მილანი-ლაციო 2:2
გოლები: 0:1 კლოეზე (12), 0:2 სისე (21), 1:2 იბრაჰიმოვიჩი (29), 2:2 კასანო (33)
დღეს
ჩეზენა-ნაპოლი 22:45
დისკვალიფიკაცია: გარგანო (ნაპოლი)
ტრავმა: მარტინიო, რენელა, როდრიგესი, ანტონიოლი - ბრიტოსი, დონადელი
ხვალ
იუვენტუსი-პარმა 14:30
ტრავმა: იაკვინტა, ვუჩინიჩი - გობი, პალადინო, ვალდესი, დანილო პერეირა
კატანია-სიენა 17:00
ტრავმა: ლეგროტალიე, ისკო, ლამა, პოტენცა - ანჯელა, რეჯინალდო
კიევო-ნოვარა 17:00
დისკვალიფიკაცია: რიგონი (ნოვარა)
ფიორენტინა-ბოლონია 17:00
დისკვალიფიკაცია: ვანტაჯატო, რამირესი (ორივე ბოლონია)
ტრავმა: ბაბაკარი - რიკლერი, კერუბინი, გარიში
ჯენოა-ატალანტა 17:00
დისკვალიფიკაცია: დონი (ატალანტა)
ტრავმა: დაინელი, მერკელი, ზე ედუარდო - ფერი, ფერეირა პინტუ, მინოტი
ლეჩე-უდინეზე 17:00
ტრავმა: ოლივერა, კაროციერი, პასკუატო - ბარეტო, კოდა, ფერონეტი, ფლორო ფლორესი
რომა-კალიარი 17:00
დისკვალიფიკაცია: ლარივეი (კალიარი)
ტრავმა: ჟუანი, სისინიო, პიზარო, ლამელა - ტიაგო რიბეირო
პალერმო-ინტერი 22:45
ტრავმა: სიმონი, მატეო - ვივიანო, კორდობა, მაიკონი, ტიაგო მოტა, კივუ
დაპირისპირება და შესაბამისი გაურკვევლობა წარსულს ჩაბარდა და იტალიის ჩემპიონატი გუშინ მეორე ტურის პირველი მატჩით (მილანი-ლაციო 2:2) გაიხსნა.
დღეს ერთი მატჩია, დანარჩენი შეხვედრები კი ხვალ გაიმართება, რომელთაგან საკმაოდ დიდ ნაწილში საინტერესო სპექტაკლები გარანტირებული გვაქვს.
ნაპოლიმ მოგებით უნდა დაიწყოს
ჩემპიონთა ლიგაში გასული „ნაპოლი“ სეზონს „ჩეზენასთან“ გასვლითი შეხვედრით იწყებს და ნეაპოლელთა მთავარ მწვრთნელ ვალტერ მაძარის ხელის შემშლელი ფაქტორები არ აწუხებს - თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ახალწვეული ბრიტოსი ტრავმირებულია, გარგანო კი - დისკვალიფიცირებული. „ნაპოლიდან“, ცხადია, ყურადღების ცენტრში იქნებიან ჰამშიკი, ლავეცი და კავანი, მაგრამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება ახალწვეულ შვეიცარიელებს, ნახევარმცველებს, გიოქან ინლერსა და ბლერიმ ძემაილის მიექცევათ. როგორც ყოველთვის „ნაპოლის“ გასვლით მატჩზე ამჯერადაც ბევრი ქომაგი ეყოლება: ნეაპოლიდან საყვარელი გუნდის საქომაგოდ 4000 ფანი დაიძრა. ნეაპოლელები „ჩეზენას“ სტადიონზე უფრო მეტნი იქნებოდნენ, რომ არა ის ფაქტორი, რომ არენაზე სტუმრებისთვის მხოლოდ 4000-იანი ბლოკია გამოყოფილი.
„ჩეზენას“ ფანებს კი ყველაზე მეტად ადრიან მუტუს იმედი აქვთ, რომელიც კლუბმა ზაფხულში „ფიორენტინადან“ გადაიბირა. ეჭვგარეშეა, რომ 4-3-3 ტაქტიკურ სქემაში, მუტუსთან ერთად ხორხე მარტინესი და ემანუელე ჯაკერინი შეუტევენ, რომლებიც „ჩეზენამ“ „იუვენტუსიდან“ ინათხოვრა.
იუვე: პირველი ოფიციალური ახალ სტადიონზე
„იუვენტუსი“ ვახსენეთ და „იუვენტუსით“ განვაგრძოთ: ტურინელები სეზონს „პარმასთან“ საშინაო მატჩით იწყებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყურადღების ცენტრში „ბებერი ქალბატონის“ ახალი სტადიონი მოექცევა. „იუვესთვის“ ეს ახალ არენაზე პირველი ოფიციალური მატჩია და ცხადია, რომ ტურინელებს მხოლოდ მოგება დააკმაყოფილებთ. არადა, ტურინში კარგად ახსოვთ გასულ სეზონში „პარმასთან“ საშინაო შეხვედრა, რომელიც სტუმრებმა ბევრისთვის მოულოდნელად 4:1 მოიგეს. მაშინ ამ წაგებით „იუვემ“ პირველი წრე სამარცხვინოდ დაასრულა, ისტორიის გაგრძელება კი ყველამ იცით: ტურინული გრანდი საბოლოოდ მეშვიდე ადგილზე გავიდა და ევროპის ლიგის საგზურიც კი ვერ მოიპოვა, რასაც მოჰყვა კიდეც უდიდესი საკადრო ცვლილებები.
თუ ჩვენი იტალიელი კოლეგების წინათგრძნობას ვენდობით, „იუვენტუსის“ ახალი თავკაცი ანტონიო კონტე „პარმასთან“ სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად ოთხ ახალწვეულს ათამაშებს და მათ შორის აუცილებლად იქნება „ჰამბურგიდან“ ნაყიდი ჰოლანდიელი გარემარბი ელჯერო ელია. ბუნდესლიგიდან „იუვენტუსმა“ „ლევერკუზენის“ საყრდენი ნახევარმცველი არტურო ვიდალიც შეიძინა, მაგრამ დიდი შანსია, რომ კონტემ ეს უკანასკნელი სათადარიგოთა სკამზე დატოვოს, რადგან ნახევარდაცვის ცენტრში (4-4-2 ტაქტიკურ სქემაში), წესით, ანდრეა პირლო და კლაუდიო მარკიზიო უნდა გაამწესოს. გუშინ საღამომდე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო მილოშ კრაშიჩისა და „რომადან“ ნაყიდი მირკო ვუჩინიჩის ასპარეზობა, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ ხორვატმა და მონტენეგროელმა ხვალ შუადღემდე გამოჯანმრთელება მოასწრონ.
მოგეხსენებათ, „პარმაში“ „იუვენტუსის“ აღზრდილი შემტევი სებასტიან ჯოვინკო თამაშობს - ამ უკანასკნელმა წინა სეზონში „იუვეს“ ორი შეხვედრის ჯამში სამი გოლი გაუტანა. წესით, ტურინელები გამოცდილ არგენტინელ თავდამსხმელ ერნან კრესპოსაც უნდა უფრთხილდნენ, რომელიც დიდი შანსია, რომ სათადარიგოთა სკამზე იჯდეს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ თავისი კარიერის მანძილზე „იუვენტუსის“ კარში 9 გოლი აქვს გატანილი.
ლუის ენრიკეს დებიუტი
ხვალ „რომას“ ახალი დამრიგებლის, ლუის ენრიკეს ოფიციალური დებიუტი „კალიარისთან“ საშინაო მატჩში შედგება. „ბარსელონას“ მეორე გუნდის ყოფილმა თავკაცმა „მარადიულ ქალაქში“ უკვე გადაიტანა მძიმე დღეები: ჯერ იყო და „რომა“ ევროპის ლიგიდან ძალიან ნაადრევად გავარდა, მერე კი იტალიური პრესა ლუის ენრიკესა და „რომას“ ლიდერის, ფრანჩესკო ტოტის უთანხმოებაზე წერდა.
„გაირბინა თუ არა ტოტისა და ლუის ენრიკეს შორის შავმა კატამ“, ეს ხვალ გამოჩნდება. „კალიარისთან“ მატჩში ესპანელ სპეციალისტს ძირითად შემადგენლობაში ერთბაშად ექვსი ახალწვეულის გამწესება შეუძლია. დაცვის ცენტრში ალბათ „ვოლფსბურგიდან“ იჯარით აყვანილი სიმონ კიაერისა და ნიკოლას ბურდისოს ტანდემს ვიხილავთ. „გაძეტა დელო სპორტის“ ცნობით, 4-3-3 ტაქტიკურ სქემაში ნახევარდაცვაში „რეალიდან“ გადაბირებული ფერნანდო გაგო, დანიელე დე როსი და სიმონე პეროტა ითამაშებენ. მაგრამ „რომას“ გულშემატკივრებს ყველაზე მეტად თავდასხმა აინტერესებთ: ჩვენი იტალიელი კოლეგების ვარაუდით, წინა ხაზზე შემტევ ტრიოს ახალწვეულებთან, ბოიან კრკიჩთან და პაბლო ოსვალდოსთან ერთად, სწორედ ტოტი შეადგენს. ამ ლოგიკით, ლუის ენრიკემ საფრანგეთიდან გადაბირებული ახალწვეულები გაბრიელ ჰაინცე (მარსელიდან) და მირალემ პიანიჩი (ლიონიდან) სათადარიგოთა სკამზე უნდა დატოვოს.
ინტერი და 3-4-3
უაღრესად დიდ ინტერესს იწვევს კვირის ღამის თამაში, რომელშიც ერთმანეთს „პალერმო“ და „ინტერი“ დაუპირისპირდებიან. მილანური გრანდი ოფიციალურ შეხვედრაში პირველად ითამაშებს ახალი ტაქტიკით: როგორც იცით, ჯან პიერო გასპერინიმ თავისი საყვარელი 3-4-3 „ინტერშიც“ გადაიტანა და დაამკვიდრა. ფაქტია, რომ „ნერაძურის“ თავდასხმაში სარატეს, ფორლანისა და პაცინის ტრიოს ვიხილავთ. საინტერესოა, როგორ და სად ათამაშებს გასპერინი ვესლი სნეიდერს - ჰოლანდიელ გამთამაშებელს სავარაუდოდ ისევ ნახევარდაცვის ცენტრში ვიხილავთ, მაგრამ მას ჩამშლელობა არ ეხერხება, რაც იმას ნიშნავს, რომ დეიან სტანკოვიჩს ან ესტებან კამბიასოს ძალიან უნდა გაუჭირდეთ. გამორიცხული არაა, რომ გასპერინიმ სნეიდერი სულაც სკამზე დასვას. დაცვის ცენტრში აუცილებლად რანოკიას, სამუელისა და ლუსიოს ტრიოს ვიხილავთ, რომლებსაც ნახევარდაცვიდან მარჯვნივ ნაგატომო მიეხმარება, მარცხნივ კი - ხავიერ ძანეტი.
ტიაგო მოტა და მაიკონი ტრავმირებულები არიან. კითხვის ნიშნის ქვეშაა ნაგატომოს თამაშიც და თუ ვერ იასპარეზა, „ინტერის“ მარჯვენა ფლანგზე ახალწვეულ ჯონათანს ვიხილავთ.
„პალერმომ“ ზაფხულში ძირითადი შემადგენლობის ხუთი ფეხბურთელი დაკარგა, წინა კვირაში კი სიცილიელთა ექსცენტრულმა ბოსმა მაურიციო ძამპარინიმ ცოტა ხნის წინ დანიშნული მწვრთნელი სტეფანო პიოლი ისევ გაათავისუფლა. „პალერმოს“ კაპიტანი ფაბრიციო მიკოლი ამიტომაც ამბობს, ამ სეზონში მაგრად გაგვიჭირდებაო. მისი აზრით, „პალერმოს“ მთავარი მიზანი სერია A-ში ადგილის შენარჩუნება იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"