ჟოზე მოურინიოს შავი სია - ვის გაუშვებს პორტუგალიელი ზამთარში?

AutoSharing Option
ახლოვდება ზამთარი. "მანჩესტერი" ვერ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ჟოზე მოურინიოს კი დიდხანს მოთმენა არ სჩვევია. ცხადია, ის "წითელ ეშმაკებში" საკადრო წმენდას ჩაატარებს. რომელ ფეხსბურთელებს შეელევა მოუ? ჩვენი წერილი სწორედ ამ საინტერესო თემას ეხება.

კრის სმოლინგი და ლუკ შოუ
ცოტა ხნის წინათ, კრის სმოლინგი საუკეთესო ინგლისელ მცველად მოჩანდა, მაგრამ როგორც ირკვევა, საქმე მთლად ასეც არ არის. მიმდინარე სეზონში სმოლინგმა არაერთი შეცდომა დაუშვა.

ის უფრო შეცდომების კოლექციონერს დაემსგავსა, ვიდრე მაღალი კლასის ფეხბურთელს. რა თქმა უნდა, ეს მოურინიოს არ მოსწონს. მან კრისის მიმართ
კრიტიკა არ დაიშურა.

პორტუგალიელი ასევე უკმაყოფილოა მარცხენა მცველის, ლუკ შოუს გარჯით. ყველაფერ ამას ისიც დაემატა, რომ "სუონსისთან" მატჩის წინ ორივე ფეხბურთელმა უთხრა ჟოზეს, რომ ვერ გავიდოდნენ მინდორზე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

"სმოლინგს მიაჩნია, რომ თავისი ტკივილით ასი პროცენტით ვერ დაიხარჯება მინდორზე. დილით შოუმ მითხრა, რომ არ შეუძლია თამაში. იცით, ზოგიერთი ფეხბურთელი უნდა შეიცვალოს, "მანჩესტერში" რომ ითამაშოს", - თქვა მოურინიომ.

მან იქვე დაამატა: "მე მყავს ერთი ჩოგბურთელი მეგობარი და მან მითხრა, რომ უფრო ხშირად თამაშობდა ტკივილით, ვიდრე მის გარეშე. თუ გინდა, იყო კონკურენტუნარიანი, დღეს ტკივილით თამაში უნდა ისწავლო.

არის განსხვავება მამაც ფეხბურთელებსა და იმ მოთამაშეებს შორის, რომელთათვისაც ნებისმიერი ტკივილი დაბრკოლება ხდება. ახლა "იუნაიტედის" დიდ ფეხბურთელებთან გასაუბრების საშუალება რომ მქონდეს, ისინი უთუოდ მეტყოდნენ, რომ არაერთი შეხვედრა ჩაუტარებიათ ტკივილის ფონზე", - დაასრულა მოურინიომ.

ჰენრიხ მხითარიანი
136 - ეს სომეხი ფეხბურთელის მიერ განხორციელებული დარტყმების რაოდენობა არ გეგონოთ. ეს იმ წუთების ჯამია, რომლებიც მხითარიანმა მიმდინარე სეზონში "იუნაიტედის" მაისურით ითამაშა.

არადა, სეზონთაშორის პერიოდში პორტუგალიელი მწვრთნელი ხშირად აქებდა სომეხ ფეხბურთელს. "ის ჯადოსნური ფეხბურთელია", - ეს სიტყვები სწორედ მოურინიოს ეკუთვნის. ფაქტია, ჰენრიხს შანსი საერთოდ არ ეძლევა. დადის ხმები მის ტრავმაზე. ასევე, მოურინიოსთან კონფლიქტზე.

"მან მეტი უნდა გააკეთოს გუნდისათვის. ყველაფერი ძალიან მარტივია. ჩვენ გვაქვს დიდი მოლოდინი და მან ის უნდა გაამართლოს. მან უნდა ითამაშოს მატაზე, ლინგარდსა და მარსიალზე უკეთესად. ყველა მწვრთნელს უნდა მოგება და ყველა ამისთვის იყენებს საუკეთესო ფორმაში მყოფ ფეხბურთელებს", - ასე თქვა პორტუგალიელმა მხითარიანზე.

ბასტიან შვაინშტაიგერი
ამას წინათ "მანჩესტერ იუნაიტედმა" წლის ხარჯთაღრიცხვა გამოაქვეყნა. სხვა ხარჯებთან ერთად ამ დოკუმენტში 6,7 მილიონზე წერია. არის განმარტებაც - ეს ხარჯი უკავშირდება ფეხბურთელს, რომელიც აღარ არის ძირითადი გუნდის წევრი.

ალბათ, მიხვდით, საქმე ეხება გერმანული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავს, ბასტიან შვაინშტაიგერს. "მე ველაპარაკე შვაინშტაიგერს. მე პასუხისმგებლობას მის მაგივრად ვერ ავიღებ. ეს მისი ცხოვრებაა, მისი კარიერაა.

მან უნდა გადაწყვიტოს, წავიდეს თუ დარჩეს. ფაქტია - ჩვენ ორ პოზიციაზე ხუთი ფეხბურთელი გვყავს. თუ მაინც შეგვექმნება პრობლემა, მზად ვარ, რამდენიმე ნიჭიერი ბიჭი ავიყვანო აკადემიიდან და მათ მივცე შანსი", - ამბობს მოურინიო.

ჩანს, რომ ჟოზეს ბასტიანის იმედი აღარ აქვს. ნოემბრის დასაწყისში პორტუგალიელის ნებით "შვაინი" ძირითად გუნდში დაბრუნდა. მაშინ ამ გადაწყვეტილებას ჟოზემ "ადამიანური და ჰუმანური" დაარქვა.
არადა, რეალურად, დიდი ალბათობით, საქმე სულ სხვა რამეშია - ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "იუნაიტედს" გერმანელი ნახევარმცველის სარფიანად გაყიდვა სურს.

კიდევ შვიდი
"ტელეგრაფმა" გამოაქვეყნა იმ შვიდი ფეხბურთელის სია, რომლებიც ზამთარში გუნდს დატოვებენ. ესენი არიან: მარკოს როხო, მატეო დარმიანი, ფილ ჯონსი, მაიკლ კერიკი, ეშლი იანგი, მორგან შნეიდერლინი და მემფის დეპაი.

ამ შვიდიდან ყველას თავისი ისტორია აქვს. დარმიანმა და დეპაიმ კარგი დასაწყისის შემდეგ მოუკლეს. ჯონსი კონკურენციაში დაიჩაგრა.

შნეიდერლინის სტილი "იუნაიტედს" არ უხდება. კერიკს მოურინიო მობილურობას უწუნებს. იანგი საქველმოქმედო საქმიანობას უფრო მეტ ყურადღებას უთმობს, ვიდრე ფეხბურთს. როხო კი უბრალოდ არ არის "იუნაიტედის" დონის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან მინდა შვაინსტაიგერი დარჩეს. ძალიან მიყვარს ეს ფეხბურთელი.
fexburtis fani
12:09 11-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული