"იუვენტუსს" ჰამბურგელი აოგოც უნდა

AutoSharing Option
"ჰამბურგის" მარცხენა მცველი დენის აოგო ამ ბოლო დროს ისე ვეღარ თამაშობს, როგორც მისგან გულშემატკივრები ითხოვენ - ვერც კლუბში და ვერც ნაკრებში მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგას.

მიუხედავად ამისა, 24 წლის გერმანელზე მაინც არის მოთხოვნა. დიდი ხანია, ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელები მის გადაბირებაზე ფიქრობენ და თუკი აქამდე საბოლოო გადაწყვეტილებას ვერ იღებდნენ, ჩვენი იტალიელი კოლეგების ინფორმაციით, ბოლოს და ბოლოს მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ აოგო სჭირდებათ.

"კორიერე დელო სპორტის" ცნობით, "იუვეს" თავკაც ანტონიო კონტეს აოგო მოსწონს, რის გამოც "ბებერი ქალბატონის" ბოსები გერმანელი მარცხენა მცველის ყიდვას
ზამთარში შეეცდებიან.

ხსენებული გამოცემა იმასაც გვამცნობს, რომ "იუვემ" აოგოსთვის შვიდი მილიონი ევრო გაამზადა. ფაქტი ის არის, რომ ტურინელებს ახალი მარცხენა მცველი მართლაც სჭირდებათ, რადგან ამ პოზიციაზე კონტესთვის ერთადერთი ალტერნატივა "იუვეს" აღზრდილი პაოლო დე ჩელიეა. ბოლო დროს კონტე მარცხენა მცველის პოზიციაზე ჯორჯო კიელინის ათამაშებს, რომლის ადგილი დაცვის ცენტრშია.

ახალი კი უფრო საინტერესო ცნობა იტალიიდან: როგორც ირკვევა, კონტეს ბუნდესლიგიდან მხოლოდ აოგოს გადაბირება არ უნდა და არც მეტი, არც ნაკლები, დორტმუნდის "ბორუსიას" ვუნდესკინდ მარიო გიოტცესაც უმიზნებს. ამ ტრანსფერის რეალურობაზე "გაძეტა დელო სპორტი" წერს.

ტაბლოიდი იტყობინება, რომ "იუვენტუსი" "ბორუსიას" გიოტცეს სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს და მილოშ კრასიჩს ან ელჯერო ელიას შესთავაზებს. "გაძეტა" იმასაც იუწყება, რომ ტურინელები ალესანდრო დელ პიეროს ათნომრიან მაისურას სწორედ გიოტცეს უნახავენ, რომელიც თამაშის სტილით ალექსს მართლაც ძალიან ჰგავს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული