დანიელე დე როსიმ ზდენეკ ზემანთან კონფლიქტი უარყო

AutoSharing Option
დანიელე დე როსიმ "პალერმოსთან" შეხვედრა გამოტოვა, რამაც "რომას" გულშემატკივრები მეტად შეაშფოთა.

იტალიურ სპორტულ პრესაში უმალ დაიწერა იმის შესახებ, რომ ზდენეკ ზემანსა და ფეხბურთელს შორის შავმა კატამ გაირბინა. ითქვა იმის შესახებაც, რომ კონფლიქტი დანიელეს "მანჩესტერ სიტიში" შესაძლო გადაბარგებასთან დაკავშირებით წარმოიშვა.

საქმე იმაშია, რომ ბოლო პერიოდში დე როსის ინგლისელებთან მიმდინარე მოლაპარაკების შესახებ აქტიურად იწერება. თუმცა მსგავსი ცნობები 29 წლის ფეხბურთელმა უარყო და შემდეგი განაცხადა:

"ზემანთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა და ასეა ამჯერადაც. გავრცელებული ცნობები ჩვენ შორის არსებული კონფლიქტის შესახებ სისულელეა და მეტი
არაფერი.

"პალერმოსთან" თამაში ტრავმის გამო გამოვტოვე, რომელიც ვარჯიშზე მივიღე და ამის შესახებ განვაცხადე კიდეც. საბედნიეროდ, ტრავმა მსუბუქია და მოედანს უახლოეს მომავალში დავუბრუნდები. კვირას რომაული დერბია და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "ლაციოს" წინააღმდეგ აუცილებლად ვითამაშებ".


დე როსიმ რომაული დერბის შესახებაც ისაუბრა: "როგორც ყოველთვის, დერბი მძიმე ბრძოლაში ჩაივლის და გამარჯვება მას დარჩება, ვინც დამაგვირგვინებელ ფაზაში მეტ სიზუსტეს გამოიჩენს. ჩვენც და თანაქალაქელებსაც მოგება ჰაერივით გვჭირდება და ამიტომ შემტევი ფეხბურთის მოლოდინში ვარ.

"პალერმოსთან" გამარჯვება უმნიშვნელოვანესი იყო და მთავარია, რომ ტემპი არ დავაგდოთ. მჯერა, რომ გამარჯვება "რომას" დარჩება, განურჩევლად იმისა, დამაყენებს თუ არა მწვრთნელი ძირითად შემადგენლობაში".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული