"მანჩესტერ სიტი" - ფეხბურთის კიდევ ერთი მონსტრი

AutoSharing Option
ხოსეპ გვარდიოლამ იმაზე კარგად დაიწყო "სიტიში", ვიდრე ჩვენ ყველა ველოდით. მის მიერ შერჩეულმა ტაქტიკამ და შემადგენლობამ პირველი მატჩიდანვე დაიწყო შედეგების მოცემა. ამასთან ერთად, შეუიარაღებელი თვალითაც კი კარგად ჩანს, რომ არის რამდენიმე ფეხბურთელი, რომელიც ჯერ ბოლომდე ვერ გაერკვა გვარდიოლას ტაქტიკურ ხვანჯებში. ისინი კიდევ მოუმატებენ.

პეპი ახალ სამწვრთნელო ადგილას ხისტად მივიდა. მან ძირითად შემადგენლობას ჩამოაშორა იაია ტურე. ფეხბურთელი, ვისთანაც მას არასოდეს ჰქონია კარგი ურთიერთობა. ტურე ვარსკვლავია, მაგრამ პეპს ირგვლივ დამჯერი ფეხბურთელები სჭირდება.

გვარდიოლა ბუნებით ნოვატორი მწვრთნელია. მას შეუძლია, სრულიად ახალი კუთხით წარმოაჩინოს
ფეხბურთელი, ახალ ამპლუაში მოსინჯოს ის და კარგი თამაში აჩვენებინოს. ჩვენ აქამდე ნაკლებად წარმოგვედგინა პაბლო საბალეტა - ცენტრალური მცველი. ახლა ეს სწორედ ასეა და არგენტინელი მშვენივრად თამაშობს.

არის რამდენიმე ნიუანსი "სიტის" თამაშში, რაც ყველას ძალიან გვაკვირვებს. მაგალითად, ფერნანდინიოს პროგრესი. ეს საყრდენი ნახევარმცველი თანდათან ხდება გუნდისათვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი. ბრაზილიელი, რომელიც ბევრით არაფრით გამოირჩეოდა, თანდათან ხდება გუნდის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი.

სად არის "სიტის" სუსტი წერტილი? ალბათ, ყველაზე მეტად ინგლისურ კლუბს მაინც იმ დროს უჭირს, როცა შეტევა იწყება. ეს გამოსწორებადია. კიდევ ერთი: კლაუდიო ბრავო ბავშვური შეცდომების დაშვებას უნდა გადაეჩვიოს. ის მაინც ახალი კაცია გუნდში და ეს ახლო მომავალში აუცილებლად მოხდება.

50 მილიონი ევრო "სიტიმ" ჯონ სტოუნზში გადაიხადა. ის კარგი მცველია, მაგრამ ეს ღირებულება ცოტა გადაჭარბებულია. და მაინც, სტოუნზს შეუძლია, გუნდის დაცვას მეტი სიმწყობრე შესძინოს.

გვარდიოლამ "სიტიში" მიიყვანა ისეთი ფეხბურთელი, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა "აფეთქდეს". ეს გახლავთ გერმანელი ტალანტი ლეროი სანე. სანე ჯერ ვერ იღებს იმხელა ნდობის ვოტუმს, რაც მას სჭირდება, მაგრამ ეს უახლოესი დროის საქმეა.

სანეს აშკარად შეუძლია, ახალი შტრიხები შეიტანოს გუნდის თამაშში. ზეტექნიკური და ზეკრეატიულია. "ეტიჰადზე" მიყვანილი ახალი ფეხბურთელები აშკარად ამართლებენ. თუნდაც, ნოლიტო ავიღოთ.

ნოლიტო განსაკუთრებული ფეხბურთელია. ძალიან რთულია განსაზღვრო, საიდან შეიძლება მისგან საფრთხე წამოვიდეს, მინდვრის შუიდან თუ ფლანგზე - ის ორივე შემთხვევაში ძალიან სახიფათოა. პეპს უყვარს უნივერსალი ფეხბურთელები. ნოლიტო სწორედ ასეთია.

რა თქმა უნდა, "სიტის" დღევანდელი შემადგენლობა ძალიან კარგია, მაგრამ გუნდს ჯერ კიდევ სჭირდება ახალი ფეხბურთელები. საინტერესოა, ვის უმიზნებს პეპი. რა თქმა უნდა, "სიტის" პოტენციური ახალწვეულები უმაღლესი კლასის ფეხბურთელები იქნებიან.

ამ ზაფხულს "სიტიმ" "იუვენტუსიდან" იტალიის ნაკრების მცველის, ლეონარდო ბონუჩის გადაბირება სცადა. საბოლოო ჯამში, ეს ტრანსფერი თავად ბონუჩის პოზიციამ ჩაშალა. მან ძლივს, მაგრამ მაინც გაუძლო ცდუნებას და დარჩა.

როგორც ამბობენ, გვარდიოლას კვლავ უნდა იტალიელი მცველის გადაბირება. დღეს "სიტიში" თუ რომელიმე პოზიციაზე არის პრობლემები, ეს უდავოდ ცენტრალური მცველის პოზიციაა. ბონუჩის შეუძლია ამ ნაპრალების ამოვსება.

გვარდიოლას ასევე უნდა "დორტმუნდის" გაბონელი სუპერვარსკვლავის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის გადაბირება. ის ინგლისური კლუბის შეტევას უფრო მრავალფეროვანს და სწრაფს გახდის.

ამ ორი ფეხბურთელის დამატების შემდეგ "სიტის" შემადგენლობა კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი და ძლიერი გახდება. ეს გვარდიოლას საშუალებას მისცემს, მეტად მიმართოს როტაციას.

როცა გუნდის დაცვაში ითამაშებს ისეთი გამორჩეული ოსტატი, როგორიც არის ბონუჩი, არც კლაუდიო ბრავო გამოვა ასე ხშირად კარიდან. "სიტის" კლასი არ აკლია და ამ ორი ფეხბურთელის გადაბირების შემთხვევაში ეს კლასი კიდევ უფრო მოიმატებს.

გვარდიოლას სათამაშო სქემაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს რაჰიმ სტერლინგს. თითქოს, "სიტი" და ფეხბურთელი ერთდროულად გარდაიქმნენ. მას შემდეგ, რაც გვარდიოლა მივიდა "ეტიჰადზე", გუნდიცა და რაჰიმიც გაიზარდნენ.

პროცესი შეუქცევადი გზით მიდის. "სიტი" დღითიდღე კარგი ხდება და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მსოფლიო საკლუბო ფეხბურთს ახალი გრანდი ემატება. ნაღდი გრანდი.

არაბული მილიონები, ამდენ ხანს ასე რომ იხარჯებოდა, ნაღდ დანიშნულებას პოულობს. "სიტი" სრული სვლით დაიძრა, "სიტი" მოდის! ეს უკვე კარგია. ფეხბურთს კიდევ ერთი მონსტრი შეემატა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
გვარდიოლამ ტაქტიკა დე ბრუინზე ააწყო.ეს ის ფეხბურთელია რომელსაც შეუძლია თამაში დაალაგოს და ბევრი ხიფათიც შექმნას,თან ზალიან კარგია ართმევაზეც.ოქტომბრის ბოლომდე არ იქნება და სიტის გაუჭირდება უმაგისოდ,ისედაც ყველა გატანილ გოლშიაქ მონაწილეობა მიღებული თითქმის.მაგარი იგროკია აზარს დაუჯოკრა მგონი,ვნახოთ რა მოხდება
0
გეშლებათ ზაბალეტა არ თამაშობს ცენტრალურ მცველად კოლაროვია ეგ
man city
12:03 14-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული