"მანჩესტერ სიტი": პეპი ბრავოს მოლოდინში

AutoSharing Option
ხოსეპ გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" თამაშით აღფრთოვანებული და გაკვირვებულიც კია - ასეთ კარგ თამაშს გუნდისგან არც კი ველოდიო. პეპის ბიჭებმა პირველ ტურში "სანდერლენდს" მძიმედ კი მოუგეს (2:1), მაგრამ მერე ბუქარესტის "სტიაუა" გაანადგურეს (5:0) და ამას "სტოკიც" მიაყოლეს (4:1). პეპის ხელში ძალიან კარგია რაჰიმ სტერლინგი. შეუჩერებელია სერხიო აგუერო და, კუნისა არ იყოს, გუნდის ახალწვეულმა ნოლიტომაც აიშვა.

"შეუძლებელია იმის თქმა, თუ რა არის ჩვენი მიზანი და რისი მიღწევა შეგვიძლია. ასეთი შემართებითა და თამაშით ნებისმიერი მიზნის დასახვა შეიძლება. იმ მოკლე დროში, რომელიც ბიჭებთან ერთად
გავატარე, მათ მოასწრეს ეჩვენებინათ, თუ როგორი ჭკვიანი მოთამაშეები არიან. ისინი კარგი, უმაღლესი ხარისხის მოთამაშეები არიან. ეს ჩემთვის პატარა სიურპრიზიც კია, რადგან ასეთ მოკლე დროში ასე შევთამაშდით და ბოლო ორ მატჩში 9 გოლი გავიტანეთ. კარგი კვირა გამოგვივიდა" - განაცხადა გვარდიოლამ.

ვთქვათ ისიც, რომ ფაქტობრივად, მიღწეულია შეთანხმება კლაუდიო ბრავოს ტრანსფერის თაობაზე. ყოველ შემთხვევაში, ბრიტანულ-ესპანური პრესა ასე წერს და მიუხედავად იმისა, რომ ლა ლიგის პირველი ტურის მატჩში ჩილელი "ბარსელონას" კარს იცავდა, მომავალ უქმეებზე იგი, შესაძლოა, უკვე "ქალაქელების" ძირითადში ვიხილოთ, რადგან გავრცელებული ცნობებით, ყველაფერი სწორედ ამ კვირაში უნდა გაოფიციალურდეს.

მეტიც, "ბარსას", რომელსაც ამჟამად მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ჰყავს ტრავმირებული, ბრავოს შემცვლელი უკვე შერჩეულიც ჰყავს - ეს ამსტერდამის "აიაქსის" იასპერ სილესენია.

ჯო ჰარტს კი, ალბათ, "სიტის" დატოვება მოუწევს, რადგან ის სათადარიგოთა სკამზე ჯდომას ვერ და არ აიტანს. ინგლისელს მანჩესტერელთა მაისურით 347 მატჩი აქვს ჩაატარებული, მაგრამ ახალი მწვრთნელის ფილოსოფიასა და სისტემაში ვერ ჯდება, რადგან ბურთის კარგად გათამაშება და პასების კეთება ისე არ ეხერხება, როგორც პეპს უნდა.

"ჯოს შეხვედრისთანავე ვესაუბრე, რადგან მინდა ფეხბურთელებთან პირდაპირი ვიყო და მასთანაც პირდაპირი ვიყავი. პირველი, რაც გოლკიპერში მაინტერესებს, ეს ის არის, რომ ბურთს კარგად იგერიებდეს, მაგრამ მერე მოდის ის, რომ ბურთის გათამაშებასა და შეტევების წამოწყებაში უნდა გვეხმარებოდეს" - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრების პირველ ნომერს ამ სეზონში ჯერ არ უთამაშია. მის ნაცვლად "სიტის" კარში ვილი კაბალიერო დგას ხოლმე. ჰარტს "ევერტონი", "სევილია" და სხვა კლუბები ეპატიჟებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჰარტი არასტაბილურია
0
ეს ჰარტს ჯობია ეხლა ხალხო ? :D
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული