კალჩოს ტრანსფერები ფანჯრის დახურვამდე

AutoSharing Option
სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და გუნდებმაც ფორმირება დაასრულეს. ყველაზე ხმაურიანი ამბავი უდავოდ მარიო ბალოტელის "მილანში" გადაბარგებაა, თუმცა ამ თემაზე შეჩერებას აღარ ვაპირებთ. 31 დეკემბრის ბოლო საათებში რამდენიმე საინტერესო ამბავი მოხდა და სწორედ ამაზე გავამახვილებთ ყურადღებას...

"ინტერმა" საწადელი აისრულა და 23 წლის ნახევარმცველი ესეკილ სკელოტო გადაიბირა - არგენტინული წარმოშობის კიდევ ერთი იტალიელი, რომელმაც ბერგამოს "ატალანტაში" ასპარეზობით გაითქვა სახელი და "სკუადრა აძურას" კანდიდატად ითვლება. სკელოტომ მოკლე კომენტარი გააკეთა:

"მილანიდან შეთავაზება მივიღე, რომელზეც უარს უბრალოდ ვერ ვიტყოდი. "ინტერი" მსოფლიო ფეხბურთის გრანდია და ამ გუნდში
თამაში ჩემთვის კარიერის სრულიად ახალი ეტაპია. ვფიქრობ, მომდევნო სეზონში "ნერაძურისთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაში ვითამაშებ".

სკელოტო "ინტერში" ითამაშებს, სამაგიეროდ, "ატალანტაში" მარკო ლივაია გაირჯება. 19 წლის ხორვატი ფორვარდი "ნერაძურის’ სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა და უფრო დაბალი დონის გუნდში გადასვლა მისთვისაც მისწრება უნდა იყოს.

სიახლე მეორე მილანური გრანდიდანაც გვაქვს - ზედ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, "როსონერი" ურბი ემანუელსონმა დატოვა და იჯარის წესით ინგლისურ "ფულჰემში" გადაბარგდა. 26 წლის შემტევი ნახევარმცველი "მილანს" ვერაფრით მოერგო და დიდია შანსი, ზაფხულში ინგლისურ გუნდთან სრულფასოვანი ხელშეკრულება გააფორმოს.

"ფულჰემში" უნდოდა გადასვლა "რომას" კიპერ მარტინ სტეკელენბურგსაც, მაგრამ საწადელი ვერ აისრულა. "ჯალოროსის" მესვეურებმა 30 წლის მეკარის გასხვისებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს. მარტინმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი სურვილი სწორედ ინგლისში გადაბარგება იყო. ეს კიდევ ერთი უკმაყოფილების მესიჯია, რომელიც ჰოლანდიელმა ზდენეკ ზემანს გაუგზავნა.

საინტერესო სიახლე აქვთ ფლორენციაში, სადაც 28 წლის ნახევარმცველი მომო სისოკო გადაბარგდა. ფრანგი შუახაზელი ბოლო ორი წელი პსჟ-ში ასპარეზობდა, იქამდე კი "იუვენტუსის" ღირსებას იცავდა. "ვიოლას" ნახევარდაცვაში ისედაც არ უჭირდა და სისოკოს ტრანსფერით კიდევ უფრო გაძლიერდა. ხელშეკრულება საიჯარო იქნება და როგორც ასეთ დროს ხდება, ტოსკანელები გამოსყიდვის უფლებას იტოვებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მარიო ბალოტელის მოკრძალებული წარდგენა "მილანში"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული