მართლაც ულამაზესი და წმინდა საფეხბურთო არენა "იუვენტუს სტადიო" "ბებერი ქალბატონის" ისტორიაში ახალი ერის დასაწყისი უნდა გახდეს - ასეა დაგეგმილი და ჯერჯერობით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.
"ო სტადიო ცჰე ცამბია ილ ცალციო" - სტადიონი, რომელიც ფეხბურთს შეცვლისო, ამაყად უწერიათ ტურინელებს ყველგან, სადაც თავიანთ ახალ არენაზე საუბრობენ. და მართლაც, იტალიური
სტადიონი, რომელიც წმინდა საფეხბურთო არენაა და 41 000 მაყურებელს იტევს, ტურინის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და პირველი სტადიონია იტალიაში, რომელიც 100 პროცენტით საფეხბურთო კლუბს, ამ შემთხვევაში "იუვეს" ეკუთვნის.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ სტადიონი ფანებისთვის ყოველდღე გახსნილი იქნება და როგორც კლუბს, ისე მის გულშემატკივრებსა თუ უბრალოდ დაინტერესებულ ტურისტებს, ფეხბურთს მიღმაც მოემსახურება.
გარდა "იუვეს" ოფისისა და მუზეუმისა, არენაზე არის უდიდესი შოპინგ და გასართობი ცენტრები, რაც 30 000 კვადრატულ მეტრზეა გაწყობილი.
"ოცნებების სტადიონზე ნებისმიერი სახის ოცნება უნდა ასრულდეს," - წერია "იუვენტუსის" ვებ-გვერდზე, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბიანკონერის" სახლში ის ადამიანებიც კარგად გაატარებენ დროს, რომლებსაც ფეხბურთი დიდად არც აინტერესებთ. მეტიც, "იუვეს" ხელმძღვანელებს სწორედ იმის იმედი აქვთ, რომ ასეთ ადამიანებს "იუვენტუსით" დააინტერესებენ. ცხადია, მთავარი მიზანი ისიცაა, რომ "სტადიო იუვემ" ტურინულ უდიდესი შემოსავალი მოუტანოს - ფული, რომელიც მხოლოდ კლუბის საკუთრება იქნება.
ფულს რაც შეეხება: ტურინში კარგად იციან, რომ მხოლოდ ახალი, თუნდაც გრანდიოზული არენით ტიტულებს ვერ მოიგებენ.
"იუვემ" ამიტომაც დახარჯა ტრანსფერებში საკმაოდ დიდი ფული. საერთო ჯამში, "ბებერმა ქალბატონმა" ზაფხულში ახალი ფეხბურთელების სანაცვლოდ 85 მილიონი ევრო გაისროლა და სხვებთან ერთად, ისეთი საინტერესო მოთამაშეები შეიძინა, როგორებიც არიან ჩილელი საყრდენი ნახევარმცველი არტურო ვიდალი (ლევერკუზენიდან), ნიჭიერი ჰოლანდიელი გარემარბი ელჯერო ელია (ჰამბურგიდან), მონტენეგროელი თავდამსხმელი მირკო ვუჩინიჩი (რომადან) და იტალიის ნაკრების გამოცდილი გამთამაშებელი ანდრეა პირლო (მილანიდან).
"იუვე" წარმატებულ გზაზე სწორედ ამ მოთამაშეებმა უნდა დააბრუნონ. შეგახსენებთ, რომ წინა ორ სეზონში იტალიის რეკორდსმენი მხოლოდ მეშვიდე ადგილებს დასჯერდა.
კონტეს ატმოსფეროს იმედი აქვს
"იუვეს" ახალ მწვრთნელ ანტონიო კონტეს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ სტადიონი, რომლის მშენებლობა 105 მილიონი ევრო დაჯდა, ტურინულ კლუბს და მის ქომაგებს "ნამდვილი სპექტაკლებით" გაანებივრებს.
"წინა წლებში, სანამ კალჩოპოლი "იუვეს" ბოლოს მოუღებდა, კლუბს ჰყავდა შესანიშნავი ფეხბურთელები, იგებდა ტიტულებს, მაგრამ საშინაო მატჩების დროს ჩვენთან მაინც მოწყენილობა იყო. წლების მანძილზე "იუვენტუსის" შეუცვლელი ფეხბურთელი ვიყავი, მერე კაპიტანიც გავხდი და მადლობა ღმერთს, საუკეთესო წლებში მომიხდა აქ თამაში. წარმატებებით ყველანი ბედნიერები ვიყავით, მაგრამ ერთ რამეზე მაინც გვწყებოდა გული - ჩვენს სტადიონზე არასდროს იყო ისეთი ატმოსფერო, როგორიც ევროპის სუპერგრანდს შეეფერება. დარწმუნებული ვარ, ახალი არენა ყველაფერს შეცვლის," - აცხადებს კონტე.
მისი აზრით, ყველაზე მთავარი ის არის, რომ "იუვენტუსის" ძველი სტადიონის, "სტადიო დელე ალპისგან" განსხვავებით, ახალ არენას არ აქვს სარბენი ბილიკები, რაც სტადიონზე განწყობას ყოველთვის კლავს ხოლმე.
ახლა კი, ფანები მოედნიდან მაქსიმუმ 28 მეტრით იქნებიან დაშორებულები. თანაც, ყველაზე შორს მსხდომთ აღარ დასჭირდებათ ჭოგრიტები იმისათვის, რომ მოედანზე მიმდინარე მოვლენები კარგად დაინახონ, მათ არც რაიმე ბარიერი შეუშლით ხელს. სხვა იტალიურ სტადიონებზე კი ასე არ არის...
ამრიგად, "იუვენტუს სტადიო" დღეს იხსნება და ამის აღსანიშნავად, ტურინული კლუბი ამხანაგურ მატჩს გამართავს ინგლისის მესამელიგელ "ნოთს ქაუნთისთან". რატომ მაინცდამაინც "ნოთს ქაუნთი"? საქმე იმაშია, რომ 1903 წელს სწორედ ამ კლუბმა ათხოვა "იუვეს" თავისი ფერები თეთრი და შავი, რის შემდეგაც "იუვენტუსის" ფორმა შეიცვალა - მას მერე, ვარდისფრის ნაცვლად, "იუვე" სწორედ შავ-თეთრი ფორმით თამაშობს.
პირველ ოფიციალურ მატჩს კი, ტურინელები ახალ არენაზე კვირას გამართავენ - ტურინის უბან "ლე ვალეტეში" (ახალი სტადიონი სწორედ იქ მდებარეობს) "პარმას" უმასპინძლებენ.
სამაგალითო არენა
თუმცა "იუვენტუსის" ახალმა სტადიონმა საყოველთაო ქება გახსნამდე დაიმსახურა. უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები სწორედ "იუვენტუსში" გაატარა, ამბობს: "დარწმუნებული ვარ, რომ ამ შესანიშნავი არენით "იუვეს" ისტორიაში ახალი ერა დაიწყება. თანამედროვე ფეხბურთში საკუთარი სტადიონის ქონა ნებისმიერი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია."
რაც მთავარია, ახლა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ იგივე და ტურინულ კლუბს ბაძავენ - ასეთი პროექტები არაერთ იტალიურ კლუბში დაიგეგმა. მაგალითად, მილანის "ინტერს" 2014 წლამდე საკუთარი 60 000-იანი სტადიონის აშენება უნდა. საკუთარი არენები სურთ გენუაში, ფლორენციაში, უდინესა და რომშიც. ლოგიკურიცაა, რადგან სერია A-ს 16 ყველაზე ხანდაზმული სტადიონის საშუალო ასაკი 67 წელია...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"