46 წლის სპეციალისტის გადაწყვეტილებით, ნაკრების კაპიტნად უეინ რუნი რჩება. მას საუთგეიტმა "გუნდის საოცარი ლიდერი" უწოდა, მაგრამ ისიც დაამატა, სულ ლიდერებით უნდა ვიყოთ დაკომპლექტებულნიო.
"ჩვენ მხოლოდ ერთი ლიდერი არ უნდა გვყავდეს, ჩვენ ლიდერების გუნდი გვჭირდება. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატამდე ასეთ გუნდად უნდა ჩამოვყალიბდეთ. უეინს რაც შეეხება, ის ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, ზედმეტადაც კი.
იმ ცვლილებების გათვალისწინებით, რომლებიც ინგლისის ნაკრებში ხდება, ახლა მთავარი სწორედ ის არის, რომ ახალი
სულ რაღაც 67-დღიანი მმართველობის შემდეგ სკანდალურად წასული სემ ელარდაისის თუნდაც დროებით საუთგეიტით ჩანაცვლება ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას იდეალურ ვარიანტად მოეჩვენა. გარეთი 21-წლამდელთა ნაკრებში მუშაობს და არცთუ ურიგოდ, ახალგაზრდებთან ურთიერთობაც ეხერხება. ინგლისის ნაკრებში კი თაობათა ცვლის, გარდამავალი პერიოდია, გაახალგაზრდავების.
"ჩვენ ახალგაზრდებთან მუშაობის საშუალება გვაქვს. ნაკრები ნიჭიერი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული და ეს დიდი პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ. ახლა მთავარი სტაბილურობაა, სიტუაციის არევა არ უნდა დავუშვათ. ეს ერთი კვირაა, სხვა რამეზე უბრალოდ ვერ ვფიქრობ, ყველაფერი დანარჩენი დაიცდის. ჩემთვის ეს დიდი პატივია და როგორც პატრიოტი ინგლისელი, ძალიან ამაყი ვარ და დიდი სიამოვნებით ვიღებ ამ გამოწვევას. ეს ჩემთვის შესანიშნავი პერიოდი იქნება, რამდენი ხანიც არ უნდა გაგრძელდეს ეს" - განაცხადა საუთგეიტმა.
მისტერ გარეთს აშკარად ეტყობა, რომ პოსტზე დიდი ხნით დარჩენაზეც სიამოვნებით დათანხმდებოდა და მას, სავარაუდოდ, მინიმუმ 4 მატჩის ჩატარება მოუწევს ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელად. ასე რომ, თავის გამოჩენის კარგი შანსი აქვს. მერე კი ასოციაციის გადასაწყვეტი იქნება, გაუფორმებენ თუ არა მას სრულფასოვან კონტრაქტს.
საუთგეიტმა ნაკრებში დააბრუნა მანჩესტერელი ახალგაზრდები - მარკუს რაშფორდი და ჯესი ლინგარდი. მათ ცოტა ხნის წინათ მის 21-წლამდელთა ნაკრებში ითამაშეს. კიდევ ერთი გამოსარჩევი სიახლე ის არის, რომ საუთგეიტმა უკან უხმო "სტოკის" გარემარბ გლენ ჯონსონს. ინგლისის ნაკრები შაბათს მალტასთან შინ ითამაშებს, სამი დღის მერე კი სლოვენიას ესტუმრება. მომავალი ორი მატჩი გაცილებით სერიოზულია - 11 ნოემბერს შინ შოტლანდიასთან და 15 ნოემბერს მთავარი გამოცდა, გასვლა ესპანეთთან.
"რაშფორდმა ახალგაზრდულ ნაკრებში საუცხოოდ ითამაშა და შესანიშნავ ფორმაშია. ყველა ხედავთ, თუ რა შეუძლია მას, მაგრამ ყველაზე მეტად მოხიბლული მისი მენტალური მზაობით ვარ, ძალიან თავდაჯერებულია.
არადა, 21-წლამდელთა ნაკრებშიც კი ყველაზე ახალგაზრდა იყო და არანაირი პრობლემა არ ჰქონია. ჯესიც ის მოთამაშეა, რომელმაც თავის დროზე შთაბეჭდილება მოახდინა 21-წლამდელთა ნაკრებში და ის უმატებს. მან ჟოზე მოურინიოს გუნდში თავი დაიმკვიდრა და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. რაც შეეხება გლენ ჯონსონს, ახალგაზრდებთან ერთად გამოცდილი მებრძოლები გვჭირდება.
დგება ხოლმე მომენტი, როდესაც მინდორზე მოთამაშე გჭირდება, რომელსაც 50-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული ნაკრებში და ყველაფერი იცის. ჯონსონი ასეთია და ის ნაკრებში ადგილს იმსახურებს" - დაამატა საუთგეიტმა.
მოთამაშეები, რომელთა გამოძახებაც შეიძლებოდა და ამჯერად, შანსი ვერ მიიღეს, "ლესტერის" ნახევარმცველი დენი დრინკვოტერი და "საუთჰემპტონის" კარგ ფორმაში მყოფი ფორვარდი ჩარლი ოსტინი არიან.
საუთგეიტს პირველი სიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში პირველი ცვლილებაც დასჭირდა - რაჰიმ სტერლინგი ვერ ითამაშებს ნაკრების უახლოეს მატჩებში, მას კი ენდროს თაუნსენდი (კრისტალ პალასი) ჩაანაცვლებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"