ხოსეპ გვარდიოლას უკეთესი "მანჩესტერ სიტი" სურს

AutoSharing Option
ხოსეპ გვარდიოლა აგრძელებს იმაზე საუბარს, რომ "სიტიმ" აუცილებლად უნდა მოუმატოს, თუ პრემიერლიგის მოგება სურს. პეპი მაქსიმალისტი და პერფექციონისტია. მიუხედავად იმისა, რომ მისმა გუნდმა ამ სეზონში ჩატარებული ყველა მატჩი მოიგო მანჩესტერული დერბის თამადობით, იგი ბიჭებს აფრთხილებს, რომ "ქალაქელებმა" კიდევ უნდა მოუმატონ და თამაშის ხარისხი გააუმჯობესონ:

"ვიმეორებ, ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ამ მოგებებით და იმით, რომ ჯერჯერობით, უდანაკარგოდ ვთამაშობთ. მოკლე დროში, რომელიც ერთად გავატარეთ, ბევრი მოვასწარით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის არც პრემიერლიგის მოსაგებად და არც ჩემპიონთა ლიგაზე დიდი წარმატებების მისაღწევად. უნდა
მოვუმატოთ" - აღნიშნა პეპმა.

გარდა ამისა, იგი კლაუდიო ბრავოს გამართლებასაც აგრძელებს: "საიდუმლო მინდა გაგიმხილოთ, მეკარეც ჩვეულებრივი ფეხბურთელია, რომელიც ხანდახან შეცდომას უშვებს და დაუშვებს კიდეც. ამიტომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა". პეპი ჩილელის შესაძლებლობებში დარწმუნებულია.

პრესასთან ისაუბრა რაჰიმ სტერლინგმაც, რომელიც ჯერჯერობით, ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. 21 წლის შემტევი ერთგვარი ნიშნისმოგებით აღნიშნავს, რომ მას უსამართლოდ აკრიტიკებდნენ. წინა სეზონში რაჰიმი არც ისე შთამბეჭდავი გახლდათ, უმეტესობის აზრით, ფეხბურთელმა მასში გადახდილი დიდი თანხა და გაცემული ავანსები ვერ გაამართლა. თუმცა იგი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს.

"წინა სეზონში უსამართლოდ მაკრიტიკებდნენ. ჩემპიონთა ლიგაზეც არ მითამაშია ცუდად და ჯამში გოლების რაოდენობით ჩემი საუკეთესო მაჩვენებელი გავიმეორე. დაუმსახურებელი კრიტიკა ზოგჯერ რთული მისაღებია და ცოტათი ხასიათს გიფუჭებს. არავინ ამბობდა, რომ ბოლომდე ვიხარჯებოდი და ყოველთვის მაქსიმალური სარგებლის მოტანას ვცდილობდი კლუბისთვის და ნაკრებისთვის. ეს გამაღიზიანებელი გახლდათ.

პეპი ძალიან დამეხმარა. მასთან რამდენჯერმე კარგად ვისაუბრე, როდესაც ახალმოსული გახლდათ და მითხრა, რომ ჯერ კიდევ "ლივერპულში" ყოფნისას მაკვირდებოდა. ის კარგი მოტივატორია და საკუთარი ხელწერა გუნდს უკვე დაატყო" - თქვა სტერლინგმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული