"როსონერის" არაბული პერსპექტივა - ბერლუსკონი მოლაპარაკებაში ჩაება

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტში" გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე დღის წინ, სილვიო ბერლუსკონი ყატარელ მილიარდელს შეხვდა, რომელიც "მილანის" აქციების სკონტროლო პაკეტის შეძენითაა დაინტერესებული.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, დონ სილვიომ კლუბის მთლიანად დათმობაზე უარი განაცხადა და არაბ ბიზნესმენს აქციათა მხოლოდ 30% შესთავაზა.

ბოლო ცნობების თანახმად, მხარეებს შორის სწორედ აქციათა რაოდენობაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება, ფასი კი 250-დან 800 მილიონ ევრომდე მერყეობს.

სილვიო ბერლუსკონის პირადად ჰამად ბინ იასემ ბინ იაბრ ალ ტაჰ-თან უწევს ურთიერთობა, რომელიც ალ ტაჰ-ების ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელია - ეს ოჯახი კი ფრანგული პსჟ-ს მფლობელია.

ცნობილია ისიც, რომ ფიფა/უეფას წესებით, არ შეიძლება რომ ორ კლუბს ერთი და იგივე პატრონი ჰყავდეს. თუმცა, ჯერ ბევრ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი და გამომდინარე აქედან, კანონთან შეუსაბამობაზე ლაპარაკი ადრეა - ჯერ უცნობია, გახდება თუ არა ალ ტაჰ-ების ოჯახი "მილანის" საკონტროლო პაკეტის მფლობელი და რომც გახდეს, გასარკვევია, ოფიციალურად რომელ კომპანიაზე გაფორმდება იტალიური კლუბი.

თუ არაბები "მილანს" იმავე კომპანიაზე არ გააფორმებენ, რომელსაც პსჟ ეკუთვნის, იურიდიულად მათთან შედავება პრაქტიკულად წარმოუდგენელი იქნება.

მოკლედ, ჩახლართული პროცესია და ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. უახლოეს დღეებში, ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აუ ნეტა გაყიდონ რა....
sandro
17:50 13-10-2012
0

სიახლეები პოპულარული