"რომაც" გაიმართა

AutoSharing Option
სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღეებში "რომამაც" მაგრად იაქტიურა: ფერნანდო გაგო "რეალიდან", მირალემ პიანიჩი "ლიონიდან" და სიმონ კიაერი "ვოლფსბურგიდან" - თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ჯალოროსიმ" ყველა მტკივნეული პოზიცია გააძლიერა ან დააბალანსა.

გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ რომაელთათვის ბოლო დღის უმთავრესი შენაძენი მაინც ფერნანდო გაგო იყო. არგენტინის ნაკრების ფეხბურთელი (ალბისელესტეში 27 მატჩი აქვს ჩატარებული) "ჯალოროსიში" ერთწლიანი იჯარით გადაბარგდა. აღსანიშნავია, რომ გაგო "რეალის" მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს კონცეფციაში ვეღარ ჯდებოდა, რის გამოც მადრიდელებმა საკმაოდ გამოცდილი ნახევარმცველი იოლად დათმეს.

25 წლის გაგოს, რომელიც "რეალში"
2007 წელს, "ბოკა ხუნიორსიდან" გადავიდა, პრიმერადივიზიონში 90 მატჩი აქვს ჩატარებული (1 გოლი).

"ფერნანდო გაგო სწორედ ის ფეხბურთელია, რომელიც ძალიან გვჭირდებოდა. მის თამაშს დიდი ხანია ვაკვირდები და ვფიქრობ, რომ არგენტინელი "რეალში" ჯეროვნად ვერ დააფასეს. დარწმუნებული ვარ, რომ "რომაში" საკუთარ თავს იპოვის და ისე ათამაშდება, როგორც ეკადრება," - ეს რომაელთა თავკაც ლუის ენრიკეს სიტყვებია.

პიანიჩი ოთხი წლით
აი, 21 წლის ბოსნიელი ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი კი "რომამ" "ლიონიდან" 11 მილიონ ევროდ შეიძინა და ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ბოიაკ კრკიჩისა (ბარსელონადან) და მარტენ სტეკელენბურგის (აიაქსიდან) შემდეგ, ახალგაზრდა გამთამაშებელი "ჯალოროსის" კიდევ ერთი ხმაურიანი შენაძენია. პიანიჩი "ლიონში" 2008 წლიდან თამაშობდა და მაშინ "ოლიმპიკში" "მეციდან" მოხვდა.

ამ სამ წელიწადში მან "ლიონის" ფორმა საფრანგეთის ჩემპიონატის 116 შეხვედრაში მოირგო და გუნდს 15 გოლით შეეწია. ნიჭიერი გამთამაშებელი ბოსნიის ნაკრებშიც შეუცვლელი ფიგურაა - ეროვნულ გუნდში მას 26 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი.

"პიანიჩის სახით კიდევ ერთი ახალგაზრდა, უნიჭიერესი ფეხბურთელი შევიძინეთ. აი, ახლა კი ნამდვილად კმაყოფილი ვარ და ახალი სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველი," - ამბობს ლუის ენრიკე.

ბორიელო დარჩა
თავდამსხმელი მარკო ბორიელო კი, რომელსაც "რომადან" აბარგებას უწინასწარმეტყველებდნენ, "ჯალოროსიში" დარჩა. ამ უკანასკნელს "მარსელსა" და პსჟ-ში ეპატიჟებოდნენ და ტრანსფეროს წინააღმდეგნი არც რომაული კლუბის ხელმძღვანელები იყვნენ, მაგრამ "რომას" დატოვებაზე უარი თვითონ ფორვარდმა თქვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული