პრემიერლიგა. XVI ტურის წინ: ფრთხილად "არწივებთან"!

AutoSharing Option
პრემიერლიგის ეს ტური ერთი რომელიმე გამორჩეული თამაშით ვერ დაიკვეხნის, თუმცა ყველა მატჩი თავისთავად საინტერესო და დამაინტრიგებელია. პირველ რიგში, ლიდერთა შეხვედრებზე გავამახვილოთ ყურადღება...

დღეს "არსენალი" ესტუმრება "ევერტონს", რომელსაც ბოლო 5 მატჩში ერთხელაც არ გაუმარჯვია. ლონდონელებს მწარედ უნდა ახსოვდეთ "გუდისონ პარკზე" ორი წლის წინ ნაგემი 0:3. არსენ ვენგერი იოლ თამაშს არც ამჯერად უნდა ელოდოს.

"ევერტონის" ფორვარდი რომელუ ლუკაკუ 9 გოლით ბომბარდირთა შორისაა, "არსენალს" კი "სტოკთან" შაბათის მატჩში ცენტრალური მცველი შკოდრან მუსტაფი დაუშავდა. 24 წლის გერმანელი გუნდს წლის ბოლომდე ვერ დაეხმარება. ვენგერმა განაცხადა,
რომ ლორან კოსიელნის დაცვის ცენტრში გაბრიელ პაულისტა შეუწყვილდება.

დღესვე მოქმედი ჩემპიონი "ლესტერი", რომელმაც წინა ტურში სწორედაც ჩემპიონური თამაშით დაამარცხა (4:2) "მანჩესტერ სიტი", ბორნმუთში ითამაშებს. "ლესტერი" ერთ-ერთია მიმდინარე პრემიერლიგის იმ ორ გუნდს (მეორე "ბარნლია") შორის, რომელსაც ჯერჯერობით, სტუმრად არ მოუგია. კლაუდიო რანიერის საბრძოლო შემადგენლობა ჰყავს. სერიოზულ დანაკლისს არც "ბორნმუთის" თავკაცი ედი ჰაუ უჩივის.

"ლივერპულის" მწვრთნელი იურგენ კლოპი უკანა ხაზში პრობლემებს უჩივის. მცველები ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ, რაზეც მარტო ბოლო ორ თამაშში გაშვებული 6 გოლიც მეტყველებს. კლოპს პრეტენზიები აქვს მეკარე ლორის კარიუსთანაც, რომელსაც ასევე უხეში ლაფსუსები მოუვიდა "ბორნმუთთან" და "ვესტ ჰემთან" ბოლო შეხვედრებში. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ ხვალ "ლივერპულის" კარს 28 წლის ბელგიელი სიმონ მინოლე დაიცავს. სხვათა შორის, ამას ურჩევენ კლოპს ექსპერტებიც. შეგახსენებთ, რომ "წითლებს" ტრავმირებული ჰყავთ ბრაზილიელი პლეიმეიკერი ფილიპე კოუტინიო.

"ჩელსი", რომელმაც ზედიზედ 9(!) მატჩი მოიგო და პრემიერლიგის ერთპიროვნული ლიდერია, ბოლო ხანს მოღონიერებულ "სანდერლენდს" (ბოლო 5 მატჩიდან 3 მოიგო, აქედან 2 - საკუთარ მოედანზე) ეწვევა.

გუშინ ინგლისურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო საფეხბურთო ასოციაცია "არისტოკრატებისთვის" ქულების დაკლებას აპირებს, ხოლო ამ ინციდენტში მონაწილე ფეხბურთელებს პერსონალურად დასჯის. ცხადია, ანალოგიური ვერდიქტი, თუ ასოციაცია შესაბამის დასკვნამდე მივიდა, "სიტიზეც" გავრცელდება.

ეს უკანასკნელი კი შინ "უოტფორდს" მიიღებს და კვლავ - სერხიო აგუეროს, ფერნანდინიოსა (ორივე დისკვალიფიცირებულია) და ვენსან კომპანის (ტრავმა) გარეშე. ვალტერ მაძარის გუნდში კი საეჭვოა ფრანგი მცველის, იუნეს ქაბულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ბარემ იმასაც შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ სიტის" ზედიზედ 2 წაგება აქვს. ამ ორ თამაშში პეპ გვარდიოლას გუნდმა 7(!) გოლი გაუშვა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ნელ-ნელა ფეხზე დგება და, ცხადია, ფავორიტი იქნება "კრისტალ პალასთან" გასვლით მატჩშიც. ოღონდ ჟოზე მოურინიოს სამწყსო ფრთხილად უნდა იყოს, რადგან "არწივებმა" ბოლო სამ თამაშში (თითო - მოგება, ფრე და მარცხი) 10 გოლი გაიტანეს. "მანჩესტერს" არ ეყოლება "ტოტენჰემთან" საკვირაო მატჩში დაშავებული ჰენრიხ მხითარიანი (2 გოლი და 2 საგოლე პასი ბოლო ოთხ მატჩში), რომელიც, მოურინიოსვე თქმით, კიდევ ერთ მატჩს გამოტოვებს.

"ტოტენჰემი", რომელსაც მიმდინარე სეზონში შინ არც ერთი მატჩი არ წაუგია, უმასპინძლებს "ჰალს", რომელსაც ზედიზედ ხუთ საგარეო შეხვედრაში ქულაც არ აუღია, ხოლო მიჯრით სამ დაპირისპირებაში გოლიც არ გაუტანია.

სამშაბათი. 13 დეკემბერი
ბორნმუთი-ლესტერი 23:45
ევერტონი-არსენალი 23:45

ოთხშაბათი. 14 დეკემბერი
მიდლსბრო-ლივერპული 23:45
სანდერლენდი-ჩელსი 23:45
ვესტ ჰემი-ბარნლი 23:45
კრ. პალასი-მანჩესტერ იუნ 23:59
მანჩესტერ სიტი-უოტფორდი 23:59
სტოკი-საუთჰემპტონი 23:59
ტოტენჰემი-ჰალი 23:59
ვესტ ბრომვიჩი-სუონსი 23:59

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული