ფრანჩესკო ტოტის ყველაზე დიდი ტიტული - ხალხის სიყვარული

AutoSharing Option
40 წლის ფრანჩესკო ტოტიმ "რომას" შემადგენლობაში ბოლოჯერ ითამაშა - დასრულდა ეპოქა, რომლის სიტყვებით აღწერა უბრალოდ შეუძლებელია. იმპერატორი წავიდა და წავიდა ისე, როგორც ეს მის დიდებას ეკადრებოდა... "რომა"-"ჯენოს" თამაშზე ბილეთები სარეკორდოდ მცირე დროში გაიყიდა და მიზეზი გასაგებია: ფრანჩესკო ტოტის უკანასკნელად უნდა მოერგო მშობლიური გუნდის მაისურა...

"რომა"-"ჯენოას" თამაშს სატურნირო ინტრიგაც ახლდა და შესაბამისად, ეს მატჩი არ იყო უბრალო ფორმალობა - გულშემატკივრებს გვარიანი ნერვიულობა გადახდათ, რადგან "ჯალოროსიმ" მხოლოდ ბოლო წუთზე გამოსტაცა გამარჯვება მეტოქეს და ამით სატურნირო ცსრილში მეორე ადგილი და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის
ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, "რომა" მესამეზე დაქვეითდებოდა და ლიგის პლეი ოფში მოუწევდა ასპარეზობა, იქ კი, რა იცი, რა ხდება და სულაც არ გაქვს გარანტირებული ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ძირითად ბადეში მოხვედრა. მოკლედ, რომაელებმა მსაჯის საფინალო სასტვენამდე ინერვიულეს. აი, შემდეგ კი მთელი ყურადღება ფრანჩესკო ტოტიზე გადავიდა, ფეხბურთელზე, რომელმაც მშობლიური გუნდის შემადგენლობაში 28 წელი გაატარა.

სიტყვებით შეუძლებელია იმ ემოციების გადმოცემა, რაც "სტადიო ოლიმპიკოზე" ვნახეთ - ტიროდა ყველა და თანაც, ტიროდნენ ცხარე ცრემლებით; ტიროდნენ ფეხბურთელები, კლუბის წარმომადგენლები და, რა თქმა უნდა, გულშემატკივრები - ტოტიმ სცადა თავის შეკავება, ემოციების კონტროლი, მაგრამ ბოლოს დანებდა და მასაც წამოუვიდა ცრემლები - სხვაგვარად შეუძლებელი იყო, რადგან მოედანზე ემოციები დუღდა და გადმოდუღდა...

ფრანჩესკო ტოტის მთელ კარიერას გასდევდა ფონად მისი სხვა გუნდში შესაძლო გადასვლის თემა - ბევრი იწერებოდა ევროპული გრანდების შესახებ, განსაკუთრებით კი, მადრიდის "რეალი" აქტიურობდა. ცნობილია, რომ "სამეფო გუნდის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ტოტის ზღაპრულ კონტრაქტს და იმ გუნდში გადასვლას სთავაზობდა, რომელსაც თავის დროზე, "გალაქტიკოსი" უწოდეს. ტოტის შეეძლო ამ ნაბიჯის გადადგმა და კარიერის ესპანეთში გაგრძელება - ასეთ შემთხვევაში, ის აუცილებლად მოიგებდა უამრავ ტიტულს და მათ შორის, ჩემპიონთა ლიგას, თუმცა ტოტი დარჩა და, როგორც თვითონ აცხადებს, ეს ერთი წამითაც არ უნანია. ან როგორ უნდა ინანო, როდესაც გულშემატკივართა მხრიდან ასეთ სითბოს გრძნობ - ის, რაც კვირას "ოლიმპიკოზე" ხდებოდა, ის, რა სითბოც გულშემატკივრებმა თავიანთი კუმირის მიმართ გამოხატეს, არც ერთი ტიტულით არ გაიზომება და შესაბამისად, არ გადაიწონება.

ფრანჩესკო ტოტიმ აატირა 70 000 გულშემატკივარი ტრიბუნებზე და მილიონობით ტელეეკრანებთან - ამას ვერც ერთი ტიტული, თასი და მედალი ვერ შეედრება. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპაში ასე ჯერ არავინ გაუცილებიათ...

