პრანდელი: იტალია "ბარსელონა" არ არის!

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მორიგი "მუშა გამარჯვება" მოიპოვა, მაგრამ ჩვენმა იტალიელმა კოლეგებმა "სკუადრა აძურას" თავკაც ჩეზარე პრანდელის უსუსურ ფარერებთან მინიმალური ანგარიშით გამარჯვება წარუმატებლობად ჩაუთვალეს და გააკრიტიკეს.

მატჩის დასაწყისში ანტონიო კასანოს მიერ გატანილი გოლი ფარერის კუნძულებზე იტალიელთა მხრიდან ერთადერთი გამოდგა და მართალია, "აძურიმ" თავისი საყვარელი ანგარიშით მოიგო, მაგრამ მიმომხილველებს სუსტ მეტოქესთან ასეთი მწირი მოგება ეცოტავათ.

უნდა ითქვას, რომ მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენცია დიდი კმაყოფილება არც თავად პრანდელის ეტყობოდა - მწვრთნელმაც აღიარა, რომ შეგირდების თამაშით უკმაყოფილო იყო.

თუმცა თამაშის მეორე
დღეს "გაძეტა დელო სპორტში" ისეთები დაიწერა, რომ პრანდელი წყობიდან გამოვიდა და მეორე დღეს კიდევ ერთი პრესკონფერენცია გამართა, სადაც ძირითადად იმაზე ისაუბრა, რომ ზუსტად იცის, იტალიის ნაკრები დროთა განმავლობაში თამაშს აუცილებლად გააუმჯობესებს.

როცა 54 წლის პრანდელი "აძურის" თავკაცად დაინიშნა, განაცხადა, აქცენტი სწრაფ ფეხბურთზე და მოკლე პასებზე უნდა გავაკეთოთ და უნდა შევეცადოთ, ისე ვითამაშოთ, როგორც ამას "ბარსელონა" და ესპანეთის ნაკრები აკეთებსო. იტალიელმა ჟურნალისტებმა ჩეზარეს სწორედ ეს სიტყვები გაუხსენეს და ფარერებთან 1:0-ის შემდეგ, პირდაპირ ვთქვათ, მაგრად დასცინეს.

"როცა იტალიის ნაკრების მწვრთნელად დავინიშნე, ნამდვილად ვთქვი, "აძურიში" ტაქტიკა უნდა შევცვალო-მეთქი და ნამდვილად ვამბობდი იმასაც, რომ გაცილებით სწრაფი ფეხბურთი უნდა გვეთამაშა, მაგრამ იტალიის ნაკრები "ბარსელონასთვის" ან ესპანეთისთვის არასდროს შემიდარებია. მაშინ უბრალოდ ვთქვი, რომ ამას ყველაზე კარგად ესპანელები და ბარსელონელები აკეთებენ.

იტალია ბარსელონა არ არის და ვერც იქნება, რადგან კატალონიაში ფეხბურთელები სწრაფი ფეხბურთის მოკლე პასებით თამაშს ბავშვობიდან სწავლობენ, ჩვენ კი ასეთი ფეხბურთის თამაშს მხოლოდ ახლაღა ვსწავლობთ," - განაცხადა პრანდელიმ.

ფარერებთან მატჩში პრანდელიმ თავის შეგირდებს მოტივაციის პრობლემაც შეამჩნია და ზოგადად, გუნდის შემართებით უკმაყოფილოა: "თამაშის შემდეგ მთელი ღამე არ მეძინა და ღამით მატჩს განმეორებით ვუყურე. სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ თამაში კარგად დავიწყეთ, მეორე ტაიმში ჩემს ფეხბურთელებს ბევრი წუნი ჰქონდათ," - დასძინა ჩეზარემ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებმა ჩ ჯგუფში შვიდიდან ექვსი თამაში მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა, რაც ნამდვილად არ არის ცუდი შედეგი, ხვალ კი, აპენინელები სლოვენიას ხვდებიან და "აძურის" თავკაცის თქმით თამაშის ხარისხის გაუმჯობესებასაც შეეცდებიან.

"ზოგადად სწორ გზას ვადგავართ და ვერავინ იტყვის, რომ ეს ასე არ არის. იტალიის ნაკრები კვლავინდებურად სოლიდური გუნდია, რომელსაც შესარჩევ ციკლში წაგება არ აქვს და მხოლოდ ერთი ფრე ითამაშა. თუმცა ფაქტია, რომ მომდევნო მატჩებში უფრო უკეთესი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, თუმცა აქვე იმასაც ვიტყვი, რომ სლოვენიასთან ძირითად შემადგენლობაში ბევრს არაფერს შევცვლი," - განაცხადა პრანდელიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული