მართალია, თუნდაც "მილანის” ერთი გამარჯვება ყველა პრობლემას ვერ გადაჭრის, მაგრამ როგორც მინიმუმ, მასიმილიანო ალეგრის გათავისუფლების საკითხი აღარ დგას დღის წესრიგში.
სამაგიეროდ, მეხუთე ტურში რომაელებმა შეირცხვინეს თავი - "რომამ” საკუთარ მოედანზე "სამპდორიასთან” ვერ გააწყო ვერაფერი, "ლაციომ” კი ნეაპოლში სასტიკი მარცხი იწვნია. მიროსლავ კლოზეს საქციელი ცალკე სალაპარაკო თემაა, თუმცა უმჯობესია, რომ თანმიმდევრობით მივყვეთ...
ქებამ არ აწყინოს...
"მილანმა”, როგორც იქნა, მოიგო, რაც დიდწილად ახალგაზრდა ფორვარდის, სტეფან ელ შაარავის დამსახურებაა. სწორედ
მაგალითად, "მილანის” მთავარი მწვრთნელის თანაშემწემ მაურო ტასოტიმ სტეფანი საგანგებოდ გამოყო და მას გუნდის მომავალი უწოდა:
"ძალიან კარგი შეხვედრა იყო, რომელიც ჩვენი დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა. საუცხოოდ ითამაშა სტეფან ელ შაარავიმ, რომელიც გუნდის ლიდერად ყალიბდება. სტეფანი "მილანის” მომავალია და ამაში დღითიდღე ვრწმუნდები. მას უდიდესი შესაძლებლობები აქვს და თუ ასე გააგრძელებს, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა კოჰორტაში გაერევა”.
სტეფან ელ შაარავი კიდევ ბევრმა გამოჩენილმა პერსონამ შეაქო, რამაც "მილანის” კარის დარაჯი, კრიასტიან აბიატი შეაშფოთა: "ელ შაარავი უნიჭიერესი ფეხბურთელია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამე აქვს დასამტკიცებელი და კარგი იქნება, თუ ამაში ხელს შევუწყობთ. მერწმუნეთ, მისი გაუთავებელი ქება მხოლოდ გააფუჭებს საქმეს და ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ.
არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, როდესაც უდიდესი ტალანტები ვერ იხსნებიან და იკარგებიან, რაც სწორედ ასეთი შეცდომების ბრალია. ასე რომ, შევეშვათ გადამეტებულ ქებას და ვაცალოთ სტეფანს, რომ კიდევ უფრო მოუმატოს და მართლა დიდ ფეხბურთელად იქცეს”.
ნოვაციამ გაამართლა
იტალიელმა ჟურნალისტებმა "ინტერის” წარსულს გადახედეს და აღმოაჩინეს, რომ 3-5-2 სქემით ეს გუნდი ბოლოს 2003/2004 წლების სეზონში თამაშობდა, როდესაც გუნდს ალბერტო ძაკერონი ედგა სათავეში. მართალია, მას შემდეგ ეს ტაქტიკა რამდენჯერმე ლეონარდომ გამოიყენა, მაგრამ ეს მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა გახლდათ. ეს ამბავი კი იმად მოვყევით, რომ ანდრეა სტრამაჩონიმ 3-5-2 სქემა გამოიყენა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
არანაკლებ საინტერესო გახლავთ, რომ სტრამაჩონიმ ვესლი სნეიდერი თავდასხმაში გაამწესა და დიეგო მილიტოს შეუწყვილა. მართალია, ჰოლანდიელმა პირველივე ტაიმში ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა, მაგრამ თავად ეს ფაქტი ნამდვილად აღნიშვნის ღირსია. შესაძლოა, "ინტერის” თავკაცი ვესლის გაფორვარდებას აპირებს და საინტერესოა, როგორ გამოუვა ეს საქმე.
"ინტერმა” "კიევოსთან” ურთულესი გასვლითი მატჩი მოიგო, ორი უპასუხო ბურთიდან კი ერთი პერეირას ანგარიშზეა, ხოლო მეორე ანტონიო კასანოს. ამ უკანასკნელზე ამბობენ, რომ სტრამაჩონისთან კონფლიქტი აქვსო, მაგრამ თავად ფეხბურთელმა ეს ცნობა კატეგორიულად უარყო:
"ჩემზე მუდმივად ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, რომ მწვრთნელთან ან თანაგუნდელთან კონფლიქტი მაქვს. იყო შემთხვევები, როდესაც ასეთი ცნობები სიმართლეს ემყარებოდა, მაგრამ დღეს სრულიად სხვა ვითარებაა. "ინტერში” თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში და აქ ყველასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, განსაკუთრებით კი, ანდრეა სტრამაჩონისთან. ასე რომ, გავრცელებული ცნობები სრული სისულელეა”.
ფერარა VS ზემანი
"რომა”-"სამპდორიას” მატჩის წინ გუნდების მწვრთნელები ერთმანეთს წაეკიდნენ და ვითარება უკიდურესად დაძაბეს. პრინციპში, ზდენეკ ზემანისგან ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ჩირო ფერარა რომ ასე იოლად აიყოლია, ეგ ნამდვილად გასაკვირია. თუ იტალიელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, ფერარა საოცრად გაწონასწორებული ადამიანია და პროვოკაციებს არასდროს ეგება.
თამაშის დაწყებამდე ზემანმა პირდაპირ განაცხადა, რომ მისი გუნდი "სამპდორიას” მიწასთან გაასწორებდა და იქვე გენუური გუნდის მთავარ მწვრთნელს, ფერარას გაჰკრა კბილი... ზემანის თქმით, ჩიროს ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი და შეუძლია, რომ მისგან კონსულტაციები მიიღოს. ფერარას პასუხი ამ მოულოდნელ შეტევაზე ასეთი იყო:
"ზემანისგან ასეთ რამეებს უკვე მიჩვეული ვარ და თითქოს ყურადღება არ უნდა მიმექცია, მაგრამ არის რაღაცეები, რაზეც თვალებს ვერ დახუჭავ. როგორც ჩანს, ზდენეკი ვერაფრით ვეღარ ამართლებს თავის წარუმატებლობებს და ისღა დარჩენია, რომ სხვები აკრიტიკოს. ის, უბრალოდ, გაიძვერაა, სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ. მახსოვს, როდესაც "იუვენტუსში” ვასპარეზობდი, ის მუდმივად, გაუთავებლად გვაკრიტიკებდა და იძახდა, რომ "იუვე” თამაშებს კაბინეტებში იგებდა. პირადად ჩემთვის ეს შეურაცხმყოფელი იყო, რადგან ვიცოდი, თუ რამხელა შრომას ვდებდით თითოეულ ვარჯიშზე. მაშინ მის სიტყვებს არ გამოვხმაურებივარ, მაგრამ ამჯერად პიროვნულ შეურაცხყოფაზე გადმოვიდა, რასაც ვერ მოვითმენდი”.
"რომა”-"სამპდორიას” შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა... მწვრთნელებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, თუმცა ფერარას აშკარად ეტყობოდა გაღიზიანება. მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ ჩირომ ისეთი ფიესტა გამართა, გეგონებოდათ, მისმა გუნდმა სკუდეტო მოიგო.
კავანი-შოუ
ტურის ცენტრალური მატჩი ნეაპოლში გაიმართა, სადაც "ნაპოლიმ” "ლაციოს” უმასპინძლა და სამი უპასუხო ბურთიც მიართვა. სამივე გოლი ედინსონ კავანის ანგარიშზეა, რომელსაც ძალიან უყვარს "ბიანკოჩელესტესთვის” გოლების გატანა.
გასულ სეზონშიც ურუგვაელმა რომაელებს გოლების სეტყვა დაატეხა და მის გუნდს საოცარი გამარჯვება მოუტანა, 4:3. ამჯერად ბრძოლა არ შედგა - ერთი გუნდი მეორეზე გაცილებით ძლიერი იყო და ეს პირველივე ტაიმში გამოიკვეთა. კავანიმ პირველი ორი გოლი საშუალო დისტანციიდან უძლიერესი დარტყმებით გაიტანა, მესამე ეპიზოდში კი კიპერთან პირისპირ დარჩა, მოატყუა და ბურთი დაუცველ კარში გადაგზავნა.
"ნაპოლიმ” "იუვენტუსის” წაფორხილებით კარგად ისარგებლა და ლიდერს ქულებით გაუთანაბრდა. ჯერჯერობით სამხრეთელები ამართლებენ მათზე გაცემულ ავანსებს და თუ ასე გააგრძელეს, ნამდვილად გაუწევენ კონკურენციას მოქმედ ჩემპიონს. დიახ, ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ სკუდეტოში "იუვეს” სწორედ "ნაპოლი” შეეცილებოდა და ისეთი პირი უჩანს, რომ ეს ასეც იქნება. მართალია, სეზონი ახალი დაწყებულია და ასეთ თემებზე ლაპარაკი ადრეა, მაგრამ მეორე მხრივ, გარკვეული დასკვნების გამოტანა უკვე შესაძლებელია.
ბრავო მირო
"ნაპოლი”-"ლაციოს” შეხვედრაში იყო ერთი ეპიზოდი, რომელმაც მთელი საფეხბურთო იტალია აალაპარაკა. შეხვედრის მესამე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც "ლაციომ” შეუტია და იერიში გოლით დაასრულა... მატჩის მთავარმა არბიტრმა გოლი ჩათვალა, ხელი ცენტრისკენ გაიშვირა. ამ დროს კი მოხდა ის, რასაც არავინ მოელოდა - მიროსლავ კლოზემ აღიარა, რომ ბურთი კარში ხელით გადაგზავნა და არბიტრმაც გადაწყვეტილება შეცვალა.
მოკლედ, ვეტერანმა გერმანელმა ფორვარდმა ფეარ პლეის პრინციპები დაიცვა და ამით ნეაპოლელი გულშემატკივრების აღფრთოვანება გამოიწვია. არა მარტო გულშემატკივრების, ნამატჩევს მირო ყველამ შეაქო. ბოლოს "ნაპოლის” მთავარ მწვრთნელ ვალტერ მაცარის გადავცეთ სიტყვა, რომელმაც კლოზეს საქციელი საგანგებოდ გამოჰყო:
"მადლობა შეგირდებს, რომლებმაც ყველა ჩემი დავალება პირნათლად შეასრულეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს. ფანტასტიკური იყო კავანი, რომელმაც ჰეთ თრიკი შეასრულა და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა მის უმაღლეს კლასში. თუმცა ედინსონზე არანაკლები გმირი მიროსლავ კლოზე გახლავთ, რომელიც ნამდვილი რაინდივით მოიქცა და ყველას მაგალითი მოგვცა - ბრავო, მირო!”
იტალია. სერია A. V ტური
სიენა-ბოლონია 1:0
სიენა (3-4-2-1): პეგოლო - ნეტო, პაჩი, ფელიპე - ანჯელო (55. სესტუ), ვერგასოლა, როდრიგესი, დელ გროსო - როზინა (68. ვალიანი), ზე ედუარდო (81. ვერე) - კალაიო.
ბოლონია (3-4-1-2): ალიარდი - ანტონსონი, ნატალი, კერუბინი (87. აბერო) - მოტა, პერესი, პაციენცა, მორლეო - კონე (70. ხიმენესი) - ჯილარდინო, აკვაფრესკა (71. გაბიადინი).
გოლი: 1:0 კალაიო (61).
გაფრთხილება: ფელიპე, ანჯელო, როდრიგესი, როზინა - ნატალი, გაბიადინი.
კუთხური: 5-11; ჯარიმა: 17-16; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 5-12(3-7); ბურთის ფლობა: 41%-59%.
მაყურებელი: 11 000
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 5 4 1 0 11-2 13
2. ნაპოლი 5 4 1 0 11-2 13
3. სამპდორია 5 3 2 0 8-5 10
4. ინტერი 5 3 0 2 8-5 9
5. ლაციო 5 3 0 2 7-5 9
6. რომა 5 2 2 1 11-7 8
7. ფიორენტინა 5 2 2 1 6-4 8
8. კატანია 5 2 2 1 7-8 8
9. ჯენოა 5 2 1 2 7-7 7
10. მილანი 5 2 0 3 6-5 6
11. ტორინო 5 1 3 1 4-3 5
12. პარმა 5 1 2 2 5-7 5
13. უდინეზე 5 1 2 2 6-9 5
14. ატალანტა 5 2 1 2 4-4 5
15. ბოლონია 5 1 1 3 5-9 4
16. პესკარა 5 1 1 3 4-10 4
17. კიევო 5 1 0 4 3-9 3
18. სიენა 5 2 2 1 6-4 2
19. კალიარი 5 0 2 3 2-9 2
20. პალერმო 5 0 1 4 1-9 1
შენიშვნა: სიენა - 6 ქულა, ატალანტა - 2, სამპდორია - 1, ტორინო - 1.
ბომბარდირები:
5 - კავანი (ნაპოლი); 4 - იოვეტიჩი (ფიორენტინა); 3 - პაცინი (მილანი), კლოზე (ლაციო), ერნანესი (ლაციო), მაქსი ლოპესი (სამპდორია), ჯილარდინო (ბოლონია), ელ შაარავი (მილანი), კასანო (ინტერი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"