იმპერატორმა ოლიმპიურ სტადიონს წრე დაარტყა და ყველა სექტორის წინ გარკვეული დრო გაატარა - ყველაზე დიდხანს ულტრასებთან შეჩერდა, რომლებსაც თავიანთი კაპიტანი უსაზღვროდ უყვართ - რა შინაარსის ბანერს არ ნახავდით ულტრასების სექტორზე - მაგალითად, ერთ-ერთ გულშემატკივარს ასეთი წარწერა ჰქონდა გამოფენილი: "იმედია, შენზე ადრე მოვკვდები, კაპიტანო, რადგან შენ გარეშე ცხოვრება ჯოჯოხეთია"...

ტოტიმ საპატიო წრე მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად დაარტყა. იყო ინციდენტებიც - გულშემატკივრებმა პოლიციის კორდონები გაარღვიეს და ფრანჩესკოსთან მისვლა სცადეს; ერთ-ერთი კაპიტნის წინ მუხლებზე დაეცა და როდესაც კარაბინიერებმა მისი გაყვანა სცადეს, საქმეში თავად ტოტი ჩაერთო, პოლიცია გვერდზე გაწია და გულშემატკივარს გადაეხვია.

დადგა სიტყვით გამოსვლის დროც და ტოტის მიკროფონი მიაწოდეს - ფრანჩესკომ გულშემატკივრებს ემოციურად მიმართა და მის სიტყვას სრულად გთავაზობთ:

Sportall.Ge

ფრანჩესკო ტოტის გამოსამშვიდობებელი სიტყვა
"სამწუხაროდ, დადგა ის დღე, რომელიც მეგონა, რომ არასდროს მოვიდოდა. ბოლო დღეებში იმდენი კარგი ითქვა ჩემზე და იმდენი სითბო ვიგრძენი, რომ ემოციებში ვარ. თქვენ ჩემს მხარეს იყავით და მამხნევებდით რთულ პერიოდში - ამიტომ მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ.

თქვენ მსგავსად, მეც ვტიროდი და ემოციების კონტროლი მიჭირდა - შეუძლებელია სიმშვიდე შეინარჩუნო, როდესაც განვლილ 28 წელს გადახედავ. მადლობა დედას, მამას, ძმას, მთელ ჩემს ოჯახს და მეგობრებს. რა თქმა უნდა, ჩემს მეუღლეს, რომელსაც ბოლო დღეებში ბევრი ვესაუბრე განვლილ წლებზე. მადლობა შვილებს, რომლებიც მუდამ გვერდით მიდგანან. მინდოდა სწორედ მადლობებით დამეწყო, რადგან არ ვარ დარწმუნებული, რომ სიტყვის დასრულებას შევძლებ...

შეუძლებელია გადმოსცე რამდენიმე წინადადებით ის, რაც ბოლო 28 წლის განმავლობაში ხდებოდა. შესაძლოა, ამ ყველაფრის გადმოცემას ერთი დიდი პოემაც კი არ ეყოს. პოეზიასთან ახლოს არასდროს ვყოფილვარ და ამიტომ ვერაფერს შეგპირდებით. ჩემი სათქმელი ფეხებით გადმოვეცი - ასე ყოველთვის გაცილებით ადვილი იყო. იცით, რისი თამაში მიყვარდა ყველაზე მეტად ბავშვობაში? - ფეხბურთის და ეს დღემდე ასეა. დღემდე მე მხოლოდ ფეხბურთის თამაში მინდა...

თუმცა დგება მომენტი, როდესაც უნდა მიხვდე, რომ გაიზარდე და აღარ ხარ ის პატარა ბიჭი, რომელსაც ერთადერთი რამ უნდა: ითამაშოს ფეხბურთი. სწორედ ამას მეუბნებოდნენ ბოლო თვეებში, ბოლო წლებში და აი, მეც დავნებდი.

დიახ, მომიახლოვდა დრო, მომარტყა მხარზე ხელი და მითხრა, რომ დროა გავიზარდო - მითხრა, რომ როდესაც ხვალ დილას თვალებს გავახელ, უნდა გავიაზრო, რომ უკვე გავიზარდე. მითხრა, რომ უკვე კაცი ვარ და დროა, გავიხადო შორტები, ბუცები და გამოვეწყო ისე, როგორც კაცს შეეფერება. მითხრა, რომ აღარ შემეფერება ამ ასაკში ყოველი გატანილი გოლის შემდეგ ბავშვივით სირბილი, ყვირილი და სიხარული, რომლის დროსაც გონება მებინდება.

ბოლო თვეებში ხშირად მიფიქრია, რატომ ვაპირებ გაღვიძებას, როდესაც საოცარ სიზმარში ვარ... იცით, ეს რას ჰგავს? - ბავშვობაში, კარგ სიზმარს რომ ხედავ და ამ დროს დედა გაღვიძებს და გახსენებს, რომ სკოლაში წასვლის დროა. გინდა შეიბრუნო ძილი და დაბრუნდე ისევ იმ სიზმარში, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელია - რომც დაიძინო, იმ სიზმარში ვეღარ დაბრუნდები. ამჯერად, ლაპარაკია ცხადზე და არა სიზმარზე...

ჩემი მიმართვა ეკუთვნით ბავშვებს, რომლებიც მგულშემატკივრობდნენ - იმ ბავშვებსაც, რომლებიც ჩემი თამაშის დროს კაცებად იქცნენ და დღეს თვითონ ჰყავთ შვილები. მინდა ჩემი კარიერა იყოს ზღაპრული ისტორია, რომელსაც ბავშვებს მოვუყვები და ისინიც ინტერესით მომისმენენ. ეს მართლაც იყო ზღაპარი, რომელიც უკვე დასრულდა. ბოლოჯერ ვიხდი ჩემი გუნდის მაისურს და მას აუცილებლად ლამაზად დავკეცავ. მიჭირს იმის თქმა, რომ ყველაფერი დასრულდა - თითქოს, არ ვარ ამისთვის მზად და შესაძლოა, არც არასდროს ვიყო.

მინდა, ბოდიში მოგიხადოთ იმისთვის, რომ მთელი ეს პერიოდი ვდუმდი და არ ვადასტურებდი, რომ ბოლო სეზონს ვატარებდი მშობლიურ გუნდში. რთული იყო იმ აზრთან შეგუება, რომ ეს დღე ახლოვდებოდა და ამიტომ თითქოს სიბნელეში გამოვიკეტე - არაფრის დანახვა და არაფრის გაგონება არ მსურდა. შუქი ამინთეს და მითხრეს, რომ ეს დღე დადგა - ვაღიარებ, რომ შეშინებული ვარ და ვგრძნობ, რომ თქვენი მხარდაჭერა ისე მჭირდება, როგორც არასდროს.

ეს გრძნობა არაფერს შეედრება - ამასთან მოსატანადაც არ ღირს ის სტრესი, როდესაც კარის წინ დგახარ და გადამწყვეტ თერთმეტმეტრიანს ურტყამ. ამიტომ მომეცით უფლება, მეშინოდეს ამ რეალობის და ნუ ჩამითვლით ამას სისუსტეში. თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს და მჯერა, რომ თქვენთან ერთად უფრო ადვილად დავიწყებ ახალ თავგადასავალს.

ის დროა, როდესაც მადლობა უნდა გადავუხადო მწვრთნელებს, თანაგუნდელებს, კლუბის მესვეურებს და ისევ და ისევ გულშემატკივრებს. არავის ეწყინება, თუ ულტრასებს გამოვარჩევ, რომლებიც მუდამ ჩემს გვერდით არიან. მე ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ მთელი კარიერა "რომას" შევწირე - მიყვარხართ"...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
რა მაგარი იყო ერთ დროს სერია ა და ტოტიც როგორ ბრწყინავდა..ევრო 2000-ც არ დამავიწყდება, ჩემი ბავშვობის უკანასკნელი და გამორჩეული კუმირიც წავიდა..მადლობა კაპიტანო და წარმატებები ყველაფერში.
alex
00:29 01-06-2017
0
იშვიათად კაცმა ასე და ამგვრად უერთგულოს ერთ კლუბს.ბრავო!!!
კახა ქირია
22:16 31-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული