იტალია-საფრანგეთი - ამხანაგური სადერბო განწყობით

AutoSharing Option
14 ნოემბერს დაგეგმილი სანაკრებო პაექრობებიდან, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო უდავოდ იტალიისა და საფრანგეთის დაპირისპირებაა.

აქვე ვთქვათ, რომ შეხვედრა პარმაში, "სტადიო ენიო ტარდინიზე" გაიმართება.

საფრანგეთი

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ორივე ნაკრებში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა და ეს პროცესი დღემდე მიმდინარეობს.

საფრანგეთის უმთავრეს გუნდში სულაც მთავარი მწვრთნელი შეიცვალა, როდესაც ლორან ბლანი დიდიე დეშამმა ჩაანაცვლა.

დიდიე ახალი ახალი იდეებით მივიდა ნაკრებში, რომელთა განხორციელებსაც უკვე შეუდგა. მართალია, საკადრო რევოლუცია არ მოუხდენია, მაგრამ ტაქტიკა-სტრატეგია შეცვალა და ამით, საფრანგეთის უმთავრესმა გუნდმა მხოლოდ მოიგო.

დიახ, საყოველთაო მოსაზრებით, "მამლები" დღეს გაცილებით
უკეთესად თამაშობენ, ვიდრე ლორან ბლანის ხელში, ეს დასკვნა კი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სასტარტო პაექრობებიდანაა გამოტანილი.

განსაკუთრებულად კარგად ფრანგებმა ესპანეთში ითამაშეს, სადაც მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონებთან ქულა აიღეს.

თუმცა, აქ არა იმდენად ქულა, რამდენად თამაშის ხარისხი გახლდათ აღსანიშნავი - დეშამის შეგირდებმა აჯობეს მეტოქეს და მოგებაც თავისუფლად შეეძლოთ.

იტალია
რევოლუციური ცვლილებები არც ჩეზარე პრანდელის განუხორციელებია, მაგრამ შემადგენლობაში გარკვეული კორექტივები შეიტანა.

მაგალითად, საერთოდ აღარ იძახებს ანტონიო კასანოს, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე შეუცვლელი ფიგურა იყო. პრანდელი კასანოს იმდენად ენდობოდა, რომ კონტინენტის პირველობაზე ახლადგამოჯანმრთელებული და არც თუ კარგ ფორმაში წაიყვანა.

სამაგიეროდ, "სკუადრა აძურას" კარი რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის გაიხსნა, რომელთა შორის სტეფან ელ შაარავი უნდა გამოვარჩიოთ.

19 წლის მილანელი უკვე სტაბილურად ხვდება ეროვნული გუნდის შემადგენლობაში და როგორც ამბობენ, მალე სასტარტოშიც დაიმკვიდრებს ადგილს. ანუ, ელ შაარავიმ კასანო უნდა ჩაანაცვლოს და მივიღებთ ძალიან საინტერესო ტანდემს: ელ შაარავი-ბალოტელი. თუ ამ ორი ფორვარდის ასაკს გავითვალისწინებთ, პრანდელის კიდევ ძალიან დიდ ხანს შეუძლია შეტევის ხაზზე არ ინერვიულოს.

ნერვიულობა იქით იყო და საფიქრალს პრანდელის რა გამოულევს - თუნდაც შეტევის ხაზში, კონკურენცია საკმაოდ დიდია და ვერც ელ შაარავი-ბალოტელი იგრძნობენ თავს ძალიან მშვიდად. იგივე სებასტიან ჯოვინკო შესანიშნავ ფორმაშია და ღიადაც აცხადებს, რომ სასტარტოში სურს მოხვედრა.

შეგვიძლია ვთქვათ პაბლო დანიელ ოსვალდოზეც, რომელიც იშვიათი გამონაკლისის გარდა, ეროვნულ გუნდში შედეგიანად ასპარეზობს.

თუნდაც განაცხადს მიღმა დარჩენილი ფორვარდები გავიხსენოთ - მაგალითად, ფაბიო კვალიარელა, რომელიც ამჯერად ოფსაიდში დარჩა, თუმცა მისი ჩამოწერა რომ ნაადრევია, პესკარაში შესრულებულმა ჰეთთრიკმაც დაადასტურა.

იტალია-საფრანგეთი
სავარაუდო შემადგენლობები
იტალია (4-4-2): ბუფონი - მაჯო, ბარცალი, კიელინი, ბალცარეტი - პირლო, მონტოლივო, მარკიზიო, კანდრევა - ელ შაარავი, ბალოტელი.
საფრანგეთი (4-3-2-1): ლორისი - დებუში, კოშელნი, სახო, ევრა - გონალონი, კაბაიე, მატუიდი - რიბერი, მენეზი - ჟირუ.

ფრანგული სპორტული პრესის პროგნოზით, დიდიე დეშამი გუნდს 4-3-2-1 ტაქტიკით ათამაშებს, სადაც ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდის როლი ოლივიე ჟირუს დაეკისრება.

შესარჩევ მატჩებში აქცენტი უფრო ქარიმ ბენზემაზე კეთდება, მაგრამ მადრიდელი ტრავმირებულია და იტალიის წინააღმდეგ საერთოდ ვერ ითამაშებს. ამასთან, ესპანეთთან პაექრობაში "მამლები" სწორედ ჟირუს გოლმა იხსნა მარცხისგან და ბევრი თვლის, რომ ძირითადში სწორედ ლონდონის "არსენალის" ფორვარდი უნდა ასპარეზობდეს.

ჟირუს ფლანგებიდან ფრანკ რიბერი და ჟერემი მენეზი დაეხმარებიან - პირველი მიუნხენის "ბაიერნში" ბრწყინავს, მეორე კი პსჟ-ში.

განსაკუთრებით მენეზის თამაშია აღსანიშნავი, რადგან ფრანგული გუნდის თანავარსკვლავედში არა თუ დაიჩრდილა, საუკეთესო თვისებები გამოავლინა და ისე ათამაშდა, როგორც არასდროს. საინტერესოა, როგორ შეუტევს რიბერი-მენეზი-ჟირუს ტრიო იტალიურ დაცვას.

როგორც აღვნიშნეთ, იტალიის ნაკრებში წინა პლანზე ფორვარდთა ახალგაზრდა ტანდემმა წამოიწია და თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, ფრანგებს სტეფან ელ შაარავი და მარიო ბალოტელი შეუტევენ.

შუა ხაზზე აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რადგან ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, პრანდელიმ ამ რგოლში პრაქტიკულად შეწყვიტა როტაცია.

თუ კონტინენტის პირველობაზეც კი სენიორ ჩეზარე მუდმივ ძიებაში იყო და სისტემატურად ცვლიდა ნახევარმცველებს, შემდეგ თითქოს ჩამოყალიბდა და ძირითადი ბირთვი გამოკვეთა ანდრეა პირლოს, რიკარდო მონტოლივოს, კლაუდიო მარკიზიოს და დანიელე დე როსის შემადგენლობით.

დანიელე რომ ერთი მატჩით მოკვეთილია ნაკრებიდან, გეცოდინებათ და შესაბამისად, მის ადგილს სხვა დაიკავებს... თუ იმავე "გაძეტას" ვენდობით, ის სხვა ანტონიო კანდრევა იქნება. მთავარი ბრძოლა წესით შუა ხაზში უნდა გაჩაღდეს და ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია): "მართალია, შეხვედრა ამხანაგურია, მაგრამ ფრანგებთან დაპირისპირებისთვის სრული სერიოზულობით ვემზადებით. ეს იქნება დიდი მატჩი, რომელიც ჩვენი გამარჯვებით უნდა დავასრულოთ. საფრანგეთისა და იტალიის თამაშები ყოველთვის დაძაბულად მიმდინარეობს და თავისი ხასიათით დერბის მაგონებს.

როგორც ვიცი, პიორველ ნომრად ვაპირებთ თამაშს და დიდი იმედი მაქვს, რომ მეტოქეს მისსავე ნახევარზე მივაჯაჭვებთ".


ფრანკ რიბერი (საფრანგეთი): "იტალიასთან მატჩისთვის დიდი მონდომებით ვემზადებით და იმედი მაქვს, რომ ისევე კარგად ვითამაშებთ, როგორც ესპანეთთან.

აღმავლობის გზაზე ვართ და ეს კიდევ ერთ ძლიერ მეტოქესთან უნდა დავამტკიცოთ. იტალია დაცვაში არ ჩაჯდება, აუცილებლად შეგვიტევს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. "აძურას" მობილური შუა ხაზი ჰყავს, რომელთან ჭიდილიც ურთულესი იქნება".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული