ანტონიო კონტეს სქემა, რომელიც ანადგურებს!

AutoSharing Option
...როგორ უეცრად შეიცვალა ყველაფერი. 24 სექტემბერს "ჩელსიმ" 0:3 წააგო "არსენალთან". სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა, მაგრამ თამაშის მეორე ნახევარში მოხდა ისეთი რამ, ძირეულად რომ ამოატრიალა სიტუაცია.

"დეილი მეილი" "არისტოკრატების" ტრანსფორმაციაზე საინტერესო ანალიზს გვთავაზობს.

ბოლო უქმეებზე "ჩელსიმ" საკუთარ მოედანზე არ დაინდო (5:0) საკმაოდ ძლიერი "ევერტონი". ეს თამაში იყო გაგრძელება იმ ბრწყინვალე სერიისა, რომელიც 10 ოქტომბერს "ჰალთან" საგარეო გამარჯვებით (2:0) იღებს სათავეს. ამის მერე "არისტოკრატები" მზარდი ტენდენციით მიდიან და "ევერტონის" რბევით უკვე ფანტასტიკურ შედეგს იღებენ - ზედიზედ 5 გამარჯვება, საერთო ანგარიშით -
16:0.

მაინც, რა მოხდა ასეთი 24 სექტემბერს "ემირითსზე"? უფრო ზუსტად - ამ მატჩის მეორე ტაიმში? პირველ 45 წუთში ანტონიო კონტე საბოლოოდ დარწმუნდა, რომ გუნდში სასწრაფოდ რაღაც უნდა შეეცვალა. მაგრამ რა? ამ მომენტისთვის სატრანსფერო ბაზარი დახურულია და ნორმალურ ფეხბურთელს იანვრამდე ვერ იყიდი. არადა, კონტემ "ჩელსიში" მისვლის პირველივე დღეებში თქვა, რომ მეტი კვალიფიციური მოთამაშე სჭირდებოდა იდეების განსახორციელებლად...

მაგრამ როცა დრო არ იცდის? როცა გადაწყვეტილებები სწრაფადაა მისაღები? რა თქმა უნდა, ამ სიტუაციაში იმ რესურსების ფარგლებში უნდა მიაგნო გამოსავალს, რაც ხელთ გაქვს. კონტემაც გადაწყვიტა, რომ პირველივე ტაიმში წაგებული თამაში საუკეთესო საშუალება იქნებოდა ექსპერიმენტისთვის...

...და მან 55-ე წუთზე სესკ ფაბრეგასი შეცვალა მარკოს ალონსოთი, რამაც, ავტომატურად გამოიწვია ტაქტიკური სქემის ცვლილებაც. კონტემ "ჩელსი" 3-4-3 სისტემაზე გადართო. ამ სისტემის მოდიფიკაციაა 3-5-2, რასაც კონტე "იუვენტუსში" იყენებდა. და ჩვენ ვიცით, რა ამბებიც დაატრიალა მან ტურინში...

სწორედ ახალი მოდელია "ჩელსის" წარმატების გასაღები. საყურადღებოა "ევერტონის" მწვრთნელ რონალდ კუმანის სიტყვები გამანადგუერებელი საკვირაო მარცხის შემდეგ:
"აქამდე არასოდეს მინახავს ამ სისტემით ასე ძლიერად მოთამაშე გუნდი. უაღრესად რთულია მის წინააღმდეგ რაიმე კონტრზომის გამონახვა".

ჯერჯერობით, ახალი სისტემით მოთამაშე "ჩელსიმ" ყველა წალეკა, ვინც კი გზაზე გადაეღობა. განვიხილოთ კონტეს გუნდის მოქმედება და რესურსები ცალკეული რგოლების მიხედვით.

მეკარე და დაცვა
აქ მთავარი პირობა იყო დაცვის ცენტრში დავიდ ლუიზის გამოჩენა. ამ ზაფხულს "ჩელსიმ" ის 32 მილიონ გირვანქად დაიბრუნა "პარი სენ-ჟერმენიდან". დავიდ ლუიზი იდეალურად მოერგო სამკაციან დაცვას, სადაც ის მყისვე ლიდერად იქცა გარი კეჰილისა და სესარ ასპილიკუეტას კომპანიაში. ჩვენ ვნახეთ, როგორი უძლური იყო ევერტონელი რომელუ ლუკაკუ ბრაზილიელის მარწუხებში.

აქ კონტეს გაუმართლა იმ მხრივაც, რომ ასპილიკუეტა ერთნაირი წარმატებით თამაშობს როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ფლანგზე. კიდევ უფრო შთამბეჭდავია კეჰილის ტრანსფორმაცია იტალიელი მწვრთნელის ხელში, მთელი 18-თვიანი ტანჯვის შემდეგ. ინგლისის ნაკრების მცველი კარგად ჩაეწერა ახალ მოდელში და ახალი მოთხოვნებიც უპრობლემოდ გაითავისა.

ერთი სიტყვით, ამ სამეულის ურთიერთქმედებამ "ლურჯების" უკანა ხაზში მინიმუმამდე დაიყვანა შეცდომები, რაც საგანგაშო რაოდენობით იყო პრემიერლიგის სტარტზე, "არსენალთან" მატჩის პირველი ტაიმის ჩათვლით.

"მშრალად" და უშეცდომოდ დგას კარში ტიბო კურტუაც. თუმცა მის მიმართ ადრეც ნაკლები იყო პრეტენზიები. სტატისტიკურადაც ის ერთ-ერთი მოწინავეა პრემიერლიგელ კოლეგებს შორის.

ნახევარდაცვა
ამ რგოლში მოულოდნელი იყო განაპირა მცველების, ვიქტორ მოზესისა და მარკოს ალონსოს გარდასახვა. 25 წლის ალონსოს ნათამაშები აქვს "ფიორენტინაში" და თავისთავად, იტალიურმა გამოცდილებამ მის კვალიფიციურ მცველად ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშა. ამას გარდა, ის მწყრალად არ არის ბურთთან და მთელი ეს პოზიტივი "ჩელსისთვის" დიდი უპირატესობაა.

აქ აუცილებლად უნდა ვთქვათ კონტეს ალღოზეც - ის ზუსტად მიხვდა, რომ ალონსო სწორედ ის ფეხბურთელი იყო, რომელიც მის სისტემაში ერთ-ერთ საკვანძო როლს ითამაშებდა.
ვიქტორ მოზესი "ჩელსიში" 2012 წლიდან ირიცხება, თუმცა ბოლო წლებში მან იჯარით მოიარა "ლივერპული", "სტოკი" და "ვესტ ჰემი". სწორედ კონტეს გადაწყვეტილება იყო 25 წლის ნიგერიელის დაბრუნება.

ალონსო და მოზესი არიან მცველებიც, ნახევარმცველებიც და შემტევებიც, როგორც ამას სიტუაცია ითხოვს. რომ დააკვირდეთ მათი მოქმედების დიაპაზონს, დავინახავთ, რომ ისინი სრულად ითვისებენ მანძილს ერთი საჯარიმო მოედნიდან მეორემდე.

მოედნის ცენტრში წონიან ფიგურად იქცა ნგოლო კანტე, ვისაც კარგად ვიცნობდით "ლესტერის" საჩემპიონო სეზონიდან. 25 წლის ფრანგს უკვე აქვს გუნდის "მოტორის" მეტსახელი. სწორედ კანტე უზრუნველყოფს ფლანგებზე მოზესისა და ალონსოს გამართულ მუშაობას.

აქვეა სერბი ნემანია მატიჩიც, რომელსაც ჟოზე მოურინიოს დროს კითხვის ნიშნის ქვეშ დაუდგა ლონდონური კარიერა, მაგრამ კონტეს ხელში 28 წლის სერბი სულ სხვანაირად გამოჩნდა. ის არის "შავი მუშაც" და, ასე განსაჯეთ, შედეგიანი პასების "პროვაიდერიც". ამ მხრივ, ის მეორე ადგილზეა პრემიერლიგაში.

მატიჩსა და კანტეს შორის როლების განაწილებამ ედენ აზარს მეტი თავისუფლება და სამოქმედო სივრცე დაუტოვა, რაც "ჩელსისთვის" დამატებითი ბონუსია. ბელგიელი ახლა საგოლე შანსების შექმნელიც არის და ამ შანსების რეალიზატორიც.

თავდასხმა
დიეგო კოშტა მიმდინარე კამპანიის მთავარი ბომბარდირია (9 გოლი). ის თავიდანვე კარგ ფორმაში იყო და კონტეს იმედებსაც ამართლებდა, მაგრამ ადრე ხშირად ვხედავდით მას იზოლაციაში. კოშტა, ფაქტობრივად, მარტო სწევდა ჭაპანს, მაგრამ დღევანდელ სისტემაში მას გვერდს უმაგრებენ, ერთი მხრივ, აზარი, ხოლო მარჯვენა ფლანგიდან პედრო როდრიგესი, რომელიც "ჩელსიში" საუკეთესო სეზონს ატარებს.

"ბარსელონას" ყოფილმა ფლანგელმა ჩინებულად აუღო ალღო კონტეს მოთხოვნებს და ახლა უკვე ამართლებს ერთი წლის წინ მასში გადახდილ 21 მილიონ გირვანქას. ის შესანიშნავი იყო "ევერტონთან" მატჩშიც, როცა ჯერ ეშლი უილიამსს დაასწრო, მანამდე კი ალონსოსა და აზარს გაუწია ასისტენტობა.

მანქანა შუა გზაში რომ არ გაჩერდეს...
მაგრამ არ არის საქმე ისე, თითქოს "ჩელსის" დღევანდელი ძლევამოსილება კითხვებისა და ეჭვების გარეშეა. პირველ ყოვლისა, კონტეს პრობლემად რჩება ადამიანური რესურსები. ჯონ ტერი, ბრანისლავ ივანოვიჩი, სესკ ფაბრეგასი, ვილიანი და ოსკარი, ჯერჯერობით, ვერ ერგებიან ახალ მოდელს.

კონტეს უპირველესი ამოცანაც სწორედ ისაა, ამ ახალ მოდელში რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი ჩართოს. სეზონი გრძელია და ეს 11 კაცი მთელ სეზონს ვერ ეყოფა. "ჩელსი" ვერ აიცილებს ჩავარდნებსა და ტრავმებს. ასეთ დროს, მწვრთნელს როტაციის საშუალება უნდა ჰქონდეს, რასაც დღესდღეობით მოკლებულია.

აქედან გამომდინარე, კონტე უნდა დაემშვიდობოს ბალასტს და სხვადასხვა პოზიციებზე სრულფასოვანი ალტერნატივები მოძებნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მანქანა, შეიძლება, შუა გზაში გაჩერდეს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული