"მანჩესტერ სიტი": ჰარტი წარსულია, ბრავო - მომავალი

AutoSharing Option
გუშინ კლაუდიო ბრავო მანჩესტერში სამედიცინო შემოწმების გასავლელად ჩაფრინდა და შესაძლოა, "სიტისთან" კონტრაქტს ზუსტად ამ წამებში აწერს ხელს. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, "ქალაქელებს" 33 წლის მეკარე 12-13 მილიონი გირვანქა უნდა დაუჯდეთ, მაგრამ ესეც და შეთანხმების სხვა დეტალებიც ალბათ, ცოტა მოგვიანებით გაირკვევა და გაცხადდება.

"ვერ უარვყოფ იმას, რაც ისედაც ყველამ იცის. ჩვენ ბრავო გვაინტერესებს და ტრანსფერზე მუშაობა ნამდვილად მიმდინარეობს, მაგრამ ის ჯერ დასრულებული არ არის. შესაბამისად, იმ მოთამაშეზე ბევრს არ ვილაპარაკებ, რომელიც ჩვენი გუნდის წევრი არ არის" - განაცხადა გვარდიოლამ.

ჯო ჰარტის მდგომარეობა
კი უფრო მძიმდება, რადგან მას პრემიერლიგის მიტოვება არ სურს, რაც 29 წლის ინგლისელით დაინტერესებული "სევილიისა" და "დორტმუნდის" ვარიანტებს გამორიცხავს.

რჩებოდა "ევერტონი", მაგრამ ჰარტის მაღალი ხელფასის გამო მერსისაიდელებმაც უკან დაიხიეს, ახლა ამხელა ჯამაგირის გადახდის საშუალება არ გვაქვსო. თანაც, "კანფეტების" ახალი მეკარე მარტენ სტეკელენბურგი სეზონის სტარტზე მშვენივრად გამოიყურება.

იქამდე კი ჰარტმა გუნდთან ერთად ივარჯიშა და ამ ვარჯიშზე იყვნენ ის ფეხბურთელებიც, რომლებსაც მიმდინარე სეზონში მის დარად ჯერ არ უთამაშიათ - იაია ტურე, უილფრიდ ბონი, სამირ ნასრი და ელიაკიმ მანგალა.

- ჯო ჰარტი და ხოსეპ გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" ვარჯიშზე შელაპარაკდნენ [VIDEO]

"15 წლის ასაკიდან იმის ყურებითა და გააზრებით გავიზარდე, რომ ჩემი გუნდი მით უფრო მეტ მომენტს ქმნიდა, რაც უფრო სიღრმიდან იწყებდა ბურთის გათამაშებას და ამაში ყველა მონაწილეობდა. რასაკვირველია, შეგვიძლია გრძელი გადაცემებით თამაში და ბურთის მოგებისთვის ბრძოლა, მაგრამ რაც სწრაფად წავალთ წინ ამ მეთოდით, ისევე სწრაფად დავიხევთ უკან.

ამიტომაც ვუმტკიცებ ფეხბურთელებს, რომ ბურთის გათამაშება და შეტევის მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი მეკარიდან უნდა დაიწყოს. ეს არც რომანტიკის საკითხია და არც ისე ჰაერიდან მოტანილი რამ, ამაში იდეა დევს და ფაქტია, რომ ასეთ დროს, თავდამსხმელები უფრო ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდებიან ხოლმე.

ჩვენ ბურთის ფლობა იმიტომ არ გვინდა, რომ უბრალოდ ბურთი გვქონდეს, ამას აზრი აქვს. ამიტომ სიამოვნებით მექნებოდა მთელი თამაში ბურთი. ვიცი, რომ ზოგიერთი მწვრთნელი კონტრშეტევებზე თამაშს ამჯობინებს, მაგრამ მე რადიკალურად განსხვავებული მიდგომა მაქვს" - დაამატა გვარდიოლამ.

დაბოლოს, ისიც ვთქვათ, რომ ბრავოს გამგზავრების პარალელურად, "ბარსამ" მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან, რომელსაც გვარდიოლა ასევე ეპოტინებოდა (ბრავომდე), კონტრაქტი გაახანგრძლივა.

24 წლის გერმანელი გოლკიპერი ამიერიდან 2021 წლის ზაფხულამდე კატალონიელების საკუთრებაა.

ტერ შტეგენი ახლა მაინც უნდა გახდეს სრულფასოვანი პირველი ნომერი "ბარსელონას" რიგებში, ხოლო მისი დუბლიორი იასპერ სილესენი იქნება, რომელსაც კლუბი ოფიციალურად ამსტერდამის "აიაქსიდან" უახლოეს დღეებში შეიძენს, ყველაფერი გადაწყვეტილიაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული