მართალია, ქულები "ლაციომაც" დაკარგა, მაგრამ სამაგიეროდ, "ნაპოლიმ" იმარჯვა და ლიდერს სამი ქულის ინტერვალზე მიუახლოვდა.
ანტონიო კონტე ემოციების ნაკლებობას არასდროს უჩიოდა, მაგრამ "ჯენოასთან" მატჩის შემდეგ დასაკავებელი გახდა. მიზეზი მსაჯების შეცდომები იყო, თუმცა ტურინელთა მწვრთნელის საქციელი მაინც ყველამ ერთხმად დაგმო.
კონტე კრიტიკის ქარცეცხლში
ანტონიო კონტემ მსაჯებს შეუტია და "ჯენოასთან" დაკარგული ქულები მთლიანად მათ დააბრალა. ისიც დაამატა, შესაძლოა ამის მიზეზი ბევრად უფრო ცუდი იყოს, ვიდრე შეცდომებიაო. კონტეს გამოხდომას "ინტერის"
"კონტეს ხშირად ადარებენ ჟოზე მოურინიოს, მაგრამ არ მახსენდება, პორტუგალიელი მსაჯებს თავს დასხმოდა. ყველამ კარგად ვიცით, რომ გასული სეზონიდან მოყოლებული, არბიტრები "იუვეს" სასარგებლოდ არაერთხელ შემცდარან და ანტონიოს საქციელი ჩემთვის სრულიად გაუგებარია. მასზე ბევრად უკეთესი წარმოდგენა მაქვს და კარგი იქნება, თუ აზრს არ შემიცვლის. ანტონიო არაადეკვატური იყო და მისი საქციელი ნამდვილად არაა მოსაწონი".
მორატის კიდევ არაერთი ცნობილი პერსონა დაეთანხმა და "იუვეს" მწვრთნელი პრესაშიც გვარიანად გააკრიტიკეს. ბევრმა "მილანი"–"იუვენტუსის" პაექრობა გაიხსენა ჯერ კიდევ გასული სეზონიდან, როდესაც სალი მუნტარის გოლი არ ჩაუთვალეს. მოკლედ, ის ეპიზოდი ტურინელთათვის ნამდვილ კოშმარად იქცა.
ანელკამ სამედიცინო შემოწმება გაიარა
"იუვენტუსთან" დაკავშირებით კიდევ ერთი ამბავი გავრცელდა, რომელიც ნიკოლას ანელკას ტრანსფერს უკავშირდება. 33 წლის ფრანგი უკვე ტურინშია და როგორც გაცხადდა, სამედიცინო შემოწმებაც გაიარა. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ხელშეკრულების გაფორმებისკენ და ამ საქმესაც, ალბათ, მალე მოებმება თავი. ნიკოლასმა პირველი ტურინული კომენტარიც გააკეთა:
"ბედნიერი ვარ, რომ ასეთ დიდ გუნდში მომიწევს თამაში. ვიცი, რომ "იუვენტუსში" დიდი კონკურენციაა და ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად შესაძლებლობები სრულად უნდა წარმოვაჩინო. ჩემი სურვილია, რომ 5-თვიანი იჯარის შემდეგ "იუვესთან" კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმო. იმედია, ეს ასეც იქნება".
ნაპოლი სრული სვლით
გასული სეზონი "ნაპოლიმ" სერია A-ში მეექვსე ადგილზე დაასრულა, ზაფხულში კი ესეკილ ლავეცის შეელია, რამაც ბევრს აფიქრებინა, რომ სამხრეთელთა მზე ჩაესვენა. მიმდინარე სეზონში სრულიად საპირისპირო მტკიცდება – ვალტერ მაცარის გუნდი შესანიშნავად ასპარეზობს და სკუდეტოსთვის ბრძოლაში "იუვენტუსის" უმთავრესი, ბევრის აზრით კი, ერთადერთი კონკურენტია.
"ნაპოლი" ლიდერს სამი ქულის ინტერვალზე მიუახლოვდა, ამ ფორის აღმოფხვრას კი შეიძლება ერთი ტურიც ეყოს. მაცარი ისევ ყურადღების ცენტრშია და საინტერესო კომენტარებსაც აკეთებს:
"მიმდინარე სეზონში შესანიშნავად ვთამაშობთ და შეგირდების მიმართ კარგის მეტი არაფერი მეთქმის. ვფიქრობ, ფორმის პიკზე ჯერ არ ავსულვართ და ეს კიდევ უფრო მაიმედებს. დიახ, ჩვენ სკუდეტო გვინდა და ამას ხმამაღლა ვაცხადებ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. "იუვენტუსი" უძლიერესი მეტოქეა, რომელიც სტიმულს გვაძლევს, საკუთარ თავზე მაღლა ავხტეთ. ჩვენ ვიბრძოლებთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ".
ზემანის ბოლო შანსი?
იტალიურ სპორტულ პრესაში უკვე აქტიურად განიხილება ზდენეკ ზემანის შესაძლო გათავისუფლების ამბავი. ეს არცაა გასაკვირი, რადგან "რომამ" ვერაფრით იპოვა საკუთარი თამაში და ეს იმ ფონზე, როდესაც შემადგენლობით ბევრ მასზე წინ მყოფ გუნდს სჯობია. რაც მთავარია, არანაირი პროგრესი არ შეინიშნება და "ჯალოროსი" დღესაც ისეთივე ქაოტურ ფეხბურთს თამაშობს, როგორსაც სეზონის სტარტზე.
პრესაში დაიწერა, რომ ზემანს ბოლო შანსი მისცეს და თუ "რომა" მომდევნო ტურშიც წაიფორხილებს, მას პოსტის დატოვება მოუწევს. ითქვა ისიც, რომ დროებით, ანუ სეზონის ბოლომდე, ჩეხ სპეციალისტს ალბერტო მალეზანი ჩაანაცვლებს. აქვე ვთქვათ, რომ მომდევნო პაექრობას "რომა" საკუთარ მოედანზე "კალიარისთან" გამართავს.
ტურის გმირი
ტურის გმირი 19 წლის ფორვარდი მაურო იკარდი გახლავთ, კიდევ ერთი ორიუნდი, რომელიც სულ მალე "სკუადრა აძურას" მაისურს მოირგებს.
აქვე ვთქვათ, რომ ორიუნდს აპენინებზე იტალიელი ემიგრანტების შთამომავლებს უწოდებენ და იკარდიც ერთ-ერთი მათგანია. მაურო არგენტინელია, ან გნებავთ, არგენტინაში დაბადებულ-გაზრდილი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ სწორედ ისტორიული სამშობლოს ღირსება უნდა დაიცვას და "აძურაში" ითამაშოს.
რთული სათქმელია, როგორი იქნებოდა მისი არჩევანი, არგენტინის ნაკრებიდანაც რომ ჰქონოდა მიწვევა, მაგრამ ამას უკვე აღარ აქვს არსებითი მნიშვნელობა.
გასულ უქმეებზე იკარდიმ მთელი საფეხბურთო იტალია აალაპარაკა, რადგან "პესკარას" ერთბაშად ოთხი გოლი გაუტანა. სერია A-ში პოკერი ნამდვილად არაა სახუმარო ამბავი და მით უმეტეს, ამ ასაკში.
ამბობენ, რომ მაუროთი უკვე დაინტერესდნენ კალჩოს გრანდები, თუმცა დღეს ის "სამპდორიას" ვარსკვლავია. იკარდი უდავოდ ტურის გმირია...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სერია A. XXII ტური: დაიძაბა, თან როგორ... [VIDEO]