იტალია. სერია A. VII ტურის შეჯამება და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ, მსოფლიოს მასშტაბით ასეთი დაბალი ინტერესი მილანურ დერბის არასდროს გამოუწვევია...

ნაწილობრივ, ეს ესპანური "ელ კლასიკოს" დამსახურებაა, მაგრამ მთავარი აქ მაინც იტალიურ საკლუბო ფეხბურთში არსებული კრიზისი და თვითონ მილანური გრანდების არცთუ სახარბიელო მდგომარეობაა.

მართალია, “ინტერმა" მიჯრით მოიგო რამდენიმე შეხვედრა, მაგრამ თამაშის ხარისხი ტოვებს უამრავ კითხვის ნიშანს...

“მილანზე" აღარაფერს ვამბობთ, ამ გუნდს 7 მატჩიდან 4 მარცხი აქვს (!) და სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში ყურყუტებს.

მოდი, მილანურ გუნდებზე უფრო დეტალურად ვისაუბროთ და საერთოდაც, თუ ტურის სიმბოლურ ნაკრებს არ ჩავთვლით, გამოხმაურება
მთლიანად ერთ თამაშს დავუთმოთ...

ინტერი
მილანური დერბის შემდეგ მასიმო მორატიმ განაცხადა, რომ ანდრეა სტრამაჩონი მას ჟოზე მოურინიოს აგონებს.

როგორც ჩანს, “ინტერის" პრეზიდენტის გულის მოგება არც ისე რთული საქმეა - საჭიროა, თამაშის დროს ემოციები დაუფარავად გამოხატო და იყო ისეთივე ექსტრავაგანტური, როგორიც ჟოზე გახლავთ.

მართალია, ბოლო შეხვედრებში “ნერაძურის" კარგი შედეგები აქვს, მაგრამ თუ ცივი გონებით გავაანალიზებთ განვლილ ბატალიებს, მორატი, როგორც მინიმუმ, დაკვირვების პროცესში უნდა იყოს და არა თვითტკბობის, რადგან მისი გუნდი ქაოტურ ფეხბურთს თამაშობს.

მილანური დერბი ცარიელი ემოცია იყო - “მილანი" ცდილობდა, რომ მწვავედ შეეტია, რაც არ გამოსდიოდა, “ინტერის" ფეხბურთელები კი გმირული სახეებით უმკლავდებოდნენ მეტოქის იერიშებს. ამ ყველაფერს იდეალურად ერწყმოდა ზეემოციური ანდრეა სტრამაჩონი, რომელიც განწირული ხმით ყვიროდა და თითოეულ ეპიზოდს საოცარი ჟესტებით აფორმებდა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში “ინტერის" მესაჭე ლამის ტყავიდან ამოხტა, საფინალო სასტვენის შემდეგ კი სიხარულისგან ცას ეწია...

დარჩა შთაბეჭდილება, რომ სტრამაჩონი უზომოდ ამაყი იყო მისი შეგირდების გმირული თამაშით და რაც მთავარია, მისი სწორი სამწვრთნელო გადაწყვეტილებებით, რომელმაც მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

სინამდვილეში ეს უფრო მღვრიე წყალში თევზის დაჭერას ჰგავდა - მოიგო “დერბი დელა მადონინა", რომელშიც ასეთ სუსტ გუნდებს, ალბათ, ათწლეულებია, არ უთამაშიათ.

მილანი
მიმდინარე სეზონში “მილანის" ერთადერთი გამონათება “ზენიტთან" გასვლითი მოგება გახლდათ. ის ამბავიც დიდწილად კრისტიან აბიატის დამსახურება გახლდათ. “როსონერის" მეკარემ საოცრად ითამაშა და უამრავჯერ გადაარჩინა გუნდი გოლისგან.

იმ შეხვედრაში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა “მილანის" დაცვის ხაზი, სადაც მთავარი მოქმედი პირები ბოლო დროს კოლუმბიელები არიან: კრისტიან საპატა და მარიო იეპესი. ერთ დროს “მილანის" ტიფოზები ყველაზე მეტად დანიელე ბონერას უფრთხოდნენ, დღეს კი მისი ტრავმა გუნდისთვის ყველაზე დიდი პრობლემაა.

მოკლედ, “როსონერის" სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს და არა მარტო დაცვაში, ნახევარდაცვასა და შეტევაშიც. მაშინ, როდესაც ზლატან იბრაჰიმოვიჩს პსჟ-ში გოლი გოლზე გააქვს, “როსონერის" ფორვარდები მეტოქის საჯარიმოს უხეიროდ დასტრიალებენ. ერთადერთი ნათელი წერტილი სტეფან ელ შაარავია, მაგრამ ასაკი აქვს ისეთი (19), ამხელა სახელის გუნდი მის იმედზე, უბრალოდ, არ უნდა იყოს.

და რა უნდა ქნას ამ შემთხვევაში მასიმილიანო ალეგრიმ, რომელსაც დიდად არც ემოციურობა უხდება, რომ ანდრეა სტრამაჩონივით თავის საქმეზე გადარეული ადამიანის როლი მოირგოს. ალეგრი თითქოს ყველაზე ნაკლებად არის დამნაშავე იმაში, რაც ხდება და ალბათ, ამადაც არის, რომ ჯერ კიდევ ინარჩუნებს პოსტს...

თუმცა, მეორე მხრივ, ანდრეა პირლოს გაშვება ნამდვილად მის სინდისზეა. ობიექტური გადასახედიდან, ეს მისი ყველაზე დიდი შეცდომაა და სწორედ ამ შეცდომიდან დაიწყო “შავ-წითელთა" ყველა უბედურება.

