სტეკელენბურგის მილანური პერსპექტივა

AutoSharing Option
ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე მარკო ამელიამ ამბიციური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ სერია A-ს გუნდებს შორის “მილანს" კიპერთა საუკეთესო ტანდემი ჰყავს.

ანუ მე და კრისტიან აბიატი თანაბრად ძლიერი მეკარეები ვართ, ჩვენ შორის ყველაზე მძაფრი კონკურენციაა და გუნდიც ამით მხოლოდ იგებსო. კონკურენცია ორ მეკარეს შორის მართლაც მძაფრია - სეზონი ძირითადი კიპერის რანგში აბიატიმ დაიწყო, თუმცა შემდეგ ტრავმა მიიღო და ადგილი ამელიას დაუთმო...

გამოჯანმრთელებული კრისტიანი თადარიგშივე დარჩა, რადგან ტრავმის მიღებამდე რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა და მას მეტ-ნაკლებად სტაბილურად მოთამაშე მარკო ამჯობინეს. თუმცა,
ვერც ამელიაზე დავდებთ თავს, რომ ბრწყინავს და საუკეთესო დროება უდგას.

მოკლედ, კონკურენცია კია, მაგრამ ასეთ კონკურენციას, ერთი გყავდეს და ჯიჯი ბუფონი, ნამდვილად ჯობია... ბუფონის რა გითხრათ და არის შანსი, ლომბარდიულ გრანდში მარტენ სტეკელენბურგი გადაბარგდეს...

30 წლის ჰოლანდიელი კიპერი “რომაში” ირიცხება, თუმცა ბოლო პერიოდში ძირითადად თადარიგში უწევს ყოფნა. მისი ადგილი მაურო გოიკოეჩეამ დაიკავა, რომელსაც ზდენეკ ზემანი სრულ ნდობას უცხადებს. სტეკელენბურგი არსებული ვითარებით უკმაყოფილოა, რაც მისი სიტყვებით დასტურდება:

“რომში იმისთვის არ ჩამოვსულვარ, რომ სათადარიგო სკამზე ვიჯდე. ისეთ ასაკში ვარ, რომ თადარიგში ყოფნა ჩემი კარიერისთვის შეიძლება დამღუპველი გამოდგეს. ზდენეკ ზემანისგან მხარდაჭერას ვერ ვგრძნობ და გამომდინარე აქედან, წასვლაზე მიჭირავს თვალი. “მილანი”? - ამის შესახებ მეც მსმენია, მაგრამ ჯერჯერობით, ჩემთან არავის დაურეკავს. “როსონერი” მსოფლიო ფეხბურთის აღიარებული გრანდია, სადაც დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი”.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი “მილანის” დირექტირმა, არიედო ბრაიდამაც გააკეთა და განაცხადა, რომ კლუბის მესვეურები მაღალი კლასის კიპერის გადაბირებაზე მართლაც ფიქრობენ. კრისტიან აბიატი 35 წლისაა და დიდი დრო აღარ დარჩენია აქტიურ სპორტში, ამელია ხუთი წლით უმცროსია, მაგრამ აბიატისგან განსხვავებით, ექსტრა-კლასის კიპერთა რიცხვში არასდროს გადიოდა. მოკლედ, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სტეკელენბურგს “მილანში” გადაბარგების საკმაოდ კარგი შანსი აქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მარტენ სტეკელენბურგი ლონდონის "ტოტენჰემში"?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული