იტალია. სერია A. X ტურის მიმოხილვა: შეწყვეტილი ბოიკოტი და დაწყევლილი "ნაპოლი"

AutoSharing Option
"იუვენტუსი" უშუალო კონკურენტებს იმ დისტანციაზე გაექცა, რომლის ერთი შეხვედრით აღმოფხვრა შეუძლებელია.

დიახ, "ნაპოლიმ" ბერგამოში წააგო, "ვეკია სენიორამ" კი "ბოლონია" დაამარცხა და პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა.

მეორე ადგილზე უკვე "ინტერია", რომელმაც, თავის მხრივ, "სამპდორია" იმსხვერპლა მშობლიურ "ჯუზეპე მეაცაზე". მოკლედ, პირველ სამეულში ცვლილებებია და მეათე ტურის მთავარი ინტრიგაც ამაში მდგომარეობს.

ქვემოთ სწორედ ლიდერთა ტრიოზე გვექნება საუბარი.

იუვენტუსი
ტურინის "იუვენტუსი" ისეთივე ნერვების მომშლელია კონკურენტებისთვის, როგორიც ძველ, კარგ დროს იყო.

გახსოვთ ალბათ, მარჩელო ლიპის, ან გნებავთ, ფაბიო კაპელოს "ბიანკონერი", რომელიც იმ შეხვედრებსაც იგებდა, რომლის
მოგებაც თითქოს არ ეკუთვნოდა. იმის თქმა არ გვსურს, რომ "იუვეს" "ბოლონიასთან" არ უნდა მოეგო, მაგრამ ქულების დაკარგვასთან რომ ძალიან ახლოს იყო, ეს ფაქტია.

მატჩის 92-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ტურინელები ბოლონიელთა საჯარიმოს ქაოტურად უტევდნენ - ამ დროს ბურთი სებასტიან ჯოვინკომ მიიღო, ჩააწოდა და პოლ პოგბამაც გამარჯვების გოლი გაატანინა. 19 წლის ფრანგი შუახაზელი შესანიშნავად გაისარჯა, სწორი პოზიცია შეარჩია და ბურთს მიმართულება ბრძოლაში შეუცვალა.

პოლ პოგბა მატჩის გმირი გახდა. იქამდე ტურინელთაგან კვალიარელა გამოირჩა, ბოლონიელთაგან კი ტაიდერი.

მოკლედ, "იუვემ" კიდევ ერთხელ გამოავლინა ხასიათი, ნამატჩევს კი ტურინელებმა მედიასთან ბოიკოტი გაწყვიტეს და კომენტარებიც არიგეს...

პოლ პოგბა (იუვენტუსი):
"შესანიშნავი საღამო იყო, რომელიც არასდროს დამავიწყდება. გამარჯვების გოლის გატანა საოცარი შეგრძნებაა და თავს უბედნიერესად ვგრძნობ. თუმცა კარგად მესმის, რომ ზეიმის დრო არაა და უკვე მომდევნო შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ.

იმასაც კარგად ვხვდები, რომ საკუთარ თავზე მუშაობა მმართებს, რათა ბევრ კომპონენტში მოვუმატო. ამის შესახებ მწვრთნელები ყოველდღე მეუბნებიან და ვცდილობ, რომ მათი ყველა რჩევა გავითვალისწინო.

მომდევნო ტურში "ინტერს" ვხვდებით და ამ მატჩისთვის განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ. იმედი მაქვს, სასტარტო შემადგენლობაში ვიქნები, თუმცა ეს არა ჩემი, არამედ მწვრთნელების გადასაწყვეტია".


ფაბიო კვალიარელა (იუვენტუსი):
"კიდევ ერთხელ გამოვავლინეთ ხასიათი და უმნიშვნელოვანესი ქულები ჩავიწერეთ აქტივში. მინდა მეტოქე შევაქო, რომელიც ორგანიზებულად იცავდა თავს და მწვავე კონტრშეტევებით გვპასუხობდა. თუმცა უფრო ძლიერს გაუმართლა და ესეც სავსებით ლოგიკურია.

დროა "ინტერთან" მატჩზე გადავერთოთ, რადგან იმ შეხვედრაში გამარჯვებით სატურნირო მდგომარეობას მკვეთრად გავიუმჯობესებთ. ვეცდებით, უმთავრეს კონკურენტს შვიდი ქულით გავუსწროთ".


ინტერი
"ინტერმა" ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო, რაც იმის მანიშნებელია, რომ გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და ტურიდან ტურამდე პროგრესირებს.

მეორე მხრივ, "ნერაძურის" თამაშში კვლავაც ბევრია წუნი და "სამპასთან" შეხვედრაში ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. მილანელებმა მეტოქე 3:2 დაამარცხეს და ისიც უნდა ვთქვათ, რომ თავისუფლად შეეძლოთ ქულების დაკარგვა.

ანგარიში სწორედ გენუელებმა გახსნეს და კარგა ხანი მეტოქის იერიშებს განსაკუთრებული პრობლემების გარეშე უმკლავდებოდნენ. მატჩის ბედი კი დიდწილად ერთმა ეპიზოდმა გადაწყვიტა, როდესაც ანდრეა კოსტამ თერთმეტმეტრიანი "აიკიდა" და წითელი ბარათი მიიღო...

პენალტი ნამდვილად დასანიშნი იყო, აი, გაძევებისგან კი არბიტრს ნამდვილად შეეძლო თავის შეკავება. შედეგად, გენუელებმა მეტისმეტად დიდი სასჯელი მიიღეს - 1:1 და რიცხობრივი უპირატესობა მეტოქეს.

მილანელებმა გააძლიერეს დაწოლა და მეტოქეს კიდევ ორი ბურთი გაუტანეს. ჯერ როდრიგო პალასიო გამოირჩა, შემდეგ კი ფრედი გუარინი.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ორივე შემთხვევაში საგოლე პასი ანტონიო კასანომ მიითვალა აქტივში, რომელმაც ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა. იბრაჰიმოვიჩი იბრაჰიმოვიჩად და აი, კასანოს რას ერჩოდნენ "მილანელები", მართლაც რთული ასახსნელია.

ბოლო წუთებზე გენუელებმა გაიბრძოლეს, ერთი ბურთი გაქვითეს და ამით დასრულდა კიდეც ყველაფერი.

ანდრეა სტრამაჩონი ("ინტერის" მთავარი მწვრთნელი):
"პირველ ტაიმში ბევრი შეცდომა დავუშვით და დავისაჯეთ კიდეც. საბედნიეროდ, მეორეში ბევრად უკეთ ავთამაშდით და შეხვედრის ბედიც საჩვენოდ შემოვატრიალეთ. ამაში გულშემატკივრებმა შეიტანეს დიდი წვლილი, რომლებიც 90 წუთის განმავლობაში მხურვალედ გვქომაგობდნენ.

დღეს სამი თავდამსხმელით ვითამაშეთ, რამაც გაამართლა. ვერ დავიჩემებ, რომ ტურინში კასანო-პალასიო-მილიტოს ტრიოს ზუსტად ამგვარად გამოვიყენებ, მაგრამ საკუთარ ნახევარზე რომ არ გამოვიკეტებით, ეს ფაქტია. კმაყოფილი ვარ შეგირდთა თამაშით. მთავარია, ასევე გავაგრძელოთ".


მასიმო მორატი ("ინტერის" პრეზიდენტი):
"კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ ანდრეა სტრამაჩონის მუშაობით უაღრესად კმაყოფილი ვარ. კიდევ ერთხელ გამოვძვერით უაღრესად რთული ვითარებიდან და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. არ მიგვდიოდა თამაში. ასეთ დროს კი რთულია გამოსავლის პოვნა.

საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და სატურნირო ცხრილში დავწინაურდით.

ვერ ვიტყვი, რომ "იუვეს" თამაშებს საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას - ჩემი მხრიდან ამის თქმა ტყუილი იქნებოდა, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარი მაინც ჩვენივე თამაშია. თუ თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე დავიხარჯებით, "ვეკია სენიორას" აუცილებლად გავუწევთ კონკურენციას".


ნაპოლი
"ნაპოლიმ" ბოლო ოთხ შეხვედრაში სამი წააგო. ეს კი მინიმუმ მცირე ჩავარდნის მაჩვენებელია.

ნეაპოლურ მექანიზმში რაღაც მოიშალა და ეს მარტო ედინსონ კავანის არყოფნის გამო არ უნდა ხდებოდეს. ყოფილა, როდესაც ურუგვაელს ტრავმა ჰქონდა, მაგრამ "ნაპოლი" თამაშს თამაშზე იგებდა.

"ატალანტამ" ბევრი არაფერი დაუთმო მეტოქეს, თავისი შანსი გამოიყენა და სამი ქულაც დაიტოვა. მართალია, ტერიტორიულ და შესაძლოა, სათამაშო უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, მაგრამ როდესაც შეტევების ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა გიჭირს, შედეგის მიღწევა წარმოუდგენელია.

თითქოს გორან პანდევიც ამოვარდა ფორმიდან და ვეღარც ლორენცო ინსინიე ატყუებს მცველებს ძველებური სიმსუბუქით. შედეგად, "ნაპოლი" "იუვეს" მთელი ექვსი ქულით ჩამორჩა და მეორე ადგილიც "ინტერს" დაუთმო.

ვალტერ მაცარი ("ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი):
"ეს თამაში დაწყევლილი იყო. სხვა ახსნას, უბრალოდ, ვერ ვპოულობ. მთელი შეხვედრის განმავლობაში ვუტევდით, მაგრამ ბურთი არაფრით შევარდა მეტოქის კარებში.

რას ვიზამთ, ფეხბურთში ასეც ხდება და ბედს უნდა შევურიგდეთ. შეგირდების ასპარეზობით კმაყოფილი ვარ, რადგან ყველა კომპონენტში აჯობეს მეტოქეს და მაღალი ხარისხის ფეხბურთი აჩვენეს. თუმცა მთავარი ტაბლოა, რომელიც კარგს არაფერს გვეუბნება.

საჭიროა, წინ გავიხედოთ - მომდევნო ტურში ჩვენი კონკურენტების ჯახია და ამით აუცილებლად უნდა ვისარგებლოთ".


იტალია. სერია A. X ტური
პალერმო-მილანი 2:2
გოლები: 1:0 მიკოლი (45-პენ.), 2:0 ბრიენცა (47), 2:1 მონტოლივო (69), 2:2 ელ შაარავი (80).

ატალანტა-ნაპოლი 1:0

გოლი: 1:0 კარმონა (19).

კალიარი-სიენა 4:2
გოლები: 1:0 ნენე (6), 2:0 ნენე (26), 3:0 საუ (28), 3:1 ბოგდანი (42), 4:1 რიბეირო (89), 4:2 კალაიო (90).
გაძევება: ნეტო (75. სიენა).

კიევო-პესკარა 2:0
გოლები: 1:0 ლუსიანო (75-პენ.), 2:0 სტოიანი (76).
გაძევება: რომანიოლი (32. პესკარა).

ინტერი-სამპდორია 3:2
გოლები: 0:1 მუნარი (20), 1:1 მილიტო (52-პენ.), 2:1 პალასიო (68), 3:1 გუარინი (82), 3:2 ედერი (90).
გაძევება: კოსტა (52. სამპდორია).

იუვენტუსი-ბოლონია 2:1
გოლები: 1:0 კვალიარელა (54), 1:1 ტაიდერი (71), 2:1 პოგბა (90).

ლაციო-ტორინო 1:1
გოლები: 0:1 გლიკი (10), 1:1 მაური (57).

პარმა-რომა 3:2
გოლები: 0:1 ლამელა (8), 1:1 ბელფოდილი (35), 2:1 პაროლო (37), 3:1 ძაკარდო (65), 3:2 ტოტი (71).

უდინეზე-კატანია 2:2
გოლები: 1:0 დი ნატალე (29-პენ.), 1:1 კასტრო (62), 1:2 ლოდი (86), 2:2 დი ნატალე (90).

ჯენოა-ფიორენტინა 0:1
გოლი: 0:1 პასკუალი (14).

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 იუვენტუსი 10 9 1 0 22-5 28
2 ინტერი 10 8 0 2 19-9 24
3 ნაპოლი 10 7 1 2 15-6 22
4 ლაციო 10 6 1 3 16-11 19
5 ფიორენტინა 10 5 3 2 12-7 18
6 პარმა 10 4 3 3 14-14 15
7 რომა 10 4 2 4 22-19 14
8 კალიარი 10 4 2 4 10-13 14
9 უდინეზე 10 3 4 3 13-15 13
10 ატალანტა 10 4 2 4 8-12 12
11 კატანია 10 3 3 4 11-16 12
12 მილანი 10 3 2 5 12-12 11
13 ტორინო 10 2 5 3 11-9 10
14 სამპდორია 10 3 2 5 12-14 10
15 კიევო 10 3 1 6 9-16 10
16 ჯენოა 10 2 3 6
10-14 9
17 პალერმო 10 1 5 4 8-13 8
18 პესკარა 10 2 2 6 6-17 8
19 ბოლონია 10 2 1 7 11-16 7
20 სიენა 10 2 3 5 11-14 3

ბომბარდირები:
7 - ელ შაარავი (მილანი); 6 - კავანი (ნაპოლი), კლოზე (ლაციო), დი ნატალე (უდინეზე), ლამელა (რომა).

მომდევნო ტური
3 ნოემბერი
მილანი-კიევო, იუვენტუსი-ინტერი.

4 ნოემბერი

პესკარა-პარმა, სამპდორია-ატალანტა, სიენა-ჯენოა, ნაპოლი-ტორინო, ბოლონია-უდინეზე, კატანია-ლაციო, ფიორენტინა-კალიარი, რომა-პალერმო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სერია A. X ტური: სიცილიაში გადარჩენილი ქულა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული