"იუვენტუსი" დიდიე დროგბას ადასტურებს

AutoSharing Option
"სამპდორიასთან" წაგებული შეხვედრა კიდევ ერთი და შესაძლოა, გადამწყვეტი სიგნალი გამოდგა "იუვენტუსის" მწვრთნელ-მესვეურებისთვის საიმისოდ, რომ ექსტრა-კლასის ფორვარდის გადაბირებაზე იზრუნონ.

"ვეკია სენიორამ" სრული უპირატესობით წარმართა გენუელებთან შეხვედრა, მაგრამ თავდამსხმელებმა დამაგვირგვინებელ ფაზაში იშვიათი უზუსტობები გამოიჩინეს. შედარებისთვის, გასულ უქმეებზე ედინსონ კავანიმ ნახევარმომენტები აქცია გოლებად და შედეგად, "ნაპოლიმ" თანაბარ ბრძოლაში წარმართული შეხვედრა "რომას" გამანადგურებელი ანგარიშით მოუგო.

მოკლედ, კარგი გამტანი ფორვარდი ევროპული ფეხბურთის გრანდს ნამდვილად უნდა ჰყავდეს და "სამპასთან" შეხვედრამ ეს კიდევ ერთხელ დაგვანახვა. სწორედ გენუელებთან მატჩის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "იუვენტუსის" მესვეურებმა დიდიე დროგბას ოფიციალურად მიმართეს...

"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, ტურინელები მზად არიან, 34 წლის კოტდივუარელს ნახევარწლიანი კონტრაქტი გაუფორმონ და ამ მოკლე პერიოდში 3 მილიონი ევრო გადაუხადონ.

აქვე ვთქვათ, რომ მიზნის მისაღწევად ტურინელებს მხოლოდ ფეხბურთელის დათანხმება სჭირდებათ, რადგან თავად დიდიეს "შანხაი შენხუასთან" ხელშეკრულების გაწყვეტა ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეუძლია.
დროგბას მიმართ გაკეთებული შეთავაზება "იუვენტუსის" სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ დაადასტურა:

"დროგბას გადაბირება ნამდვილად გვსურს და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. დიდიეს ნახევარწლიანი ხელშეკრულება შევთავაზეთ, საკმაოდ კარგი პირობებით და ვნახოთ, რა პასუხს გაგვცემს. ვიცი, რომ ევროპაში სურს დაბრუნება და თუ ეს ასეა, მაშინ შეთანხმება არ უნდა გაგვიჭირდეს. დროგბა გამარჯვებული მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელია, ნამდვილი ჩემპიონი, რაც დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება. რაც მთავარია, დიდიეს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში არ უთამაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრანსფერის შემთხვევაში, ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზეც გამოგვადგება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დიდიე დროგბა კვლავ საუკუნის ბომბარდირია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული