, დეულოფეუ (68. კონე).
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი (35. ვორმი) - უოლკერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი - დაიერი (56. იანსენი), ვანიამა - ლამელა, ალი, ერიქსენი - კეინი.
გაფრთხილება: -
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 10-14; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 12-13 (6-4); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 34 494
მიდლსბრო-სტოკი 1:1
გოლები: 1:0 ნეგრედო (11), 1:1 შაქირი (67)
მიდლსბრო (4-2-3-1): ვალდესი - ნსუე, ბარაგანი, გიბსონი, ფრენდი - კლეიტონი, დე როონი (22. ფორშოუ) - ადომა, რამირესი (88. ნაჯენტი), დაუნინგი - ნეგრედო.
სტოკი (4-2-3-1): გივენი - ბერდსლი, შოუკროსი, ვოლშაიდი, პიტერსი - იმბულა, ველანი - შაქირი, კრკიჩი (78. ალენი), არნაუტოვიჩი - დიუფი (69. უოლტერსი).
გაფრთხილება: დაუნინგი (29), რამირესი (30), ფორშოუ (90) - შოუკროსი (22), გივენი (30), ბერდსლი (48), ვოლშაიდი (84), არნაუტოვიჩი (90)
კუთხური: 9-6; ჯარიმა: 16-14; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 12-12 (2-1); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 32 110
საუთჰემპტონი-უოტფორდი 1:1
გოლები: 0:1 კაპუ (9), 1:1 რედმონდი (58)
საუთჰემპტონი (4-1-2-1-2): ფოსტერი - სედრიკი (80. პიე), იოშიდა, ვან დიიკი, ტარჯეტი - რომეუ - დევისი, უარდ-პროუსი (55. ჰოიბერგი) - ტადიჩი - რედმონდი, ლონგი (83. ოსტინი).
უოტფორდი (3-5-2): გომეში - ქეთქართი, პრიოდლი, ბრიტოსი - ამრაბატი, კაპუ, ბეჰრამი (64. უოტსონი), გედიურა (73. სუნიგა), ჰოლებასი - დინი, იგალო (81. ანია).
გაფრთხილება: ვან დიიკი (90) - გედიურა (60), გომეში (87)
გაძევება: უოტსონი (76. უოტფორდი)
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 8-12; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 23-5 (6-1); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 31 488
სიტი-სანდერლენდი 2:1
გოლები: 1:0 აგუერო (4-პენ), 1:1 დეფო (71), 2:1 მაკნეირი (87-საკ. კარში)
სიტი (4-2-3-1): კაბალიერო - სანია, სტოუნზი, კოლაროვი, კლიში (80. იჰეანაჩო) - ფერნანდინიო, დავიდ სილვა (64. დელფი) - სტერლინგი, დე ბრუინი, ნოლიტო (59. ნავასი) - აგუერო.
სანდერლენდი (4-2-3-1): მანონე - ლავი, კონე, ქაბული, ვან აანჰოლტი - როდუელი, ო"ში - უოტმორი (64. იანუზაი), ბორინი, გუჩი (65. ხაზრი) - დეფო (83. მაკნეირი).
გაფრთხილება: კოლაროვი (90) - გუჩი (42), ლავი (67)
კუთხური: 9-5; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 17-7 (5-3); ბურთის ფლობა: 77%-23%.
მაყურებელი: 54 362
ბორნმუთი-მანჩესტერი 1:3
გოლები: 0:1 მატა (40), 0:2 რუნი (59), 0:3 იბრაჰიმოვიჩი (64), 1:3 სმიტი (69)
ბორნმუთი (4-4-2): ბორუცი - ფრენსისი, სმიტი, ს. კუკი, დენიელსი - იბე (68. აფობე), სორმენი, არტერი, ლ. კუკი (81. გრეიდელი) - კინგი, უილსონი (67. გრაბანი).
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ვალენსია, ბაილი, ბლინდი, შოუ - ფელაინი, ერერა - მატა (75. მხითარიანი), რუნი (89. დეპაი), მარსიალი (85. შნეიდერლინი) - იბრაჰიმოვიჩი.
გაფრთხილება: - ერერა (86)
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 7-10; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 9-11 (3-7); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 11 355
არსენალი-ლივერპული 3:4
გოლები: 1:0 უოლკოტი (31), 1:1 კოუტინიო (45), 1:2 ლალანა (49), 1:3 კოუტინიო (56), 1:4 მანე (63), 2:4 ოქსლეი-ჩემბერლენი (64), 3:4 ჩემბერსი (75)
გამოუყენებელი პენალტი: უოლკოტი (31. არსენალი)
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, ჰოლდინგი, ჩემბერსი, მონრეალი - ელნენი (67. ჯაკა), კოკელენი - რემზი (62. კასორლა), ივობი (59. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), სანჩესი - უოლკოტი.
ლივერპული (4-3-3): მინოლე - კლაინი, ლოვრენი, კლავანი, მორენო - ლალანა (76. ორიჯი), ჰენდერსონი, ვინალდუმი (88. სტიუარტი) - მანე, კოუტინიო (70. ჩანი), ფირმინო.
გაფრთხილება: კოკელენი (37), ივობი (57), ჯაკა (86) - ლალანა (26), მორენო (29), ლოვრენი (41)
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 13-17; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 9-16 (5-7); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 60 033
15 აგვისტო
ჩელსი-ვესტ ჰემი 23:00
II ტური
19 აგვისტო.
მანჩესტერი-საუთჰემპტონი
20 აგვისტო
სტოკი-სიტი, ბარნლი-ლივერპული, სუონსი-ჰალი, ტოტენჰემი-კრისტალ პალასი, უოტფორდი-ჩელსი, ვესტ ბრომვიჩი-ევერტონი, ლესტერი-არსენალი
21 აგვისტო
სანდერლენდი-მიდლსბრო, ვესტ ჰემი-ბორნმუთი.
გიორგი ნინიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"