კომენტარები
მასიმო მორატი
(ინტერის პრეზიდენტი):
“ვგრძნობდი, რომ თამაში ჩვენი გამარჯვებით დასრულდებოდა და ეს განცდა მას შემდეგაც არ დამიკარგავს, როდესაც კაცნაკლული დავრჩით.

ამ შესანიშნავ გამარჯვებაში ლომის წილი ანდრეა სტრამაჩონის მიუძღვის, რომელიც მთელი ენერგიით იყო ჩართული პაექრობაში და გადაწყვეტილებებიც სწორი მიიღო.

ანდრეა ჟოზე მოურინიოს მაგონებს, რომელიც ასეთივე ენერგიულია და შედეგებსაც სწრაფი, გამჭრიახი გადაწყვეტილებებით აღწევს. სტრამაჩონი დიდი მწვრთნელია, ამაში უკვე დავრწმუნდი.

რაც შეეხება “მილანს", ამ გუნდმა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაკარგა და არ მიკვირს, რომ კრიზისშია. გარკვეული დროა საჭირო იმისთვის, რომ “როსონერიმ" ძველი დიდება დაიბრუნოს. დიახ, მე ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რადგან კალჩოსთვის ასე უკეთესია".

ადრიანო გალიანი (მილანის ვიცე-პრეზიდენტი):
“კიდევ ერთხელ დავრჩით გაწბილებულნ
ი, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამჯერად მარცხს არ ვიმსახურებდით. “ინტერს" გაუმართლა, რომ გოლი ვერ გავიტანეთ. არადა, მინიმუმ ფრე გვეკუთვნოდა.

როგორც უნდა იყოს, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას უმაღლესი მიზნებისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ შეცდომის გამოსწორების საშუალება მოგვეცემა.

კარგია, რომ სანაკრებო პაუზა მოდის. ეს დრო ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ და ჩემპიონატი ახალი ენერგიით განვაახლოთ".


Sportall.Ge

წინა ტურებისგან განსხვავებით, ამჯერად ნამდვილად ვარსკვლავური შემადგენლობა გამოგვივიდა. მარტო თავდასხმის ხაზი რად ღირს, სადაც ორი გამორჩეული ვეტერანი: ფრანჩესკო ტოტი და მიროსლავ კლოზე მოხვდნენ.

თუმცა სახელები არც შუა ხაზს აკლია - ანდრეა პირლომ “სიენასთან" დიდებული ჯარიმა გაიტანა, მარეკ ჰამშიკმა “უდინეზესთან" პაექრობაში გაიბრწყინა, ანტონიო კანდრევამ და ერნანესმა “პესკარას" შავი დღე აყარეს, რიკარდო მონტოლივო კი “ინტერთან" დაახლოებით ისე იყო, “მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო", რომ ამბობენ...

ზემოთქმული დაცვაზეც შეიძლება გავავრცელოთ. კარში კი ჰოლანდიელი მარტინ სტეკელენბურგი დგას, რომელიც “ატალანტასთან" ფანტასტიკურად გაისარჯა.

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1. იუვენტუსი 7 6 1 0 17-4 19
2. ნაპოლი 7 6 1 0 14-3 19
3. ლაციო 7 5 0 2 12-6 15
4. ინტერი 7 5 0 2 11-6 15
5. რომა 7 3 2 2 14-11 11
6. ფიორენტინა 7 3 2 2 8-6 11
7. კატანია 7 3 2 2 9-11 11
8. სამპდორი 7 3 2 2 9-8 10
9. ჯენოა 7 2 3 2 8-8 9
10. ტორინო 7 2 3 2 9-5 8
11. მილანი 7 2 1 4 7-7 7
12. ბოლონია 7 2 1 4 9-10 7
13. პესკარა 7 2 1 4 6-14 7
14. უდინეზე 7 1 3 3 7-11 6
15. პარმა 7 1 3 3 6-10 6
16. კიევო 7 2 0 5 6-14 6
17. პალერმო 7 1 2 4 6-11 5
18. ატალანტა 7 2 1 4 5-11 5
19. კალიარი 7 1 2 4 4-11 5
20. სიენა 7 2 2 3 8-8 2
შენიშვნა: სიენა - 6 ქულა, ატალანტა - 2, სამპდორია - 1, ტორინო - 1.

ბომბარდირები
6 - კავანი (ნაპოლი); 5 - ჯილარდინო (ბოლონია), იოვეტიჩი (ფიორენტინა), კლოზე (ლაციო); 4 - ერნანესი (ლაციო), ელ შაარავი (მილანი), ბიანკი (ტორინო), კასანო (ინტერი).

მომდევნო ტური:
21 ოქტომბერი
ატალანტა-სიენა, კალიარი-ბოლონია, კიევო-ფიორენტინა, ჯენოა-რომა, ინტერი-კატანია, იუვენტუსი-ნაპოლი, ლაციო-მილანი, პალერმო-ტორინო, პარმა-სამპდორია, უდინეზე-პესკარა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

იტალია. სერია A. VII ტური: მილანში "ინტერი" მეფობს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ავტორ ისა და სტრამას რას უწუნებ შეგიძლია დააკონკრეტოო? მართალია მოუ არ არი მარა მაგას ყველაფერი წინ აქვს და საკმაოდ პერსპექტიული მწვრთნელია!! და საერთოდ ძაან არაობიექტური შეფასებაა ალბათ მილანს ქომაგობ და დეპრესიაში ხარ
avtandili
16:46 09-10-2012
0

სიახლეები პოპულარული