* ამ ხნის განმავლობაში ინგლისი ითამაშებს: მალტასთან, სლოვენიასთან, შოტლანდიასთან და ესპანეთთან.
ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის "ტოტენჰემის" მცველი დენი როუზი ალან შირერს ეთანხმება, რომელმაც სემ ელარდაისის პოსტიდან წასვლის შემდეგ აღნიშნა - სასაცილოები ვართ და სასაცილო ნაკრები გვყავსო.
"არ მეგონა, თუ ინგლისს შეეძლო იმაზე ქვემოთ დაცემულიყო, რაც ევრო 2016-ზე მოხდა, მაგრამ ეს შესაძლებელი ყოფილა. საფეხბურთო სამყაროს იუმორით ვამარაგებთ" - ამბობს შირერი.
დენი როუზი: "ძნელი სათქმელია, მაგრამ გარკვეულწილად, შირერს
ყველანი როი ჰოჯსონის გვერდით ვიყავით და როდესაც ის წავიდა, უსიამოვნო გახლდათ, რადგან ყველა ვხედავდით, როგორ განიცდიდა როი წარუმატებლობას. წასვლის მერე მას დავუმესიჯე, მწუხარება გამოვთქვი იმის გამო, რაც მოხდა და მადლობა გადავუხადე იმისთვის, რომ ნაკრებში გამომიძახა და თამაშის შანსი მომცა.
იგი ყველას აძლევდა თამაშის საშუალებას და მის დროს მხიარული და სასიამოვნო ატმოსფერო იყო. სამწუხაროდ, სემის შემთხვევაშიც გაუგებრობა მოხდა. ახლა კი ვმარჩიელობთ, თუ ვინ იქნება შემდეგი. პასუხისმგებლობა ყველამ უნდა ავიღოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომავალი მატჩები კარგად ჩავატაროთ" - განაცხადა 26 წლის როუზმა.
ისევ რუნის პოზიციაზე
წინა მწვრთნელს, ოღონდ არა ჰოჯსონს, არამედ "დიდ სემს" ეხმაურება ნაკრების კაპიტანი უეინ რუნიც. როგორც იცით, მისტერ როის ჰქონდა მიდგომა, რომ კლუბში ფეხბურთელს შეეძლო სხვა პოზიციაზე ეთამაშა, ნაკრებში კი სხვაზე, სადაც მისი აზრით, საჭირო იქნებოდა. ელარდაისი ამ ყველაფერს სხვაგვარად უყურებდა და მიიჩნევდა, რომ ფეხბურთელს ნაკრებშიც ზუსტად იმ პოზიციაზე უნდა ეთამაშა, სადაც კლუბში თამაშობდა. შედეგად მივიღეთ ის, რომ სლოვაკეთთან თამაშში რუნი ძალიან უკანდახეული იყო, ნახევარმცველის პოზიციაზე მოქმედებდა და არც ისე პროდუქტიული გახლდათ.
სემმა თამაშის მერე თქვა, რომ მას იმაზე სიღრმიდან მოუწია თამაში, ვიდრე ჩვენ ვვარაუდობდითო და საინტერესო სიტყვებიც დაამატა - უეინი იქ თამაშობდა, სადაც უნდოდაო. 30 წლის "შრეკი" აქამდე დუმდა, ახლა კი ალაპარაკდა:
"მე ზუსტად მითითებების მიხედვით ვთამაშობდი. არ მივსულვარ და არ მითქვამს, აქ ან იქ მინდა თამაში-მეთქი. მწვრთნელის ეს განცხადება შეცდომა და გაუგებრობა გახლდათ. ცოტა გულდაწყვეტილიც დავრჩი. სხვათა შორის, სემმა ეს გაიაზრა, თანაც, ძალიან მალე და თვითმფრინავში, რომლითაც სახლში ვბრუნდებოდით, მითხრა, რომ არასწორად გამოუვიდა. სამწუხაროდ, ახლა მას ამის გამოსწორების საშუალება აღარ აქვს, რადგან პოსტზე აღარ არის.
ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ყველა ვხედავდით, როგორი შემართებით იყო ელარდაისი, ის საოცარი ენთუზიაზმით გამოირჩეოდა და დიდი ხანი ელოდა, რომ ნაკრებს ჩააბარებდნენ. დარწმუნებული ვარ, თავადაც ძალიან განიცდის, რაც თავის დროზე მოხდა და მართლაც ვწუხვარ, რომ ასე გამოვიდა" - თქვა რუნიმ.
როგორც იცით, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელს კაპიტნის სამკლავური გარეთ საუთგეიტმაც შეუნარჩუნა. თანაც, ნაკრების დროებითმა მწვრთნელმა სპეკულაციებს მალევე დაუსვა წერტილი და პირდაპირვე თქვა, უეინი კაპიტნად რჩება, ის გამორჩეული ლიდერია და ზოგადად, ლიდერების გუნდი უნდა შვექმნათო. აი, ელარდაისმა კი ასეთი განცხადების გაკეთება დააგვიანა და დიდი მითქმა-მოთქმაც გამოიწვია.
"სემის დროს ბევრს ლაპარაკობდნენ ამ თემაზე და ეს ცოტა არასასიამოვნო იყო. კარგია, რომ გარეთმა განცხადება მალევე გააკეთა და სპეკულაციები თავიდან ავირიდეთ. რაც შეეხება იმას, თუ რომელ პოზიციაზე ვითამაშებ, ამ კითხვას უკვე უამრავჯერ გავეცი პასუხი - ვითამაშებ იქ, სადაც მწვრთნელი დამაყენებს. სლოვაკეთთან შეხვედრაშიც, მიმაჩნია, რომ ცუდად არ გამოვიყურებოდი, განსაკუთრებით, მეორე ტაიმში.
როგორც აღვნიშნეთ, სემმაც გაიაზრა შეცდომა და დელე ალის გამოჩენით სიტუაცია შეიცვალა. მე და ერიკ დაიერი ცენტრში სიტუაციას ვაკონტროლებდით, მეორე ბურთებს ვიგებდით და ვზრუნავდით იმაზე, რომ ბურთი სახიფათო ზონამდე მიგვეტანა" - აღნიშნა რუნიმ.
ბუნებრივია, კაპიტანს თავად საუთგეიტზეც ჰკითხეს. გარეთი პოსტზე 4 მატჩით მაინც დარჩება და მერე სიტყვა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციაზე იქნება, რომელსაც საფიქრალი ბევრი აქვს.
"ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა მისთვის, აჩვენოს, თუ რა შეუძლია უმაღლეს დონეზე. მას ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებში უამრავ ახლაგაზრდასთან ერთად აქვს ნამუშევარი და ეს გარეთის პლუსია. საუთგეიტი თავის ხედვას და მეთოდებს შემოიტანს და ყველას გვაინტერესებს, როგორი იქნება მისი მიდგომა. ჩვენ მისი იდეები უნდა გავიაზროთ და მინდორზე გადავიტანოთ" - დაამატა რუნიმ.
კეჰილი მშვიდადაა
დაბოლოს, არის კიდევ ერთი თემა, რომელსაც უნდა შევეხოთ და ამ თემას სახელი და გვარი აქვს - გარი კეჰილი. 30 წლის ცენტრალური მცველი წინა სეზონიდან მოყოლებული საკმაოდ ბევრ შეცდომას უშვებს, მათ შორის, ბოლო მატჩებშიც. არადა, სავარაუდოდ, ის ძირითად შემადგენლობაში იქნება. თუ ინგლისს მალტასთან უახლოეს მატჩში მოგება, წესით, არ უნდა გაუჭირდეს, სულაც ნომინალური მცველის გარეშე რომ ითამაშოს, მომავალი მატჩები უკვე უფრო რთული იქნება. თუმცა თავად კეჰილი არ ნერვიულობს და "ჩელსის" უკანახაზელი თავდაჯერებული ჩანს:
"ჩემი აზრით, საკმაოდ კარგ ფორმაში ვარ და ცუდად არ ვთამაშობ. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო "სუონსისთან" მატჩამდე. ამ შეხვედრის შემდეგ ერთი-ორი შეცდომა დავუშვი, საკმაოდ სერიოზულიც. თუმცა ეს არაფრისგან მოსული და არაფრისგან გამოწვეული შეცდომები იყო, რაც ცუდია, მაგრამ ადვილად გამოსწორებადი" - თქვა გარიმ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"