ისე ჩანს, რომ პეპის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა ინგლისურ კლუბში სწორედ სტერლინგია. ფეხბურთელი, რომლის სანაცვლოდაც არცთუ დიდი ხნის წინ "ლივერპულმა" "სიტისაგან" 44 მილიონი მიიღო და სამომავლო ბონუსებიც მრავლად დაიბევა.
2012 წლის 24 მარტს სტერლინგს დებიუტი ჰქონდა "ლივერპულის" შემადგენლობაში. სხვათა შორის, ბევრს იგი სწორედ ამ კლუბის აღზრდილი ჰგონია. არადა, რაჰიმი "ქუინზ პარკის" საფეხბურთო აკადემიაში გაიზარდა.
"უიგანთან" ლიგის
სტერლინგი ამჟამად 21 წლისაა, ინგლისის ნაკრებში კი პირველად 2012 წლის 14 ნოემბერს ითამაშა. მაშინ ინგლისმა ამხანაგურად "ისპარინგა" შვედეთთან. სტერლინგის გამოჩენამ კი ინგლისის ნაკრების გულშემატკივრები ძალიან გაახარა.
საქმე ისაა, რომ ბოლო დრომდე არ იყო გადაწყვეტილი, რომელი ნაკრების ღირსებას დაიცავდა რაჰიმი. ინგლისის ასაკობრივი ნაკრებების ლიდერი... ინგლისელი სულაც არ არის. ის დაიბადა იამაიკაზე, რეგისა და ბობ მარლის სამშობლოში.
იამაიკელებს ძალიან დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ სტერლინგს მათი ქვეყნის ღირსება დაეცვა. სანამ ინგლისის ნაკრებში ოფიციალურ მატჩს ჩაატარებდა, ამის თაობაზე სტერლინგმა შემდეგი თქვა:
"ყველაფერი შესაძლებელია. თუ იამაიკის ნაკრებში დამიძახებენ, რატომაც არა?" - თქვა სტერლინგმა. რაჰიმს ინგლისის ნაკრებში დაუძახეს. იამაიკის თემამ მეორე პლანზე გადაიწია. სტერლინგი ინგლისის იმედია. მან ალბიონელთა ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა.
ცალკე თემაა რაჰიმის ხასიათი. მას სამართალდამცველებთან ურთიერთობა რამდენჯერმე ჰქონდა. ქალები, ნარგილე - იამაიკელისათვის ეს ჩვეულებრივი ამბავია. ვინ იცის, აქამდე სწორედ ამის გამო ვერ ახერხებდა ის თავისი მართლაც უდიდესი ნიჭის რეალიზებას.
არადა, "ლივერპულის" ლეგენდამ, სტივენ ჯერარდმა მასზე ერთხელ თქვა: "მე ფეხბურთში არაერთი გასაკვირი რამ მინახავს, მაგრამ სტერლინგის ნიჭი მაინც მაკვირვებს. ის სულ პატარაა და უკვე ისეთი რამეები შეუძლია აკეთოს მინდორზე, რასაც სხვა ვერ გააკეთებს. ეს უკვე დასაფასებელია. ჩვენ მას უნდა მოვუფრთხილდეთ, როგორც ინგლისის უპირველეს ტალანტს".
სტერლინგს სხვები კი უფრთხილდებიან, მაგრამ ჯერ მან საკუთარი თავის მოფრთხილება ვერ ისწავლა. იამაიკაში უყვართ ამქვეყნიური სიამეები. როგორც ჩანს, რაჰიმი ბოლომდე ვერ დაეხსნა წინაპართა ჩვევას. ის ვერ მოთოკეს უწინდელმა დამრიგებლებმა.
პეპ გვარდიოლა კი იმითაა ცნობილი, რომ ყველა ფეხბურთელის მიმართ განსაკუთრებული მიდგომა აქვს. როგორც ჩანს, გვარდიოლამ სტერლინგს გასაღები მოარგო. ამაზე, ალბათ, ყველაზე უკეთ თავად პეპი ისაუბრებს, მაგრამ საამისო დრო ჯერ არ დამდგარა. ჯერ რაჰიმს კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი.
ამისათვის საჭიროა, რომ რაჰიმმა მთელი სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატაროს. "სიტის" სტერლინგის სამსახური აუცილებლად დასჭირდება. გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად იბრძვის და პრემიერლიგაშიც უმაღლესი მიზნები აქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"