"იუვენტუსი": რატომ არ ჩამოართვა ხელი დიბალამ ალეგრის?

AutoSharing Option
"სასუოლო"-"იუვენტუსის" 77-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც მასიმილიანო ალეგრიმ პაულო დიბალა შეცვალა და მის ნაცვლად თამაშში მარკო პიაცა ჩართო.

მოედნიდან გასულ დიბალას "იუვეს" მწვრთნელმა ხელი გაუწოდა, თუმცა ფეხბურთელისგან საპასუხო ჟესტი ვერ მიიღო - 23 წლის არგენტინელმა ფორვარდმა ცივად ჩაუარა ალეგრის და სათადარიგოთა სკამისკენ გაემართა.

ბუნებრივია, რომ ეს თემა იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტებმა აიტაცეს, მთავარი კითხვა კი ასეთია: რატომ არ ჩამოართვა დიბალამ ხელი ალეგრის? - ერთ კონკრეტულ ინციდენტთან გვაქვს საქმე, რომლის მიზეზიც შეცვლაა თუ მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის კონფლიქტია?

რა შეიძლებოდა გამხდარიყო დიბალას უკმაყოფილების
მიზეზი? - ერთი ვერსიით, არგენტინელი უკმაყოფილოა იმით, რომ ამპლუა შეუცვალეს და ბოლო მატჩებში გამთამაშებლის პოზიციაზე ირჯება. ალეგრი 4-2-3-1 ტაქტიკაზე აკეთებს აქცენტს, სადაც გამოკვეთილი ფორვარდი მხოლოდ გონსალო იგუაინია, ფლანგებზე მარიო მანჯუკიჩი და ხუან კუადრადო მოქმედებენ, პაულო დიბალა კი სიღრმიდან თამაშობს და მეტწილად, თანაგუნდელთა პასებით მომარაგება ევალება.

შესაძლოა, დიბალას მართლაც არ მოსწონდეს ახალი როლი და მწვრთნელთან უსიამოვნებაც ამის შედეგია. ან შესაძლოა, დიბალა იმდენად გათამამდა, რომ შეცვლა ვერ აიტანა და მწვრთნელს ეს იგნორირებით მიანიშნა. ამ თემაზე კომენტარი ალეგრიმ გააკეთა და ვითარების განმუხტვა სცადა:

"არ ღირს ვითარების დრამატიზება, რადგან საგანგაშო არაფერი მომხდარა. ფეხბურთელებს არ უყვართ, როდესაც ცვლიან და ხშირად ნერვებს ვერ თოკავენ. პირადად მე, გაგებით ვეკიდები დიბალას ქმედებას და ამაში კატასტროფულს ვერაფერს ვხედავ. "იუვენტუსი" ერთ მუშტად შეკრული გუნდია და მინდა ამაში ყველა დაგარწმუნოთ".

"გაძეტა დელო სპორტის" კულუარული ინფორმაციით, მატჩის შემდეგ მასიმილიანო ალეგრიმ პაულო დიბალას განკითხვის დღე მოუწყო და გასახდელში ვითარება უკიდურესად დაიძაბა, თუმცა შიდა სამზარეულო მწვრთნელმა საჯაროდ არ გამოიტანა. ვნახოთ, რა გაგრძელება ექნება ამ ისტორიას...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული