ჯო ჰარტის მძიმე დროება - გვარდიოლა ინგლისის ნაკრების მეკარეს ძირითადში არ აყენებს

AutoSharing Option
ჯო ჰარტი "მანჩესტერ სიტიდან" წასვლაზე ფიქრობს. ფაქტია - ხოსეპ გვარდიოლა მას ძირითად მეკარედ არ მოიაზრებს (ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ თურმე ფეხით კარგად ვერ თამაშობს), სათადარიგოთა სკამზე ჯდომა კი 29 წლის მეკარეს, ცხადია, არ უნდა, არც მიჩვეულია და თან ეს ინგლისის ნაკრებში პირველნომრობის დაკარგვის ტოლფასი იქნება.

არც პრემიერლიგის პირველ ტურში "სანდერლენდთან" (2:1) და არც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში "სტიაუასთან" (5:0) მატჩებში ჰარტი ძირითადში არ იყო. პეპმა მის ნაცვლად ვილი კაბალიერო დააყენა.

ამას ემატება ისიც, რომ "ქალაქელებს" აქტიურად უკავშირებენ "ბარსელონას" მეკარეებს -
კლაუდიო ბრავოსა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენს. მეტიც - მანჩესტერელები და კატალონიელები ბრავოს ტრანსფერზე საბოლოოდ შეთანხმდნენ კიდეცო, ამასაც ამბობენ.

ერთი სიტყვით, შესაძლოა, ჰარტის წასვლის დრო მოვიდა, მაგრამ ამ ეტაპზე ის "ეტიჰადს" თუ დატოვებს, ალბათ, უფრო გაანათხოვრებენ. პირველი სერიოზული მსურველიც გამოჩნდა "დორტმუნდის" სახით, ფეხი გამოყო "ევერტონმაც"...

ჰარტი "სიტიში" 2006 წელს "შრიუზბერიდან" გადაბარგდა და კლუბში თითქმის 350 მატჩი ჩაატარა.

ევრო 2016-ზე 63 სანაკრებო თამაშით ის უეინ რუნის მერე ინგლისის ნაკრების ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი გახლდათ. თუმცა გვახსოვს ისიც, რომ უელსსა და ისლანდიასთან შეხვედრებში მან შეცდომები დაუშვა.

* * *
ამასობაში, პეპი ძალიან კმაყოფილი დარჩა თავისი გუნდის თამაშით "სტიაუას" წინააღმდეგ:

"ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ იმ თამაშით, რომელიც ვაჩვენეთ. მართლაც უმაღლესი კლასის ფეხბურთელები გვყავს და ეს ფანტასტიკურია. მადლობას ვუხდი "მანჩესტერ სიტის", რომ ამ დიდებულ მოთამაშეებთან ერთად მუშაობის საშუალება მომცა.

მანჩესტერში ყოველი დღით ვტკბები და მჯერა, შეგვიძლია იმის მიღწევა, რომ ჩვენით ძალიან იამაყონ", - აღნიშნა გვარდიოლამ.

"ბარსასა" და "ბაიერნის" ყოფილმა მწვრთნელმა ცალ-ცალკე ისაუბრა აგუეროსა და რაჰიმ სტერლინგზე. ამ უკანასკნელმა სეზონი შთამბეჭდავად დაიწყო. არადა, წინა ჩემპიონატში ვერ გაამართლა იმედები და ევროპის ჩემპიონატზეც უღიმღამო იყო. აგუეროს კი ბოლო 5 პენალტიდან 4 გაცუდებული აქვს და პეპს სიტყვა ჩაუგდეს კიდეც - იქნებ თერთმეტმეტრიანების შესრულება სხვას დაავალოო...

"რაც შეეხება აგუეროს, ვიცი, რომ ის საკუთარ თავში დარწმუნებულია. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენჯერ დაეცემი, მთავარია, რამდენჯერ წამოდგები და კიდევ სცდი. სტერლინგსაც ქების მეტი არაფერი ეკუთვნის.

ახლა ის მართლაც ძალიან კარგად თამაშობს, მაგრამ ჯერ ახალგაზრდაა და ბევრი უნდა ისწავლოს. მას აქვს კლასი, სისწრაფე, ტექნიკა... შეუძლია როგორც მარცხნივ, ისე მარჯვნივ თამაში, ფლანგზე აქტიურობა თუ ცენტრში შეწევა. "სიტი" ძალიან ჭკვიანურად მოიქცა, როცა ის შეიძინა", - დასძინა პეპმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ინგლისის ნაკრების გულშემატკივარი ვარ,მაგრამ ჰარტი,როგორც მეკარე არ მომწონს.ძალიან არასტაბილური მეკარეა.მახსოვს 2013-2014წლის სეზონშიც გაუშვეს კინაღამ გუნდიდან და მის ადგილას პანტილიიმონი იდგა ძირითადში.ძალიან უაზრო გოლებს უშვებს ხოლმე,როგორც სანაკრებო,ასევე საკლუბო დონეზე.ბრავო თუ მოვა ალბათ სხვა კლუბის ნახვა მოუწევს.კარგია,რომ ფერგიუსონმა არ მომიყვანა თავის დროზე იუნაიტედში.
giorgi
13:13 18-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული