მაგალითად, ამას წინათ გავიგეთ, რომ გასპერინი "ბოლონიას" მთავარი მწვრთნელობის კანდიდატი გახლდათ, მაგრამ "როსობლუს" მესვეურებმა არჩევანი სტეფანო პიოლიზე შეაჩერეს. სამაგიეროდ, გასპერინის "კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტი შეეხმიანა, მოიკითხა და საკუთარ ყოფაზე ორიოდე სიტყვის თქმა სთხოვა - აქვე, გასპერინის მონაყოლს გავეცნოთ:
"ვისვენებ და ვაანალიზებ ყველაფერ იმას, რაც ბოლო თვეებში ჩემს თავს ხდებოდა და რის გამოც, ასე ნაადრევად მომიწია "ინტერიდან" წამოსვლა.
ცოტა მეტი დრო რომ მქონოდა, კრიზისს აუცილებლად დავძლევდით და სასურველ რეზულტატსაც მივაღწევდით. ბევრი ჩემი და რაფაელ ბენიტესის მილანურ პერიოდს ერთმანეთს ადარებს, რაც არასწორი მგონია. რაფას საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ თავი გამოეჩინა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. შიდა სამზარეულოდან ვიცი, რომ ესპანელს ავტორიტეტი არ ჰქონდა გასახდელში, რის გარეშეც წარმატებაზე ფიქრი უბრალოდ წარმოუდგენელია. ასე რომ, ჩემი და ბენიტესის შედარება არ არის მართებული".
აი ასე აჭორავდა გასპერინი, შემდეგ კი სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა: "დიდი სურვილი მაქვს, რომ კარიერა უცხოეთში გავაგრძელო და იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ეს ასეც მოხდება.
განსაკუთრებით ინგლისის პრემიერლიგა მიზიდავს, თუმცა სხვა ქვეყნებიდან მიღებულ წინადადებებსაც სიამივნებით განვიხილავ. რაც შეეხება იტალიურ გუნდებს, უკვე მივიღე რამდენიმე წინადადება, მაგრამ უარი ვთქვი - მხოლოდ იმ კლუბში ვიმუშავებ, სადაც დარწმუნებული ვიქნები, რომ ხანგრძლივვადიანი გეგმაა შემუშავებული და მწვრთნელს ხუთი ჩაგდებული თამაშის გამო არ გაათავისუფლებენ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"