ჩელსი-მანჩესტერის გამოხმაურება: "განსაკუთრებულიდან" განადგურებულამდე

AutoSharing Option
ჟოზე მოურინიო "მშობლიურ" "სტემფორდ ბრიჯს" ეწვია და 0:4 განადგურდა. "ჩელსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელის "იუნაიტედი" ინგლისის დედაქალაქში უსუსურად გამოიყურებოდა და უშანსოდ წააგო.

"ლურჯებს" "წითელი ეშმაკების" მცველებისა და მეკარე დავიდ დე ხეას შეცდომის წყალობით, გატანილი სწრაფი გოლი ძალიან დაეხმარათ და ამოცანა გაუადვილდათ, მაგრამ მანჩესტერელთა კრახს მარტო ამას ვერ და არ დავაბრალებთ.

საფინალო სასტვენის შემდეგ ჟოზე მოურინიო, რომელსაც "სტემფორდ ბრიჯზე" ძალიან თბილად დახვდნენ და ეს გასაკვირი არც არის, ანტონიო კონტესთან მივიდა და ყურში რაღაც-რაღაცები ჩასძახა. ყველა დაინტერესდა იმით, თუ რა უთხრა პორტუგალიელმა იტალიელს,
რომელიც ამ ყოველივეს მოსმენის შემდეგ ცოტა დაბნეული ჩანდა, რადგან მილოცვას ელოდა.

აღსანიშნავია, რომ საუბრის ნაწილი მიკროფონში გაისმა და მოუს სიტყვების ერთ-ერთი ნაწილი ამ შინაარსისა იყო: "4:0-ის ნაცვლად 1:0 უნდა მოგეგოთ, 4:0-ს არ იმსახურებდით" - ჟოზე ამ ყველაფერს კონტისიმეს იტალიურად ეუბნებოდა, რომელსაც "ინტერში" გატარებული წლებისას დაეუფლა. არც მას და არც "იუვენტუსის" ექსდამრიგებელს თამაშის მერე ამაზე არ უსაუბრიათ და არ დაუკონკრეტებიათ, თუ რა ითქვა ამ "ჩურჩულის" დროს. მოურინიომ ასეთი პასუხი გასცა ჟურნალისტებს - ეს ანტონიოსთან გასაუბრება იყო და არა თქვენთანო.

კიდევ ერთი ინციდენტი კონტეს საქციელი გახლდათ, როდესაც მან "სტემფორდ ბრიჯის" პუბლიკას, კონკრეტულად კი, "ჩელსის" ფანებს გააქტიურებისკენ მოუწოდა და აახმაურა, რადგან მათ "მანჩესტერის" ფანების ხმა გადაეფარათ. ანტონიო ამბობს, რომ არანაირი "ინციდენტი" არ ყოფილა და მას არავისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ სურდა და არც წაქცეულისთვის წიხლის დაჭერა.

"მე ფეხბურთელი ვიყავი და ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე. ყოველთვის ყველასადმი დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი, მეტოქეებისადმიც და, რა თქმა უნდა, "მანჩესტერ იუნაიტედისადმიც". არანაირი ინციდენტი არ ყოფილა. ეს ჩვეულებრივი მომენტი გახლდათ. არავის გრძნობებზე არ მსურდა თამაში და მით უმეტეს, არავის შეურაცხყოფა არ მსურდა. ვფიქრობ, დროული და საჭირო გახლდათ ფანების აყოლიება იმ მომენტში, როდესაც 4:0-ს ვიგებდით და მხოლოდ "მანჩესტერის" ფანების ხმა ისმოდა.

ბიჭებმა, რომლებმაც ეს მატჩი ასე კომფორტულად მოიგეს, დაიმსახურეს დაფასება და ოვაციები. ფეხბურთი ემოციური სპორტია, სხვაგავრად პროფესია უნდა გამოვიცვალოთ. გვსურდა, საკუთარი ამბიცია და პოტენციალი გვეჩვენებინა და სიამოვნება მიგვენიჭებინა გულშემატკივრებისთვის. წინა სეზონი კლუბს ძალიან ცუდი გამოუვიდა და გარდაქმნაა საჭირო, მწვრთნელმა შესაბამისი გამოსავალი უნდა იპოვოს. ვფიქრობ, სწორ გზაზე ვდგავართ. "ჩელსიმ" ყველა მატჩში აღარ უნდა გაუშვას და თან კარგი ფეხბურთი ითამაშოს. ამჯერად ეს მშვენივრად გამოგვივიდა" - განაცხადა კონტემ.

ჟოზე მოურინიო: "მინდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენს მილიონობით ქომაგს ბოდიში მოვუხადო. წარმომიდგენია, როგორი შეგრძნება ჰქონდათ მათ და ამის გამო ძალიან ვწუხვარ. როგორც გასახდელის ლიდერი და გუნდის მთავარი მწვრთნელი, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ და ასევე მინდა დაგარწმუნოთ, რომ მე 100%-ით "მანჩესტერი" ვიყავი და არა მაგალითად, 99%-ით "მანჩესტერი" და 1%-ით "ჩელსი". არასასიამოვნო სიტუაციაში ჩავვარდით, მაგრამ გამოსავალი ერთია - ვარჯიში და ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ და მომავალი მატჩებისთვის მოვემზადოთ".

შეხვედრას, ცხადია, ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. მოურინიო "განსაკუთრებულის" ნაცვლად "განადგურებულად" მოიხსენიეს. საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ წააგო მან ტაქტიკური დუელი კონტესთან და ა.შ. მწარედ იხუმრა ეიდურ გუდიონსენმა - ჟოზემ ისევ იცის, "ჩელსისგან" მაქსიმუმი როგორ მიიღოსო.

"ეს ძალიან მტკივნეული დაბრუნება გახლდათ. მოურინიოს იმის მსგავსი შეგრძნება ექნებოდა, შენს ყოფილ შეყვარებულს რომ ხვდები და ის იმაზე უკეთ გამოიყურება, ვიდრე თქვენი ერთად ყოფნის დროს" - პრესაში ნახავდით ასეთ კომენტარსაც. "მოურინიო მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩება ლიდერებს? მე იმაზე უფრო ვნერვიულობ, რომ "მანჩესტერი" გასავარდნ ზონასთან მხოლოდ 7 ქულაშია" - ვკითხულობთ სხვაგან...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
გამარჯობა ჟოზე :P
van gaal
10:09 27-10-2016
0
მაუმ უბრალოდ არ იცის რა გააკეთოს, როცა აგებს, მანჩესტერი ასეთი უსუსური არასოდეს მინახავს, არაა მაუ სამანჩესტერო მწვრთნელი. დაცვითი ტაქტიკა, ჩაკეტილი ფეხბურთი, ჩასაფრებული პოზიციიდან თამაში არაა MU-ს თამაში. რა გაეკეთებინათ არ იცოდნენ. მაუმ თავისი თავი ამოწურა. რაც უფრო მალე გაუშვებან, მით უკეთესი მანჩესტერისთვის.
bavaria
13:09 25-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული