სერია A: კარგი ფორვარდების დეფიციტი

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში საშობაო პაუზა მალე გამოცხადდება და მთელი ყურადღება სატრანსფერო ამბებზე გადავა. იტალიურ სპორტულ პრესაში აქტიურად მსჯელობენ, თუ რა შეიძლება შეიცვალოს ტოპ გუნდებში... ქვემოთ სწორედ სატრანსფერო ამბებზე ვისაუბრებთ...

იუვენტუსი
უკვე დიდი ხანია, საფეხბურთო საზოგადოება შეთანხმდა, რომ "იუვენტუსს" ექსტრა-კლასის ფორვარდი აკლია. სხვა მხრივ, ტურინელებს პრობლემები ნაკლებად აქვთ და შესაბამისად, სატრანსფერო ცნობებიც მუდმივად თავდამსხმელთან დაკავშირებით ვრცელდება.

აპენინურ პრესაში ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაციები, რომელთა უმრავლესობას ნაკლებად დაეჯერება.

მაგალითად, ხშირად საუბრობენ ედინსონ კავანის "იუვეში" გადაბარგების შ
ესახებ, მაგრამ ამის შანსი რომ პრაქტიკულად ნულის ტოლია, ეს ფაქტია. "ნაპოლი" არ გაუშვებს საუკეთესო შემტევს და თანაც, უშუალო კონკურენტში.

საუბრობენ რადამელ ფალკაოს შესახებაც, მაგრამ ესეც ნაკლებად სავარაუდოა. ბოლო დღეებში ითქვა კლას იან ჰუნტელაარის ტურინში შესაძლო გადაბარგების შესახებ, მაგრამ "იუვეს" მესვეურებს ეს ცნობა არ დაუდასტურებიათ.

თანაც, "შალკე" ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფშია გასული და ნაკლებად სავარაუდოა, რომ წამყვან ფორვარდს შეელიოს.

იყო კიდევ ფერნანდო ლორენტეს ვარიანტი, თუმცა ბასკებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ მასთან განშორებას ზაფხულამდე არ აპირებენ. მოკლედ, "იუვენტუსს" დიდი რესურსი არ აქვს, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ექსტრა-კლასის ფორვარდი გადაიბიროს.

გამომდინარე ზემოთქმულიდან, სრულიად ბუნებრივი ჩანს კლუბის სპორტული დირექტორის, ჯუზეპე მაროტას კომენტარი, რომელიც აცხადებს, რომ ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე ტურინულ გრანდს არაფერი ესაქმება.

ინტერი

"ინტერის" მესვეურებმა უკვე არაერთხელ განაცხადეს, რომ სატრანსფერო ფანჯარას სრულ იგნორს გაუკეთებენ. შესაბამისად, იტალიურ სპორტულ პრესაში ძირითადად იმ ფეხბურთელებზე ვრცელდება ცნობები, რომლებმაც შესაძლოა დატოვონ "ინტერი"...

ყველაზე აქტუალური ვესლი სნეიდერის თემაა, რომელსაც ცალკე მწვრთნელთან აქვს ურთიერთობა გაფუჭებული და ცალკე ხელმძღვანელებთან.

არადა, ყველა თანხმდება იმაზე, რომ ჰოლანდიელი "ნერაძურისთვის" უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა. მის გარეშე "ინტერის" შუა ხაზი აშკარად ღარიბულად გამოიყურება... თუ "კორიერე დელო სპორტს" დავუჯერებთ, ვესლის გადაბირება მანჩესტერულ გუნდებს სურთ, განსაკუთრებით კი, "სიტის" მესვეურები აქტიურობენ.

ანდრეა სტრამაჩონიმ განაცხადა, რომ სნეიდერთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, მაგრამ აპენინებზე ამის ნაკლებად სჯერათ.

რა შეიძლება მოხდეს სნეიდერთან დაკავშირებით? - თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, სარფიანი წინადადების შემთხვევაში, მასიმო მორატი ჰოლანდიელს აუცილებლად შეელევა.

რადგან "სიტის" სარფიანი წინადადებების კეთება შეუძლია და არც სნეიდერი დებს "ინტერის" ერთგულებაზე თავს, ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ მაღალია.

აქვე ვთქვათ, რომ "ნერაძურის" გულშემატკივრები ექსტრა-კლასის ფორვარდის დამატებას ითხოვენ და ეს სრულიად ბუნებრივია...

ანტონიო კასანოს ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, რომ მინდორზე 90 წუთი დაჰყოს, დიეგო მილიტომ საუკეთესო წლები უკან მოიტოვა, როდრიგო პალასიოს იმედზე ყოფნა კი მეტად რთულია. თუმცა, კლუბის მესვეურები ჯიუტად აცხადებენ, რომ ზამთარში შევსება არ იქნება.

ნაპოლი
ვალტერ მაცარი იმ მწვრთნელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც არასდროს ითხოვენ მილიონიან ტრანსფერებს იმისთვის, რომ შედეგი აჩვენონ... ასეა ამჯერადაც და შეგვიძლია მოვუსმინოთ ნეაპოლელთა თავკაცს:

"რა იქნება სატრანსფერო პერიოდში? - გრანდიოზული გეგმები ნამდვილად არ გვაქვს და ისე, შეიძლება ერთი ან ორი ფეხბურთელი დავიმატოთ. გუნდი კარგად არის დაკომპლექტებული და ისედაც შეგვიძლია ყველა ფრონტზე თანაბარი წარმატებით ბრძოლა.

ვფიქრობ, შეტევის ხაზში არსებული რესურსითაც შეგვიძლია მეტი და მთავარია, რომ ამას მივაღწიოთ. ედუარდო ვარგასი და ლორენცო ინსინიე უდიდესი პოტენციალის ფეხბურთელები არიან და ისინი ბევრად უკეთ ათამაშდებიან".

"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, ვალტერ მაცარი ერთი მაღალი კლასის მცველის გადაბირებას შეეცდება, რადგან მიმდინარე სეზონში მკვეთრად მოუკლო სალვატორე არონიკამ...

ეს უკანასკნელი ალბათ დატოვებს გუნდს და "ჯენოაში" გადაბარგდება, მისი შემცვლელი კი ან დავიდე ასტორი იქნება "კალიარიდან", ანაც ლუსიო "იუვენტუსიდან".

ლუსიოს ვარიანტი განსაკუთრებულად საინტერესოა, რადგან ბრაზილიელს პრაქტიკულად არ ეძლევა "ვეკია სენიორაში" ასპარეზობის საშუალება.

"ნაპოლი" "იუვეს" კონკურენტია და ერთი შეხედვით, ლუსიოს სამხრეთში გაშვება წარმოუდგენელია, მაგრამ ამ ლოგიკით, არც ანდრეა პირლო უნდა გადასულიყო თავის დროზე "მილანიდან" "ვეკია სენიორაში". მოკლედ, "ნაპოლი" მცველს ეძებს და ვარიანტებიც აქვს.

ლაციო
"იუვენტუსის" და "ინტერის" მსგავსად, "ლაციოს" გულშემატკივრებიც თავდამსხმელზე ოცნებობენ. არც ესაა გასაკვირი, რადგან მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდი დიდწილად ერთი ფორვარდის, მიროსლავ კლოზეს იმედზეა.

მაურო სარატეს რაღაც აერია და მეტწილად თადარიგში ზის, ტომაზო როკის დრო წასულია, ლიბორ კოზაკი კი არ არის იმ კალიბრის ფეხბურთელი, რომ მასზე დიდი იმედები დაამყარო. მოკლედ, კლოზეს ერთი კარგი მეწყვილე სჭირდება და გულშემატკივართა სურვილი აბსოლუტურად გასაგებია.

სურვილი ერთია და რეალობა მეორე - მართალია, კლაუდიო ლოტიტო სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას აპირებს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ექსტრა-კლასის თავდამსხმელი გადაიბიროს. ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცით, რომ "ბიანკოჩელესტეს" სამიზნეში "მანჩესტერ იუნაიტედის" იტალიელი თავდამსხმელი ფედერიკო მაკედაა.

ახალგაზრდა ფორვარდი სწორედ "ლაციალეს" აღზრდილია და რომაელებს მისი იჯარით აყვანა სურთ, საბოლოო სიტყვა კი ინგლისელებს ეკუთვნით.

მაკედა ერთხელ უკვე დაბრუნდა იტალიაში, როდესაც "სამპდორიას" მაისური მოირგო, თუმცა ციდან ვარსკვლავები არ მოუწყვიტავს. ვნახოთ, დაბრუნდება თუ არა მაკედა "ბიანკოჩელესტეში".

რომა
"რომა" ჩამოყალიბების სტადიაში მყოფი გუნდია და ცვლილებების მოხდენა სერიოზულ რისკთანაა დაკავშირებული.

ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ დედაქალაქელებმა სატრანსფერო ბაზარზე იაქტიურონ. შემადგენლობის მხრივ, "ჯალოროსიში" ყველაფერი რიგზეა და ზდენეკ ზემანს მხოლოდ ისღა დარჩენია, რომ არსებული კონტიგენტით მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდი გააკეთოს.

რა თქმა უნდა, გაძლიერება არავის აწყენდა და მათ შორის, არც "რომას", მაგრამ ამ ეტაპზე, შევსებაზე მეტად რომაელებს გუნდის ერთ მუშტად შეკვრა და შეთამაშება სჭირდებათ.

სწორედ ამ თემაზე ისაუბრა "ფიორენტინასთან" მატჩის შემდეგ ფრანჩესკო ტოტიმ და განაცხადა, რომ როგორც იქნა, გუნდში ერთსულოვნებამ დაისადგურა. ამ ერთსულოვნებას გამყარება სჭირდება და ზემანსაც უფრო ამაზე მართებს მუშაობა.

ერთადერთი, რაც ბოლო პერიოდში "რომასთან" დაკავშირებით გავრცელდა, "პარმადან" ალეანდრო როზის შესაძლო დაბრუნებაა.

ეს სადღაც ლოგიკურია, რადგან დედაქალაქელებს ყველაზე მეტად მაინც დაცვაში უჭირთ, სადაც, მაგალითად, მარჯკვენა ფრთაზე ივან პირისი პრაქტიკულად უკონკურენტოა... არადა, პირისი ნამდვილად არის ყველაზე საიმედო მცველი იტალიაში.

ფიორენტინა
პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ "ფიორენტინას" მთავარი პრობლემაც ფორვარდთა დეფიციტია. კლოზესი არ იყოს, სტევან იოვეტიჩსაც სჭირდება ერთი კარგი მეწყვილე, მაგრამ ზაფხულში ამ საქმეს ვერ მოება თავი.

ფლორენციელები ახლოს იყვნენ დიმიტარ ბერბატოვის გადაბირებასთან, შეუთანხმდნენ კიდეც ფეხბურთელს, მაგრამ ბოლო მომენტში ბულგარელმა გადაწყვეტილება შეცვალა და "ფულჰემს" მიაშურა. მაშინ "ვიოლას" პრეზიდენტი ანდრეა დელა ვალე გიჟს ჰგავდა, დიმიტარს უნდა ვუჩივლო, სიტყვა გატეხა და რაც მთავარია, სხვა ფორვარდის მოსაძებნად დრო აღარ დამიტოვაო.

დრო დელა ვალეს ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ექნება და საინტერესოა, რას მოიფიქრებს. იტალიაში არჩევანი, ფაქტობრივად, არ არსებობს და თუ "ვიოლას" გამტანი ფორვარდის დამატება სურს, საზღვრებს გარეთ უნდა გაიხედოს.

"კორიერე დელო სპორტის" ინფორმაციით, ფლორენციელები "პორტუდან" ბრაზილიელი თავდამსხმელის, ჰალკის გადაბირებას აპირებენ, თუმცა ამის გაკეთება რომ ურთულესი იქნება, ფაქტია.

კიდევ ერთი თავდამსხმელი, რომელსაც "ფიორენტინას" უკავშირებენ, მარკო სანსოვინი გახლავთ, რომელიც "სპეციაში" ასპარეზობს და სერია B-ში ბომბარდირთა დავას უდგას სათავეში.

მილანი
ადრიანო გალიანი დღეში მინიმუმ სამჯერ იფიცება, რომ სტეფან ელ შაარავის არც ერთ შემთხვევაში არ გაყიდის.

"მილანის" გულშემატკივრებისთვის ეს უკვე კარგი ამბავია, მაგრამ არა საკმარისი იმისთვის, რომ კმაყოფილნი იყვნენ. ხშირად საუბრობენ მარიო ბალოტელის "როსონერიში" შესაძლო გადაბარგების შესახებ, მაგრამ თავად ფეხბურთელმა მოვლენათა ასეთი განვითარება, პრაქტიკულად, გამორიცხა.

მისი თქმით, დღეს არც ერთ იტალიურ გუნდს არ აქვს იმდენი ფული, რომ "სიტი" დაიყაბულოს. მოკლედ, მარიო ალბათ ინგლისში დარჩება და "მილანს" კვლავაც ელ შაარავის იმედზე მოუწევს ყოფნა.

სამაგიეროდ, გადაწყვეტილი ამბავია, რომ სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე მილანელები საყრდენ ნახევარმცველზე დაიწყებენ ნადირობას - მიზეზი გასაგებია, ნაიჯელ დე იონგმა მყესი გაიწყვიტა და სეზონის ბოლომდე ფეხბურთს ჩამოშორდა.

იტალიურ პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, დე იონგის შესაძლო შემცვლელად ორი ვარიანტი განიხილება: რაჯა ნაინგოლანი "კალიარიდან" და კევინ სტროტმანი ჰოლანდიური პსვ-დან. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ რობინიო და ალეშანდრე პატო "მილანში" დარჩებიან, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. XVI ტური: სკუდეტომდე შორია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული