"მილანი" ალვარო მორატას შეუთანხმდა

AutoSharing Option
ზაფხულში "მილანის" მესვეურები გუნდის სერიოზულად გაძლიერებას აპირებენ და საქმეს აქედანვე მოჰკიდეს ხელი.

უკვე ვიცით იმ სამი ფეხბურთელის გვარი, რომლებიც ლომბარდიულ გრანდში იასპარეზებენ: მატეო მუსაჩო, რიკარდო როდრიგესი და ფრანკ კესიე. პირველი ცენტრალური მცველი, მეორე მარცხენა მცველი, ხოლო მესამე ნახევარმცველია.

როგორც ჩანს, "მილანის" მესვეურებმა შეტევისთვისაც მოიცალეს - "გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, დიდი შანსია, მომდევნო სეზონიდან "მილანის" მაისურით ალვარო მორატა ვიხილოთ. ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, მილანელები უკვე შეუთანხმდნენ ფეხბურთელს, რომელიც "როსონერიში" გადაბარგებას დათანხმდა. მორატას "რეალში" სათამაშო პრაქტიკა აკლია, "მილანში" კი ამ მხრივ,
არავითარი პრობლემა არ ექნება.

ითქვა ისიც, რომ ალვარო მორატა "მილანში" წელიწადში 7,5 მილიონ ევროს აიღებს - ჯერჯერობით, უცნობია, რამდენწლიანი კონტრაქტი გაფორმდება.

ლომბარდიული გრანდი მზადაა, რომ ფეხბურთელის სანაცვლოდ "სამეფო კლუბს" 60 მილიონი ევრო გადაუხადოს - სწორედ ასე აფასებს "რეალი" მორატას და წესით, კლუბებს შორის შეთანხმებაც უახლოეს დღეებში უნდა შედგეს. საგულისხმოა, რომ ალვაროს გაშვება "რეალის" მესვეურებსაც სურთ - რამდენიმე დღის წინ, ესპანურ მედიაში 8 ფეხბურთელის გვარი გავრცელდა, რომლებსაც მადრიდული გრანდი ტრანსფერზე დააყენებს და მათ შორისაა მორატაც. "გაძეტა" გვარწმუნებს, რომ ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია და მომდევნო სეზონიდან ალვაროს შავ-წითელი მაისურით ვიხილავთ.

ამასობაში, გადაწყდა, რომ "მილანს" ჟერარდ დეულოფეუ დატოვებს - 23 წლის ესპანელი შემტევი "ევერტონის" საკუთრებაშია, თუმცა მისი გამოსყიდვის უპირატესი უფლებით "ბარსელონა" სარგებლოს. კატალონიელები ინგლისურ კლუბს 12 მილიონ ევროს გადაუხდიან და დეულოფეუს თავისთან წაიყვანენ - შესაბამისად, ჟერარდი "მილანს" ემშვიდობება. ამ და სხვა სატრანსფერო თემებზე კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ გააკეთა:

"რას ვიტყვი ჟერარდ დეულოფეუზე? - შეუცვლელი არავინაა. რაც შეეხება სატრანსფერო გეგმებს, ყველაფერი კარგად მიდის. კლუბის მესვეურები აქტიურად მუშაობენ და შედეგებიც გვაქვს. "მილანი" უნდა იყოს გაცილებით ძლიერი, ვიდრე წინა წლებში. ფრანკ კესიე შესანიშნავი ნახევარმცველია და ჩემი ინფორმაციით, მომდევნო კვირაში სამედიცინო შემოწმებას გაივლის. "ატალანტას" ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა, რაშიც კესიემ ლომის წილი დაიდო. მატეო მუსაჩო უმაღლესი კლასის მცველია და მისი გამოცდილება გუნდს ძალიან სჭირდება. ვეცდებით ყველა რგოლი გავაძლიეროთ, რადგან ეს გუნდს სჭირდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული