"კრისტალ პალასი": პარდიუმ რაზმი შეკრიბა

AutoSharing Option
"კრისტალ პალასში" ისევ ძველი პრობლემებია - შემტევების მწირგოლიანობა. გუნდმა მძიმე სტარტის მერე თამაში სასწრაფოდ უნდა გამოასწოროს. ამისათვის ალან პარდიუმ კრისტიან ბენტეკე მიიყვანა და ბელგიელი "არწივების სარეკორდო შენაძენად აქცია, მაგრამ ეს საკმარისად არ მიიჩნია და მოგვიანებით ლოიკ რემიც დაამატა. თუმცა იმ სხვაობით, რომ 29 წლის ფრანგი "პალასმა" ინათხოვრა.

შეგახსენებთ, რომ მათ აქამდე ერთად უკვე აქვთ ნამუშევარი და რემიც სიამოვნებით დათანხმდა პარდიუს წინადადებას, რადგან "ჩელსიში" მისი კარიერა ისე ვერ აეწყო, როგორც სურდა და დიდ სათამაშო დროს არცერთი მწვრთნელი არ აძლევდა. პარდიუს ხელქვეით
კი მან 2013/14 წლების სეზონი იჯარის წესით გაატარა და 14 გოლის გატანაც შეძლო.

"ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანი გახლდათ ალან პარდიუს ფაქტორი. იგი ძალიან კარგი მწვრთნელი და ადამიანია. ასე რომ, ძალიან მიხარია აქ ყოფნა" - აღნიშნა რემიმ.

"მთელი სატრანსფერო პერიოდისას ლოიკი ჩემი სამიზნე გახლდათ და ბედნიერი ვარ, რომ ბოლოს და ბოლოს, ის ჩვენთან ერთადაა.

რემი თავის დროზე "ნიუკასლში" დავიმატე და ვიცი, რა შეუძლია. თამამად გეტყვით, რომ მაღალი ხარისხის მოთამაშით გავძლიერდით. ლოიკს ნაკრებში თამაშის გარდა, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გამოცდილებაც აქვს და ასევე, პრემიერლიგის მოგების" - განმარტა პარდიუმ.

ვთქვათ ისიც, რომ იანიკ ბოლაზისგან განსხვავებით, "პალასს" უილფრიდ ზაჰას შენარჩუნება გამოუვიდა. 23 წლის ტალანტში "ტოტენჰემი" 15 მილიონ გირვანქას იხდიდა, მაგრამ ტრანსფერი "არწივების" მმართველმა სტივ პერიშმა დაბლოკა.

შეგახსენებთ, რომ ზაჰა "სელჰარსტ პარკის" ბინადრებს 2015 წლის თებერვალში "მანჩესტერ იუნაიტედიდან" სულ რაღაც 3 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ დაუბრუნდა, მას მერე, რაც იგი 2013 წელს "წითელ ეშმაკებს" 15 მილიონად მიჰყიდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული